პირველი ქალი მწვერვალზე

AutoSharing Option
თავისი 69-ე დაბადების დღის წინ შვეიცარიელმა პეტერ ზაუბერმა გუნდის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გადააბარა "ზაუბერის" აღმასრულებელ დირექტორს მონიშა კალტენბორნს.

ამასთან, ზაუბერი დარჩება კომპანიის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტად.

"ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ მონიშა სათავეში ჩაუდგებოდა გუნდს, მაგრამ თარიღი არ დაგვისახელებია.

ვფიქრობ, ახლა შესაბამისი მომენტია უფლებამოსილების გადაბარებისთვის, რადგან ვერ დავესწარი რამდენიმე რბოლას, მათ შორის, იაპონურს, სადაც გუნდმა შესანიშნავად გაართვა თავი სამუშაოს.

ეჭვი არ მეპარება, მონიშას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ გუნდის დიადი ხელმძღვანელი გახდეს და თან საჯინიბოს თავისი ფილოსოფია შეუნარჩუნოს - ჩემთვის ამას
დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს პეტერ ზაუბერი.

"სერიოზულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თითქმის 40 წლის წინ პეტერ ზაუბერმა დააარსა გუნდი და გაზაფხულზე შესრულდება 20 წელი მას შემდეგ, რაც "ზაუბერის" მანქანა გამოდის ფორმულა 1-ის ეტაპებზე.

ჩვენ ასაკით მეოთხე გუნდი ვართ მოქმედ საჯინიბოებს შორის. შექმნა ასეთი პროექტი და შეინარჩუნო მისი კონკურენტუნარიანობა - ძალიან რთულია, მაგრამ მე მაღალი მიზნები მაქვს და მზად ვარ, გუნდს წინ გავუძღვე, როგორც ამას პეტერ ზაუბერი აკეთებდა", - განაცხადა "ზაუბერის" ახალმა შეფმა.

მონიშა კალტენბორნი პირველი ქალია ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელიც "სამეფო რბოლების" გუნდს უხელმძღვანელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული