ყველა ეტაპი ომია - კორეის გრანპრიზე ყველაფერი თავიდან იწყება

AutoSharing Option
მსოფლიოს 63-ე ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპია დარჩენილი. თითოეული რბოლა, როგორც გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი ფერნანდო ალონსო ამბობს, ცალკე ჩემპიონატად შეიძლება განვიხილოთ.

და თითოეული ბევრად განსაზღვრავს მთავარი ტიტულისთვის ბრძოლის ბედს. ამიტომაც, ყოველი დარჩენილი ეტაპის ფასი უკიდურესად მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ალონსოს მთავარმა კონკურენტმა - სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მოიგო ბოლო ორი რბოლა და ესპანელთან ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანა, ესპანელი მაინც თავდაჯერებულია.

სხვანაირად არც იქნებოდა, რადგან ფერნანდოს სხვებისგან განასხვავებს ყველაზე სტრესულ სიტუაციაში აბსოლუტური სიმშვიდის შენარჩუნება.

"დიახ, "რედ ბული" (და არა მარტო ის) უსწრებს "ფერარის"
იმაში, რასაც ჰქვია ტექნიკის დახვეწა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო ეტაპის ბოლო მეტრებამდე ვიბრძოლებ უმაღლესი ტიტულისთვის,
- განაცხადა კორეაში ჩასვლის შემდეგ ალონსომ. - მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ბაზებიდან ძალიან შორს არიან, "მაკლარენი", "რედ ბული", "მერსედესი", და "ლოტუსი" ახერხებენ მანქანის დახვეწას, "ფერარი" კი ფაქტობრივად იმით მივა ფინიშთან, რითაც ევროპა დატოვა.

მაგრამ მოდით ნუ დავივიწყებთ: თუ მე ჯერ ისევ ლიდერი ვარ, ძირითადად იმის ხარჯზე, რომ ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, შევძელით მანქანის გაუმჯობესება წლის დასაწყისთან შედარებით და შეგვიძლია ბოლიდისგან მაქსიმუმის მიღება.

ამ სეზონში ჩვენთვის საჩუქარი არავის გაუკეთებია, პირიქით - გაიხსენეთ სპა და სუზუკა... მაგრამ ფაქტია, რომ მე ისევ ლიდერი ვარ, რაც არა ჯადოქრობის, არამედ უდიდესი და უმძიმესი მუშაობის შედეგია. თანაც, მთელი გუნდის.

ასეა მოწყობილი დღევანდელი ფორმულა 1 - ვიგებთ და ვაგებთ ერთად. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენტთა პროგრესის მიუხედავად, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ"
.

ფეტელი მომენტის გაშვებას არ აპირებს
ასევე საბრძოლოდ არის განწყობილი ალონსოს მთავარი ოპონენტი "რედ ბულიდან" - სებასტიან ფეტელი, რომელიც ბოლო ორი ეტაპის შემდეგ ისევ დაბრუნდა საჩემპიონო რბოლაში და ფაქტობრივად, ფერნანდოს ერთადერთ და ყველაზე სახიფათო კონკურენტად იქცა.

ფეტელს აქვს შანსი გაიმეოროს ხუან მანულ ფანხიოსა და მიხაელ შუმახერის ისტორიული შედეგი - ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული. ამიტომაც, გერმანელი დიდი ამბიციებით არის ჩასული კორეაში.

"ვერ ვხედათ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა გავაგრძელო სინგაპურში დაწყებული საქმე, - განაცხადა ფეტელმა. - ორი ძლიერი ბრძოლა ჩავატარეთ, აქ კარგ ხასიათზე ჩამოვედით, ასე რომ, შევეცდებით ხელიდან არ გავუშვათ მომენტი და მოგებათა სერია სამამდე ავიყვანოთ.

ეს ტრასა ერგება "რედ ბულის
" მანქანებს, აქ ჩვენ წარმატებისთვის მიგვიღწევია, ასე რომ, პესიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ. თუმცა მიმდინარე სეზონში წინასწარ რამის თქმა არ შეიძლება, ვერავინ გაექცა ჩავარდნის მომენტს, პელოტონში რამდენიმე მანქანაა, რომელსაც გამარჯვება შეუძლია.

ასე რომ, მომავალ რბოლაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ"
.

* * *
12 ოქტომბერს, კორეის გრანპრი ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო. პირველი ვარჯიშის დასაწყისში ლიდერობა ძალიან სწრაფად მოიპოვა ფერნანდო ალონსომ - მისი დრო სხვებზე წამით მეტი იყო, მაგრამ თანდათან, სხვა პილოტები მიუახლოვდნენ სეზონის ლიდერს, შემდეგ კი ლუის ჰემილტონმა წინ გასვლა შეძლო.

უფრო მეტიც, ბოლოსკენ, ბრიტანელმა უფრო მოუმატა და საბოლოოდ, ალონსოს 0.3 წამი მოუგო. ლუისის დრო იყო - 1:39.148.

რაც შეეხება მეორე სესიას, აქ "რედ ბულის" პილოტები დომინირებდნენ - მხოლოდ სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა შეძლეს 1:39-დან გამოსვლა. სებამ 1:38.832 აჩვენა და თანაგუნდელს სულ ცოტა მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული