ფორმულა 1. ინდოეთის გრანპრი: სებასტიან ფეტელს ვერავინ ეწევა

AutoSharing Option
სეზონის დასკვნით ნაწილში გრძელდება "რედ ბულის" დომინირება. ინდოეთის ეტაპის წინ სებასტიან ფეტელმა ზედიზედ სამი რბოლა მოიგო და დელიში გენერალური კლასიფიკაციის ლიდერის რანგში ჩავიდა.

მთელი უქმეების განმავლობაში გერმანელი პირველ ადგილს იკავებდა - მოიგო სამივე თავისუფალი პრაქტიკა, კვალიფიკაცია და რბოლა.

28 ოქტომბერს, სტარტის ნიშანთან ერთად, "რედ ბულისა" და "მაკლარენის" წყვილებმა თითქმის იდეალური სტარტი აიღეს, მაგრამ პირველი მოსახვევების შემდეგ სწორ მონაკვეთზე ფერნანდო ალონსო შეებრძოლა "მაკლარენებს" და ლუის ჰემილტონის ჩამოტოვება მოახერხა.

პირველი წრის შემდეგ ფეტელი უკვე 1.2 წამს უგებდა უებერს. შემდეგ მოდიოდა ჯენსონ ბატონი,
მის უკან კი მჭიდრო ჯგუფად მოძრაობდნენ ალონსო, ჰემილტონი, მასა, რაიკონენი და პერესი.

სტარტზე არ გაუმართლა მიხაელ შუმახერს: პირველ მოსახვევში ვერნმა წინა ანტიფრთით დააზიანა "მერსედესის" უკანა მარჯვენა საბურავი. შვიდგზის ჩემპიონმა წუთნახევარი დაკარგა ბოქსებში შესვლის გამო.

მეოთხე წრეზე ალონსომ DRS-ის სისტემა გამოიყენა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბატონს გაუსწრო. ორი წრის შემდეგ ჯენსონი ჰემილტონმაც ჩამოიტოვა უკან. ამ მომენტისთვის "რედ ბულის" პილოტები უკვე ოთხი წამით უგებდნენ დანარჩენ პელოტონს. ამასთან, ალონსოს ტემპი პირველ წრეებზე გაცილებით სწრაფი იყო "მაკლარენების" ტემპზე - ესპანელი თითო წრეზე წამნახევარს უგებდა ბრიტანელებს.

პირველი პიტსტოპების შემდეგ წინ ბრძოლა პრაქტიკულად შეწყდა. ფეტელი უებერს ხუთ წამზე მეტით დაშორდა, ალონსო კი ავსტრალიელთან ოთხ წამს აგებდა. თავის მხრივ, ჰემილტონი ცხრა წამით იყო ჩამოშორებული ესპანელს. რბოლას ინტერესი შემატა კიმი რაიკონენმა, რომელიც მეექვსე ადგილზე მყოფ ფელიპე მასას ავიწროებდა. თანაგუნდელს არ ჩამორჩებოდა რომენ გროსჟანი, რომელიც ნიკო როსბერგზე წარმატებული შეტევის შემდეგ მეცხრე ადგილზე გადავიდა.

სიტუაცია 34-ე წრისთვის შეიცვალა, როცა სხვაობა უებერსა და ალონსოს შორის საერთოდ გაქრა - "ფერარი" უკანა ანტიფრთაზე დააჯდა "რედ ბულს", მაგრამ საბურავების გახურების შემდეგ ავსტრალიელმა ტემპი გაზარდა და ესპანელს ისევ დაშორდა.

ამ წყვილს რვა წამით ჩამორჩებოდა ჰემილტონი, რომელიც უკვე ცხრა წამს უგებდა ბატონს.

როცა ფინიშამდე 18 წრე რჩებოდა, უებერსა და ალონსოს შორის სხვაობა ორ წამს შეადგენდა, სამი წრის შემდეგ კი მარკის მანქანაზე KERS-ის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან, რისი წყალობითაც ალონსო ისევ დაეწია უებერს.

ესპანელს მხოლოდ სამი წრე დასჭირდა იმისთვის, რომ შეტევა მოემზადებინა და DRS-ის ზონაში განეხორციელებინა გასწრება. იმ მომენტისთვის ალონსოს წინ მხოლოდ სებასტიან ფეტელი რჩებოდა, მაგრამ გერმანელს კომფორტული 12-წამიანი უპირატესობა ჰქონდა.

ტრასაზე სხვა საინტერესო არაფერი მომხდარა და სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეორედ მოიგო ინდოეთის გრანპრი, კარიერაში კი 26-ე გამარჯვება იზეიმა. თან, გერმანელი ზედიზედ მეოთხე რბოლაში მივიდა პირველ ადგილზე.

მეორეადგილოსანმა ალონსომ ბოლო ხუთ რბოლაში მეოთხე პოდიუმი მოიპოვა. ამ პილოტებს შორის სხვაობა გენერალურ კლასიფიკაციაში 13 ქულამდე გაიზარდა, კიმი რაიკონენი კი უკვე 67 ქულით ჩამორჩა ფეტელს.

კარგავს ინტრიგას კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლა - "რედ ბულმა" უკვე 91 ქულით ჩამოიტოვა უკან "ფერარი". თავის მხრივ, "მაკლარენი" "სკუდერიასთან" ათ ქულას აგებს.

ინდოეთის გრანპრი. XVII ეტაპი
დელი (60 წრე, 307.249 კმ)
1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:31.10,744 (1 პიტსტოპი)
2(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +9,437 (1)
3(1). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +13,217 (1)
4(3). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +13,909 (1)
5(11). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +26,266 (1)
6(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +44,674 (1)
7(5). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +45,227 (1)
8(8). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდიან, გერმანია) +54,998 (1)
9(7). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +56,103 (1)
10(17). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +1.14,975 (1)
11(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.21:694 (1)
12(14). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.22,815 (1)
13(21). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.26,064 (1)
14(13). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.26,495 (1)
15(16). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე (2)
16(15). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე (2)
17(18). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (1)
18(19). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (1)
19(24). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (1)
20(20). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 2 წრე (1)
21(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 2 წრე (1)
22(10). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 5 წრე (3)
23(22). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 18 წრე
24(12). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 40 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 240 (5 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 227 (3); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 173; 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 167 (2); 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 165 (3); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 141 (2); 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 93 (1); 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 90; 9. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 89; 10. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 66; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 50; 12. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 49; 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 44; 13. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 43; 15. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 33 (1); 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 26; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 12; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 9.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 407; 2. ფერარი - 316; 3. მაკლარენი - 306; 4. ლოტუსი - 263; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერი - 116; 7. ფორს ინდია - 93; 8. უილიამსი - 59; 9. ტორო როსო - 21.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული