ამ მომენტისთვის ტიტულის მოპოვების შანსი ექვს პილოტს - სებასტიან ფეტელს, ფერნანდო ალონსოს, კიმი რაიკონენს, ლუის ჰემილტონს, მარკ უებერსა და ჯენსონ ბატონს აქვს. ბრიტანულმა ჟურნალმა "ავტოსპორტმა" გააანალიზა პირობები, რომლის მიხედვითაც ამ ექვსეულს შეუძლია ჩემპიონობის მოგება.
საერთო ჩათვლის ლიდერს სებასტიან ფეტელს ოთხიდან სამი რბოლის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ გაინაღდოს ჩემპიონობა. ამ შემთხვევაში, გერმანელისთვის საინტერესო აღარ იქნება მისი კონკურენტების შედეგები - მეოთხე რბოლაში სებას შეუძლია საერთოდ არ მივიდეს ფინიშამდე. გერმანელის გაჩემპიონების კიდევ ერთ
ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობისთვის ასევე სჭირდება სამი რბოლის მოგება, მაგრამ ამასთან, მეოთხეში მან არ უნდა დაიკავოს ადგილი მეხუთე ადგილზე ქვემოთ.
კიმი რაიკონენმა უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი რბოლა. ამასთან, ფეტელი მხოლოდ ერთხელ უნდა ავიდეს პოდიუმის ყველაზე დაბალ საფეხურზე, დანარჩენ რბოლებში - არ უნდა ავიდეს მეოთხე ადგილზე ზემოთ. ალონსო კი არ უნდა მივიდეს ფინიშზე მესამე ადგილზე ზემოთ სამ რბოლაში და მეოთხეზე ზემოთ - მეოთხეში.
ლუის ჰემილტონსაც ასევე ოთხივე რბოლის მოგება სჭირდება, მაგრამ ამასთან, ფეტელი არ უნდა ავიდეს სამ რბოლაში მეხუთე ადგილზე ზემოთ და ერთ რბოლაში - მეექვსეზე ზემოთ. ალონსოს კი შეუძლია ორი რბოლა დაასრულოს მეოთხე პოზიციაზე და ორი - მეხუთეზე.
მარკ უებერს, პრაქტიკულად, ჰემილტონის ანალოგიური სიტუაცია აქვს - მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფეტელმა და ალონსომ რომელიმე ეტაპზე ერთით მეტი ქულა უნდა დაკარგონ.
ყველაზე რთული სიტუაცია ჯენსონ ბატონს აქვს. ბუნებრივია, ბრიტანელმა უნდა მოიგოს ოთხივე რბოლა.
ამასთან: ფეტელმა არ უნდა დაიკავოს მერვე ადგილზე მაღალი პოზიცია; ალონსო - სამჯერ მეშვიდე ადგილზე ზემოთ არ უნდა ავიდეს და ერთხელ - მერვეზე; რაიკონენმა შეიძლება ერთხელ დაიკავოს მესამე ადგილი და სამჯერ - მინიმუმ მეოთხე; თუ ბატონი ოთხივე რბოლას მოიგებს, არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგებს აჩვენებენ ჰემილტონი და უებერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"