"ტორო როსოს" პილოტთა წყვილი უცვლელი დარჩება

AutoSharing Option
თანდათან იკვეთება მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა შემადგენლობა.

1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლისთვის უცვლელი დარჩება "ტორო როსოს" პილოტთა წყვილი - ამ გუნდის ღირსებას დაიცავენ ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი და ავსტრალიელი დანიელ რიკარდო. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა იტალიური საჯინიბოს ხელმძღვანელობამ.

"ორივე პილოტი კარგად უძღვება სამუშაოს. დანიელს ჩვენთან მოსვლამდე გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, რაც გუნდისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა; ჟან-ერიკს კი ადაპტირება მოუწია, რადგან ხშირად მისთვის უცნობ ტრასებზე გამოდიოდა.

საზაფხულო შესვენების შემდეგ ორივე პილოტმა უფრო მეტი ქულა მოიპოვა, ვიდრე სეზონის პირველ ნაწილში და
გუნდის ყველა წევრი მოხიბლული იყო ინჟინრებთან მათი მუშაობის პროფესიონალიზმითა და ტრასაზე ოსტატობით. უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ 2013 წელს უფრო კონკურენტუნარიანი ბოლიდი შევთავაზოთ", - ამბობს "ტორო როსოს" შეფი ფრანც ტოსტი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვერნის ანგარიშზეა 12 ქულა, რიკარდოს მონაგარი კი ცხრა ქულას უდრის.

* * *
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში, რომელთა მიზანია საფრანგეთის გრანპრის კალენდარში დაბრუნება.

უახლოეს უქმეებზე ლეგენდარული ფრანგი პილოტი აბუ დაბიში ჩავა იქაურ გრანპრიზე დასასწრებად და ბერნი ექლსტოუნს შეხვდება მომავალ წელს, საფრანგეთის გრანპრის ჩატარების პერსპექტივის განსახილველად. ფრანგულმა რბოლამ უნდა შეცვალოს ნიუ ჯერსის გრანპრი, რომელიც 2014 წლისთვის გადაიტანეს.

პროსტისა და ექლსტოუნის შეხვედრა შაბათს არის დაგეგმილი. ბერნიმ უკვე განაცხადა, რომ მზად არის საფრანგეთის გრანპრის ორგანიზატორებთან კონტრაქტის გაფორმებაზე, მაგრამ გასარკვევია, რომელ ტრასაზე ჩატარდება რბოლა.

* * *
უახლოეს უქმეებზე გაიმართება აბუ დაბის გრანპრი, რომელზეც "რედ ბულს" შეუძლია გაინაღდოს პირველობა კონსტრუქტორთა თასზე, მაგრამ მომავალი რბოლის მთავარი ინტრიგაა სებასტიან ფეტელისა და ფერნანდო ალონსოს დაპირისპირება.

გარკვეული დროის შემდეგ რომელიმე მათგანი აუცილებლად გახდება მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და გაუთანაბრდება ისეთ დიად პილოტებს, როგორებიც არიან - ჯეკ ბრებემი, ჯეკი სტიუარტი, ნიკი ლაუდა, ნელსონ პიკე და აირტონ სენა.

აბუ დაბის გრანპრი
ჩატარების ადგილი - იას-მარინა, საემიროები
წრის სიგრძე - 5 554 მ
საუკეთესო წრე - 1:40,279 (ფეტელი, 2009)
საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 240
2. ალონსო (ფერარი) - 227
3. რაიკონენი (ლოტუსი) - 173
4. უებერი (რედ ბული) - 167
5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 165
6. ბატონი (მაკლარენი) - 141
7. როსბერგი (მერსედესი) - 93
8. გროსჟანი (ლოტუსი) - 90

განრიგი
2 ნოემბერი, 12:00 - I პრაქტიკა
2 ნოემბერი, 16:00 - II პრაქტიკა
3 ნოემბერი, 13:00 - III პრაქტიკა
3 ნოემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
4 ნოემბერი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული