ჟაკ ვილნევი: ფორმულა 1-ის რბოლების ტელევიზორში ცქერა მოსაწყენი სანახაობა გახდა

AutoSharing Option
მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონს, კანადელ ჟაკ ვილნევს მიაჩნია, რომ ფორმულა 1-ის რბოლების ტელევიზორში ცქერა მოსაწყენი სანახაობა გახდა, ახალგაზრდა პილოტებს კი აშკარად არ ჰყოფნით ოსტატობა.

კანადელის აზრით, სპორტის ეს სახეობა არასწორი მიმართულებით ვითარდება: ვილნევს არ მოსწონს თანამედროვე წესები და ის კატეგორიული წინააღმდეგია ისეთი სისტემისა, როგორიცაა - DRS.

"ყოველთვის, როცა DRS-ის სისტემას ვხედავ მოქმედებაში, ძალიან ვბრაზდები, რადგან ეს აფუჭებს ტრასაზე ლამაზ დუელებს, - ამბობს ჟაკი შვეიცარიული გამოცემისთვის - Motorsport Aktuell-ისთვის მიცემულ კომენტარში. - ასევე, არ მომწონს წესი, რომლის მიხედვითაც პილოტს მხოლოდ ერთხელ
შეუძლია ტრაექტორიის შეცვლა - ამაზე უარესს ვერაფერს მოიფიქრებდნენ.

უბრალოდ, არ უნდა იყოს აშკარა ბლოკირება - ეს არის და ეს. მრბოლელს, რომელიც მეტოქეს უტევს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს გასწრების შანსი, არ აქვს მნიშვნელობა, ის გარე ტრაექტორიაზე იმყოფება თუ შიდაზე..."

საკმაოდ მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ვილნევი ახალგაზრდა პილოტების წინააღმდეგ:

"ისეთი პილოტები, როგორიცაა გროსჟანი, საერთოდ ვერ აკონტროლებენ ტრასაზე თავიანთ მოქმედებას. იგივე ითქმის მალდონადოზე, რომელმაც ვალენსიაში ძალიან უხეშად შეუტია ლუის ჰემილტონს. ახალგაზრდა პილოტები მოდიან ფორმულაში, მაგრამ ისინი მზად არ არიან ასეთ დონეზე გამოსასვლელად.

მათ არ ჰყოფნით ოსტატობა, დაავიწყდათ, რომ ავტოსპორტი რისკთან არის დაკავშირებული. ისინი მთელ დღეს კომპიუტერზე თამაშობენ, არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს არასწორია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული