ოსტინის ტრასა "რედ ბულისთვისაა?"

AutoSharing Option
საჩემპიონო ტიტულის ბედი შეიძლება ამ კვირას ქალაქ ოსტინში, ახალი ამერიკულ ავტოდრომზე - Circuit of the Americas-ზე გადაწყდეს.

ექსპერტების აზრით, ტრასის კონფიგურაცია ისეთია, რომ მასზე შესაძლოა სრულად წარმოჩინდეს "რედ ბულის" მანქანის სისწრაფეში უპირატესობა.

სებასტიან ფეტელი პირად ჩათვლაში ათი ქულის სხვაობით ლიდერობს და თუ ამერიკული ეტაპის შედეგების მიხედვით ეს უპირატესობა 25 ქულამდე გაიზრდება, გერმანელი ვადაზე ადრე გახდება ჩემპიონი, რადგან ფერნანდო ალონსოზე მეტი ეტაპი აქვს მოგებული.

რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, "რედ ბულს" ოსტინში ოთხი ქულის მოპოვება სჭირდება და კონსტრუქტორთა თასს ის ზედიზედ მესამედ
მოიპოვებს.

მთელი კვირის განმავლობაში პილოტები აქტიურად ვარჯიშობდნენ სიმულატორებზე და ცდილობდნენ, წარმოდგენა შეექმნათ ამერიკული ტრასის მახასიათებლებზე. როგორც ირკვევა, ტრასის პირველი და მესამე სექტორი განსაკუთრებით კარგად ერგება "რედ ბულს".

პირველი სექტორი მოგვაგონებს სილვერსტოუნში Magotts/Beckets-ის მოსახვევების კომბინაციას, ბოლო მონაკვეთზე კი "რედ ბულის" მანქანა უნდა გაუმკლავდეს გრძელ ჩქაროსნულ რკალს, რომელიც აერთიანებს მე-16, მე-17 და მე-18 მოსახვევებს.

მესამე სექტორის დანარჩენი ნაწილი ჰგავს კორეისა და აბუ-დაბის ტრასებს, სადაც "მაკლარენის" ბოლიდით ლუის ჰემილტონს ჰქონდა უპირატესობა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ "ფერარიმ" რაღაც განსაკუთრებული ტექნიკური სიახლეები უნდა შემოგვთავაზოს, თუ მას სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი ოსტინში "რედ ბულისა" და "მაკლარენისთვის" კონკურენციის გაწევა.

როგორც გაზეთი Gazzetta dello Sport წერს, გასული კვირის ერთ-ერთ დღეს ფერნანდო ალონსომ ამერიკულ ტრასაზე 200 წრე "გაიარა" - ის მშობლიურ ქალაქ ოვიედოში, საკუთარ სახლში პირად სიმულატორზე მუშაობდა.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ჯერჯერობით უცნობია პილოტებისთვის - "პირელის" საბურავების მუშაობაა. როგორც ჩანს, ამერიკული ასფალტი უფრო ხისტია. ამიტომაც იტალიური კომპანიის თანამშრომლებმა თავი დაიზღვიეს და აშშ-ის გრანპრისთვის Medium-ისა და Hard-ის შემადგენლობის რეზინი აირჩიეს.

სავარაუდოდ, ტაქტიკური სქემის მხრივ სიუპრიზი არ იქნება და გუნდები თითო პიტსტოპით შემოიფარგლებიან. თუმცა, არ არის გამოცხული, რომ ზოგიერთმა საჯინიბომ ორი გაჩერება აირჩიოს, რადგან ოსტინში პიტ-ლეინი საკმაოდ მოკლეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული