აბუ დაბის გრანპრი: მაკლარენი-რედ ბული: 1:1

AutoSharing Option
2 ნოემბერს, აბუ დაბიში, იას-მარინას ტრასაზე დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატის მე-18 უქმეები - აბუ დაბის გრანპრი. გაიმართა ორი თავისუფალი პრაქტიკა.

პირველი ვარჯიშის დროს, ხუთმა გუნდმა ანდო თავისი ბოლიდის საჭე სარეზერვო პილოტებს: HRT-ში კართიკეიანი შეცვალა ჩინელმა მა ცინ ჰუამ, "მარუსიაში" შარლ პიკის ნაცვლად ვიხილეთ ფორმულა 1-ის დებიუტანტი მაქს ჩილტონი, "უილიამსში" სენას ნაცვლად ვალტერი ბოტასი, "კატერჰემში" პეტროვის ნაცვლად ვან დერ გარდე და "ფორს ინდიაში" დი რესტას ნაცვლად - ბიანკი.

ბევრმა გუნდმა აბუ დაბიში განახლებული ბოლიდები ჩაიყვანა - შემდეგ წელს, რეგლამენტი თითქმის არ შეიცვლება,
ამიტომაც მიდიოდა მუშაობა წლევანდელი და მომავალი სეზონებისთვის განკუთვნილ ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე.

სესიამ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა - აბუ დაბიში უსაფრთხოების ფართო ზონებია და პილოტთა მცირე შეცდომებს მანქანების დაზიანება არ გამოუწვევია. საუკეთესო წრე "მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა გაიარა - 1:43.285.

* * *
მეორე სესიაში პილოტები და გუნდები აგრძელებდნენ მზადებას მომავალი გრანპრისთვის - აზუსტებდნენ სარბოლო მახასიათებლებს და ადარებდნენ "პირელის" საბურავების ორი შემადგენლობის ეფექტურობას.

იტალიურმა კომპანიამ ამ სეზონში მეშვიდედ და უკანასკნელად გუნდებს Medium და Soft შესთავაზა.

ვარჯიში დღის სინათლეზე დაიწყო და ხელოვნური განათების ქვეშ დასრულდა - სწორედ ასეთ რეჟიმში ჩაივლის კვალიფიკაცია და რბოლა.

ამჯერად, წრეზე საუკეთესო დრო "რედ ბულის" პილოტმა და ჩემპიონატის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა - 1:41.751.

პირველ რვა ადგილზე საუკეთესო ოთხი გუნდის პილოტები ვიხილეთ, ასე რომ, წინ დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

* * *
"მერსედესის" პილოტი მიხაელ შუმახერი, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, გერმანულ საჯინიბოსთან გააგრძელებს თანამშრომლობას", - წერს გაზეთი "ბილდი".

ჯერჯერობით არ იტყობინებიან, რა როლი ექნება "მერსედესში" მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს.

"მერსედესთან" თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა არსებობს. ყველა ვარიანტს გუნდის ხელმძღვანელობასთან სეზონის დასრულების შემდეგ განვიხილავ", - აღნიშნა შუმახერმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული