საინტერესო სტატისტიკა აბუ დაბის გრანპრის შემდეგ

AutoSharing Option
აბუ დაბის გრანპრის შემდეგ ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზამ - Forix-მა გამოაქვეყნა გასულ რბოლასთან დაკავშირებით საგულისხმო სტატისტიკური მონაცემები...

რაიკონენის მოგება
- აბუ დაბის გრანპრის მოგების შემდეგ კიმი რაიკონენი ამ სეზონის მერვე პილოტი გახდა, ვისაც მინიმუმ ერთ ეტაპზე აქვს მოპოვებული გამარჯვება. ერთ სეზონში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ამდენი პილოტი ბოლოს 2003 წელს ავიდა.

- რაიკონენს სამი სხვადასხვა გუნდის ბოლიდით აქვს მოგებული რბოლები - "მაკლარენით", "ფერარითა" და "ლოტუსით". სამ გუნდთან ერთად გაუმარჯვიათ ჯენსონ ბატონსა ("ჰონდა", "ბრაუნი", მაკლარენი") და ფერნანდო ალონსოს ("რენო", "მაკლარენი", "ფერარი"). რეკორდი ეკუთვნის
სტირლინგ მოსს, რომელსაც ხუთი გუნდის ("მერსედესი", "მაზერატი", "ვანუოლი", "კუპერი", "ლოტუსი") ბოლიდით მოუგია ეტაპი.

- ეს იყო მე-80 მოგება გუნდისთვის, რომელიც "ლოტუსის" სახელით გამოდის და პირველი აირტონ სენას შემდეგ (1987, დეტროიტი).

პიტლეინიდან პოდიუმამდე
- სებასტიან ფეტელი გახდა პირველი მრბოლელი იარნო ტრულის (ავსტრალია, 2009) შემდეგ, ვინც პიტლეინიდან სტარტის შემდეგ პოდიუმზე ავიდა. მსგავსი შედეგი ჰქონდათ: რუბენს ბარიკელოს (კანადა, 2005), კიმი რაიკონენს (ავსტრალია, 2003), ნაიჯელ მენსელსა (საფრანგეთი, 1989) და ალენ პროსტს (სამხრეთ აფრიკა, 1984).

- ფეტელმა რბოლის მსვლელობისას 21 პოზიცია მოიგო. ამ სეზონში მსგავსი რამ შეძლო სერხიო პერესმა, რომელმაც მალაიზიის რბოლაში 23-ე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადასვლა შეძლო.

- რბოლის დროს მოგებული ადგილების მხრივ რეკორდი ეკუთვნის პიტერ რევსონს - 1972 წელს, აშშ-ის გრაპრის დროს, ის რეგაცონისთან კონტაქტის შემდეგ 31-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, შემდეგ კი მეექვსე ადგილზე გადავიდა, მაგრამ რბოლას გამოეთიშა. მეორე ადგილი უჭირავს დეიმონ ჰილს, რომელმაც 1993 წელს პორტუგალიაში 26-ე პოზიციიდან სტარტის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი რიგის პრობლემა
- ორივე პილოტმა (ლუის ჰემილტონი, მარკ უებერი), რომელმაც აბუ-დაბიში პირველი რიგიდან აიღო სტარტი, ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა. ასეთი რამ წელს მეორედ მოხდა - სინგაპურში ჰემილტონმა და მალდონადომ პირველი რიგიდან დაიწყეს რბოლა და ფინიშამდე ვერ მიაღწიეს.

- აბუ დაბიში არ უმართლებთ პოულის მფლობელებს - ოთხიდან სამ რბოლაში სტარტზე პირველი ადგილის მფლობელმა ვერ შეძლო მანქანასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რბოლის დასრულება.

კვალიფიკაცია
- აბუ დაბიში პოული 25-ე იყო ლუის ჰემილტონის კარიერაში. ბრიტანელი შესაბამის რეიტინგში მეცხრე ადგილზე გადავიდა. ლუისი ერთადერთი პილოტია, რომელმაც აბუ დაბის ყველა გრანპრიში პირველი პოზიციიდან აიღო სტარტი.

1. მიხაელ შუმახერი 68
2. აირტონ სენა 65
3. სებასტიან ფეტელი 35
4. ჯიმ კლარკი 33
4. ალენ პროსტი 33
6. ნაიჯელ მენსელი 32
7. ხ-მ. ფანხიო 29
8. მიკა ჰაკინენი 26
9. ლუის ჰემილტონი 25
10. ნიკი ლაუდა 24

- ზედიზედ მეოთხე რბოლაში მარკ უებერმა პირველი რიგიდან აიღო სტარტი.

- კიმი რაიკონენს ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ არასოდეს დაუწყია რბოლა პირველი რიგიდან. ბოლოს მან ეს 2009 წელს, მონაკოს გრანპრიზე გააკეთა, როცა "ფერარის" რიგებში გამოდიოდა.

რბოლა
- კიმი რაიკონენმა 58-ე რბოლა ჩაატარა კარიერაში, როცა დისტანციის მსვლელობისას მინიმუმ ერთი წრე იყო ლიდერი. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა შესაბამის რეიტინგში მეექვსე ადგილზე მყოფ ნელსონ პიკეს.

- სებასტიან ფეტელი 45-ედ ავიდა პოდიუმზე და გაუთანაბრდა ყველა დროის სიაში მე-15 ადგილზე მყოფ კარლოს როიტემანს.

- "მაკლარენმა" ახალი რეკორდი დაამყარა ზედიზედ ჩატარებული შედეგიანი რბოლების რაოდენობით - მან მიჯრით 56-ე გრანპრიზე მოიპოვა ქულები.

- "ფერარი" ზედიზედ 28 რბოლის განმავლობაში ვერ ახერხებს წრეზე საუკეთესო დროის დაფიქსირებას.

- ალონსო და უებერი გაუთანაბრდნენ მიკელე ალბორეტოს ჩატარებული რბოლების რაოდენობით (194). ეს სამეული მე-13 ადგილს იყოფს ყველა დროის სიაში.

1. რუბენს ბარიკელო 322
2. მიხაელ შუმახერი 303
3. რიკარდო პეტრეზე 255
4. იარნო ტრული 253
5. დევიდ კულტჰარდი 246
6. ჯანკარლო ფიზიკელა 229
7. ჯენსონ ბატონი 225
8. გერჰარდ ბერგერი 210
9. ანდრეა დე ჩეზარისი 208
10. ნელსონ პიკე 203
11. ჟან ალეზი 201
12. ალენ პროსტი 198
13. ფერნანდო ალონსო 194
13. მიკელე ალბორეტო 194
13. მარკ უებერი 194

- ზედიზედ მეხუთე რბოლაა, ლუის ჰემილტონი ვერ ახერხებს პოდიუმზე ასვლას - ეს არის შარშან, უნგრეთისა და იაპონიის ეტაპებს შორის უიღბლო პერიოდის შემდეგ ბრიტანელის ყველაზე ხანგრძლივი სერია.

ჰემილტონმა კარიერაში ექვსჯერ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა ტექნიკური პრობლემების გამო და აქედან სამი ასეთი შემთხვევა წელს დაფიქსირდა.

- თუმცა აბუ დაბის რბოლიდან გავარდნამდე ჰემილტონი 19 წრის განმავლობაში ლიდერობდა და "მაკლარენის" ლიდერობის საერთო რიცხვი 50 051 კილომეტრამდე გაზარდა. "მაკლარენი" გახდა მეორე გუნდი "ფერარის" შემდეგ, რომელმაც 50 000-კილომეტრიან ზღვარს გადააცილა. "სკუდერიას" ლიდერობა 70 687 კილომეტრს უდრის. მესამეზე "უილიამსი" - 34 963 კილომეტრი.

- ზედიზედ მეოთხე რბოლაში "მერსედესმა" ვერ შეძლო ქულების დაგროვება და ეს ყველაზე უარესი სერიაა მისთვის სპორტში დაბრუნების შემდეგ (2010). ბოლო ოთხი რბოლიდან სამში ნიკო როსბერგმა ავარიის გამო ვერ მიაღწია ფინიშამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული