პირველმა ვარჯიშმა აჩვენა, რომ არც ერთ გუნდს არ ჰქონდა აშკარა უპირატესობა. საათნახევრიანი სესიის განმავლობაში, ლიდერი ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა, საბოლოოდ, საუკეთესო დრო რბოლის შარშანდელ გამარჯვებულს სებასტიან ფეტელს ჰქონდა - 1:27,619. მისი კონკურენტები "მაკლარენიდან" და "ფერარიდან" საკმაოდ ახლოს იყვნენ ჩემპიონატის ლიდერთან.
ვარჯიშის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მასში მონაწილეობას ვერ მიიღებდა მექსიკელი სერხიო პერესი. ამიტომაც, მისი ადგილი "ზაუბერის" ბოლიდში ასევე მექსიკელმა ესტებან გუტიერესმა დაიკავა. სწორედ ეს ახალგაზრდა პილოტი გახდა ყველაზე სახიფათო
სხვა მხრივ, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. რაღაც მომენტში ჯენსონ ბატონი ყველას 2.5 წამით უსწრებდა, მაგრამ ტემპი მუდმივად იზრდებოდა და კონკურენტებმა შეძლეს ბრიტანელის დაწევა. შემდეგ, ფეტელსა და ფერნანდო ალონსოს ზუსტად ერთნაირი დრო ჰქონდათ. მოგვიანებით, მათ შორის ბატონი ჩადგა, ალონსომ კი მხოლოდ 2 მეათასედით გაუსწრო ჰემილტონს.
უნდა აღვნიშნოთ ორი რეზერვისტის კარგი ტემპი - ვალტერი ბოტასმა "უილიამსში" თანაგუნდელ პასტორ მალდონადოს გაუსწრო, გიდო ვან დერ გარდემ კი თითქმის არაფერი დაუთმო "კატერჰემში" ვიტალი პეტროვს.
* * *
მეორე სესიის დაწყებიდან 20 წუთი იყო გასული, როცა ფელიპე მასა გადავარდა ტრასიდან - ის მე-11 მოსახვევში მოცურდა, თუმცა მანქანა სერიოზულად არ დაზიანებულა. რამდენიმე წუთში, იმავე ადგილას რომენ გროსჟანი მოსრიალდა, ორი წუთში კი მესამე მოსახვევში არ გაუმართლა ბრუნო სენას... ტრასის მდგომარეობას სანიმუშო ნამდვილად არ ეთქმოდა.
სესიის დასრულებამდე 40 წუთით ადრე, მასა ისევ ტრასის მიღმა აღმოჩნდა. ამჯერად, მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და ბრაზილიელს ბოქსებში დაბრუნება მოუწია.
ისევე, როგორც დილის ვარჯიშზე, ოქმს სათავეში ფეტელი ჩაუდგა, რომელმაც საუკეთესო დრო (1:26.221) რბილი საბურავით მოკლე წრეების სერიისას აჩვენა. წამზე ნაკლები წააგო გერმანელთან ექვსმა პილოტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"