კვალიფიკაცია
ფეტელი აბუ დაბიში ლიდერის რანგში ჩავიდა - ის 13 ქულით უსწრებდა ფერნანდო ალონსოს. შაბათს კვალიფიკაციაში გერმანელმა მესამე დრო აჩვენა, ესპანელმა - მხოლოდ მეშვიდე, მაგრამ საკვალიფიკაციოს დასრულების შემდეგ "რენოს" ძრავის მექანიკოსებმა ფეტელს ტრასაზე მანქანის გაჩერება სთხოვეს საწვავის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის გამო.
მოგვიანებით მისი ბოლიდის ავზიდან მხოლოდ 850 მილიგრამი საწვავის
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ აბუ დაბის სტიუარდებმა ამოშალეს ფეტელი კვალიფიკაციის ოქმიდან, მაგრამ სტარტზე მაინც დაუშვეს.
იმის გამო, რომ სებასტიანს ბოლო ადგილიდან უწევდა სტარტის აღება, "რედ ბულში" გადაწყვიტეს დაკიდებისა და გადაცემათა კოლოფის შეცვლა, რათა მეორე დღეს გერმანელს იოლად შეტევის საშუალება ჰქონოდა. ამ ცვლილებების გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ლიდერს პიტლეინიდან მოუწია სტარტის აღება.
პოულიდან დაიწყო რბოლა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო კვალიფიკაცია. მასთან ერთად, პირველ რიგიდან აიღო სტარტი მარკ უებერმა, მეორე რიგში იდგნენ მალდონადო და რაიკონენი, მესამეში - ბატონი და ალონსო.
რბოლა
ჰემილტონმა იდეალური სტარტი აიღო და პელოტონს ჩაუდგა სათავეში. მეორე და მესამე ადგილებზე გადავიდნენ რაიკონენი და მალდონადო. უებერი მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც მან ალონსოც გაუშვა წინ.
მეექვსე ადგილზე ჩამოვარდა ბატონი. ინგლისელის უკან მოძრაობდნენ მასა, კობაიაში, პერესი და შუმახერი.
პირველივე მოსახვევში მოხდა ავარია, რის შემდეგაც ბრძოლას გამოეთიშა ნიკო ჰილკენბერგი.
მეოთხე წრისთვის ჰემილტონი ორწამნახევრით დაშორდა რაიკონენს. რაც შეეხება ფეტელს, მან ბოლოდან მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლა.
მეცხრე წრეზე სერიოზულ ავარიაში მოხვდა ნიკო როსბერგი. გერმანელი პირველ წრეზე მომხდარი ინციდენტის გამო პელოტონის ბოლოში მოექცა. ის დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობდა, როცა დიდი სიჩქარით უკნიდან შეეჯახა კართიკეიანს. ტრასაზე ორივე ბოლიდის ნამსხვრევები მიმოიფანტა და მსაჯებმა ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა შეუშვეს.
უსაფრთხოების რეჟიმში მოძრაობისას რიკარდომ მოულოდნელად დაამუხრუჭა. იმ მომენტში მის უკან ფეტელი აღმოჩნდა და ინციდენტის გამო "რედ ბულის" ბოლიდის წინა ანტიფრთა დაზიანდა. ავსტრიული საჯინიბოს ხელმძღვანელებმა ბოქსებში უხმეს გერმანელს "ცხვირის" აღსადგენად.
მე-14 წრის შემდეგ უსაფრთხოების მანქანამ დატოვა ტრასა. ჰემილტონმა მოიგო რესტარტი და ლიდერობა შეინარჩუნა. მის უკან მოძრაობდნენ რაიკონენი და მალდონადო. ალონსომ უებერთან ბრძოლაში მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა. მეექვსეზე იყო ბატონი, შემდეგ მჭიდრო ჯგუფად მოდიოდნენ მასა, პერესი, კობიასი, შუმახერი, რიკარდო და კოვალაინენი. ფეტელმა 21-ე პოზიციიდან აიღო რესტარტი.
მეოცე წრისთვის ჰემილტონის ზღაპარი დასრულდა - "მაკლარენის" ბოლიდი, რომელმაც წინა წრეზე უსწრაფესი წრე დააფიქსირა, ტრასის მიღმა გაჩერდა "ელექტრობის" მწყობრიდან გამოსვლის გამო. პირველი ადგილი რაიკონენს ერგო, რომელიც მდევრებს ოთხ წამს უგებდა.
ამავე მომენტში ალონსომ მალდონადოს გაასწრო და მეორე ადგილი მოიპოვა. ამასობაში ქულათა ზონას უახლოვდებოდა ფეტელი - ის მე-11 ადგილზე იყო.
25-ე წრიდან დაიწყო პიტსტოპების სერია. ლიდერი რაიკონენი 31-ე წრეზე შევიდა ბოქსებში და ტრასაზე ფეტელის წინ დაბრუნდა წამნახევრიანი უპირატესობით. ეს უკანასკნელი არ ჩქარობდა ახალი საბურავებისთვის ბოქსებში შესვლას და ამის ხარჯზე მეორე ადგილზე გადავიდა. სებაზე ექვსი წამით უკან მყოფი ალონსო მესამე ადგილისთვის ებრძოდა ბატონს. მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა გროსჟანი. ათეულს ასრულებდნენ დი რესტა, პერესი, უებერი, მალდონადო და კობაიაში.
37-ე წრეზე ფეტელს მაინც მოუწია პიტ-სტოპის განხორციელება. ჩემპიონატის ლიდერი ტრასაზე მეოთხე ადგილზე დაბრუნდა - 14 წამით ჩამორჩებოდა ბატონს, რომელიც, თავის მხრივ, 1.1 წამს აგებდა ალონსოსთან. რაიკონენის უპირატესობა ესპანელზე კი თითქმის ცხრა წამამდე გაიზარდა, თუმცა ამ მომენტში ტრასაზე მეორედ გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა.
38-ე წრეზე ტრასა ვერ გაიყვეს პერესმა და გროსჟანმა. მექსიკელმა დი რესტასთან ბრძოლაში მოსახვევი "მოჭრა", ტრასაზე დაბრუნებული კი ფრანგის "ლოტუსს" შეეჯახა. მარკ უებერმა, რომელიც ამ ჯგუფის უკან მოძრაობდა, ინციდენტზე რეაგირება ვერ მოასწრო და დამტვრეულ მანქანებს დაეჯახა. უებერმა და გროსჟანმა შეწყვიტეს გამოსვლა.
რესტარტი 43-ე წრეზე შედგა. რაიკონენს ეს პროცედურა NASCAR-ის რბოლებში აქვს ნასწავლი - მან შეაყოვნა პელოტონი და აჩქარება მაშინ დაიწყო, როცა ალონსოს ფინელის მანევრზე რეაგირების შანსი არ ჰქონდა.
ფერნანდოს მიყვებოდა ბატონი, რომელსაც კვალში ედგა ფეტელი.
რაიკონენმა მაშინვე დაიწყო პელოტონზე უპირატესობის გაზრდა, ალონსოს კი სიმძლავრე არ ეყო ბატონზე უპირატესობის გასაზრდელად. თუმცა ინგლისელს ესპანელისთვის არ შეუტევია იმ მიზეზის გამო, რომ თავად უწევდა ფეტელის იერიშების მოგერიება.
გერმანელი დიდი ხანი ავიწროებდა ჯენსონს, მაგრამ გასწრება მხოლოდ 52-ე წრეზე მოახერხა - მე-11 მოსახვევში გარე რადიუსით ჩამოიტოვა უკან "მაკლარენის" პილოტი. ამით ლიდერთა ჯგუფში ბრძოლა დასრულებული იყო. ალონსო ბოლო წრეებზე დაეწია რაიკონენს, მაგრამ შეტევის მომზადებისთვის დრო არ ეყო.
ასე რომ, ფორმულა 1-ში დაბრუნებულმა რაიკონენმა 2008 წლის შემდეგ პირველი რბოლა მოიგო. ალონსომ ბოლო ექვსი რბოლიდან მეხუთედ მოახერხა პოდიუმზე ასვლა, ფეტელმა კი ზედიზედ მეხუთე რბოლაში შეაღწია პირველ სამეულში.
საერთო ჩათვლაში ფეტელის უპირატესობა ალონსოსთან ათ ქულამდე შემცირდა, კიმი რაიკონენმა კი განიმტკიცა გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილი - ფინელი უებერს 31 ქულით დაშორდა.
შემდეგი ეტაპი - სეზონის ბოლოსწინა გრანპრი ორი კვირის შემდეგ ქალაქ ოსტინში გაიმართება, სადაც ახლად აშენებული ავტოდრომი ისტორიაში პირველად უმასპინძლებს აშშ-ის გრანპრის.
რბოლის შემდეგ
პოდიუმზე გამართულ იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე რაიკონენს ინტერვიუ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა დევიდ კულტჰარდმა ჩამოართვა. მან ასეთი კითხვით დაიწყო: "რას ფიქრობთ ახლა?" რაზეც მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა ჩვეულ სტილში უპასუხა: "სიმართლე გითხრა, განსაკუთრებულს არაფერს".
კიმი რაიკონენი:
"მინდა მჯეროდეს, რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი და მომავალში ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ.
გადამწყვეტი მომენტი სტარტი გახდა. ვფიქრობ, დისტანციის პირველ ნახევარში ჩვენ შანსი არ გვქონდა "მაკლარენის" სისწრაფის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა რბოლაში აუცილებელია ფინიშზე მისვლა. იქ კი ვინ იცის, რა მოხდება".
სებასტიან ფეტელი:
"სიმართლე გითხრათ, რბოლის წინ პოდიუმზე ვფიქრობდი. საერთო ჯამში, ფანტასტიკური რბოლა ჩავატარეთ. უსაფრთხოების მანქანის გამოსვლებმა კარგი სამსახური გამიწია, ფინიშთან ახლოს კი ბრწყინვალე ბრძოლა მქონდა ბატონთან - მისი გასწრება იოლი არ ყოფილა.
მეგონა, რომ აუტსაიდერთა მანქანებს იოლად გავასწრებდი, მაგრამ აქაც ბევრი სირთულე შემხვდა. ამიტომაც სასიამოვნო იყო პოდიუმზე ასვლა".
ფერნანდო ალონსო:
"დღევანდელი რბოლით კმაყოფილი ვარ, რადგან მთელი უქმეების განმავლობაში სიჩქარე არც ისე მაღალი გვქონდა.
პირველ წრეებზე დიდი ბრძოლა მომიწია. რამდენიმე კარგი გასწრება გამომივიდა, ტაქტიკამაც გაამართლა და საბოლოოდ გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი მივიღეთ.
ბოლო წრეებზე კიმი ოდნავ შენელდა, მთელი ძალით ვუტევდი, მაგრამ მეორე ადგილი დღეს მაქსიმალური შედეგი იყო. ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ".
აბუ დაბის გრანპრი. XVIII ეტაპი
იას-მარინა (55 წრე, 305.355 კმ)
1(4). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) 1:45.58,667 (1 პიტ-სტოპი)
2(6). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +0,852 (1)
3(24). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +4,163 (2)
4(5). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +7,787 (1)
5(3). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +13,007 (1)
6(15). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +20,076 (1)
7(8). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +22,896 (1)
8(14). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +23,542 (1)
9(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +24,160 (3)
10(16). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +27,463 (2)
11(13). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +28,075 (2)
12(17). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +34,906 (2)
13(18). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) +47,764 (1)
14(21). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) +56,473 (1)
15(11). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +56,768 (3)
16(20). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) +1.04,595 (1)
17(22). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) +1.11,778 (1)
19(19). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 13 წრე
9(9). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 17 წრე
3(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 17 წრე
4(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 35 წრე
21(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 47 წრე
11(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 47 წრე
8(10). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდიან, გერმანია) 55 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 255 (5 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 245 (3); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 198 (1); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 167 (2); 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 165 (3); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 153 (2); 7. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 95; 8. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 93 (1); 9. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 90; 10. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 66; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 58; 12. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 49; 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 46; 14. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 43 (1); 15. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 43; 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 30; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 12; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 10.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 422; 2. ფერარი - 340; 3. მაკლარენი - 318; 4. ლოტუსი - 288; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერი - 124; 7. ფორს ინდია - 95; 8. უილიამსი - 73; 9. ტორო როსო - 22.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"