სტატისტიკის მიხედვით, გერმანელის "მეორე" კარიერა არც ისე წარმატებული გამოვიდა, ვიდრე პირველი, მაგრამ Gazzetta dello Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში შუმახერმა განაცხადა, რომ არაფერს ნანობს.
- მიხაელ, სრულდება თქვენი "მეორე" კარიერა ფორმულა 1-ში. ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილი სხვა სარბოლო სერიაში გადასვლა?
- არა, ჩემს გეგმებში ასეთი რამ არ არის. დაძაბულობის, სისწრაფისა და თვითრეალიზების მხრივ,
- და ნანობთ ამის გამო?
- არა. უკან ვიხედები და ვიხსენებ ძველ დროს, საკუთარ თავს ბედნიერ ადამიანს ვუწოდებ და ვაგრძელებ ღიმილს. ორი სრულიად განსხვავებული კარიერა მქონდა: ერთში ყველაფერს ზედიზედ ვიგებდი, მეორეში კი გავიგე - რა არის დამარცხება. დიახ, მე ვისწავლე წაგება. მაგრამ, ამის წყალობით, უფრო დავიხვეწე და მომთმენი გავხდი. ეს, ალბათ, ასაკთან არის დაკავშირებული.
დღეს მე გლობალურად ვაფასებ საკუთარ მიღწევებს და შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ.
- რატომ არ ჩაუდგებით სათავეში ფორმულა 1-ის გუნდს?
- არ ვფიქრობ, რომ ეს როლი მომერგება.
- ვინ მიგაჩნიათ ფავორიტად ტიტულისთვის ბრძოლაში: სებასტიან ფეტელი თუ ფერნანდო ალონსო?
- ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ფერნანდო - შესანიშნავი პილოტია, ბრწყინვალედ წარმართავს ბრძოლას ტრასაზე. გარდა ამისა, "ფერარიში" ბევრი მეგობარი დამრჩა, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ მყავს კიდევ ერთი მეგობარი, რომელსაც სებასტიანი ჰქვია. ვნახოთ...
- ამასობაში, "ფერარიმ" დაადასტურა, რომ ფელიპე მასა კიდევ ერთი წლით დარჩება "ფერარიში"...
- ძალიან მოხარული ვარ ამის გამო. მან ეს დაიმსახურა. ეს სეზონი მისთვის წარუმატებლად ვითარდება. იმედია, მომდევნო წელს გამოიყენებს ნებისმიერ შესაძლებლობას რევანშის ასაღებად. მასა - კარგი ადამიანი და სწრაფი პილოტია.
- დადის ჭორები, რომ 2014 წელს სებასტიან ფეტელი "ფერარიში" გადავა, სადაც ფერნანდო ალონსოს პარტნიორი გახდება. რას ფიქრობთ ასეთი ძლიერი წყვილის შესახებ?
- ამის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. მიმაჩნია, რომ ყველა გრძნობს ახალი გამოწვევის აუცილებლობას და ასეთი რამ მეც არაერთხელ დამმართნია. სწორედ ასეთ სიტუაციაში იქნება სებასტიანიც, თუ მიიღებს იტალიური გუნდის წინადადებას.
- ვილაპარაკოთ თქვენს რბოლებზე. რომელი მომენტია თქვენს კარიერაში საუკეთესო?
- პირველი ტიტული "ფერარისთან" ერთად, რომელიც 2000 წელს მოვიგე. ეს გუნდი დიდი ხანი ვერ იმარჯვებდა და დღემდე მახსოვს ის ემოცია, რომელიც იმ მომენტში ვიგრძენი. ტიტული - ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ ყოფილა, არამედ მთელი გუნდის მუშაობის შედეგი. ფანტატისკური მიღწევა იყო!
- რას ნიშნავს - იყო მრავალრიცხოვანი რეკორდების მფლობელი?
- ყველა ლაპარაკობს ჩემზე, როგორც ლეგენდაზე. მირჩევნია მიწოდონ მებრძოლი, რომელიც არასოდეს ნებდება.
- რაშია თქვენი წარმატებული კარიერის საიდუმლო?
- საიდუმლო (თუმცა ამას არ შეიძლება საიდუმლო ვუწოდოთ) მდგომარეობს საქმისადმი სიყვარულში, მოტივაციაში, ენერგიაში და დისციპლინაში. ეს ყველაფერი მოგების საშუალებას გაძლევს.
- გიფიქრიათ იმაზე, რომ ბოლო გრანპრის შემდეგ, ეს სამყარო თქვენთვის დაიხურება? ამის გამო რა გრძნობა გეუფლებათ?
- ამოვისუნთქე. არაფერს ვნანობ - მოხარული იმის გამო, რასაც მივაღწიე. გარდა ამისა, ცხოვრება რბოლების გარეშე ბევრ ახალ შესაძლებლობას მომცემს, რასაც მოუთმენლად ველოდები.
- თქვენ საათების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის სახე ხართ. საათს რბოლის დროსაც არ იხსნით?
- ეს არასოდეს გამიკეთებია. ერთხელ ჟან ალეზი მიყვებოდა, რომ ერთ-ერთი რბოლის დროს მაჯა მოიტეხა ავარიაში იმის გამო, საათი არ მოიხსნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"