სებასტიან ფეტელი ტექსასში ჩემპიონატის ლიდერის რანგში ჩავიდა - ის ათი ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოს. შაბათს სწორედ გერმანელმა მოიგო პოული, ესპანელი კი მხოლოდ მეცხრე იყო კვალიფიკაციაში - ფერნანდომ თავის თანაგუნდელზე უარესი დრო აჩვენა.
თუმცა ალონსომ სტარტამდე მოიგო ორი პოზიცია - თავდაპირველად გროსჟანი დაჯარიმდა გადაცემათა კოლოფის გამოცვლისთვის, შემდეგ კი "ფერარიში" გადაწყვიტეს იგივეს გაკეთება მასას მანქანაზე - მათ ფელიპეს პოზიცია ალონსოსთვის შესწირეს, რომელმაც საბოლოოდ მეშვიდე პოზიციიდან აიღო სტარტი.
სტარტზე
სასტარტო ნიშნის შემდეგ ფეტელმა შეინარჩუნა პოულის უპირატესობა, უებერმა ჰემილტონს გაუსწრო, ალონსო კი მეოთხე პოზიციაზე გადავიდა - პირველი ოთხეული მალე დაშორდა კონკურენტებს.
ჰიულკენბერგმა, გროსჟანმა, რაიკონენმა და დი რესტამ შუმახერს გაუსწრეს. მეოთხე წრეზე ჰემილტონმა უებერის გასწრებით დაკარგული პოზიცია დაიბრუნა.
ხუთი წრის შემდეგ პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: ფეტელი-ჰემილტონი-უებერი-ალონსო-ჰიულკენბერგი-გროსჟანი-რაიკონენი-დი რესტა-შუმახერი-მასა.
მეშვიდე წრეზე გროსჟანი მე-19 მოსახვევში მოსრიალდა. ფრანგმა მაშინვე დაკარგა რამდენიმე პოზიცია, მოგვიანებით კი კიდევ უფრო დაქვეითდა საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო და პელოტონის ბოლოში მოექცა. ფართო ტრასა გასწრების საშუალებას იძლეოდა - პილოტები აქტიურად იბრძოდნენ პოზიციებისთვის.
მე-14 წრეზე კობაიაშიმ პიტსტოპი ჩაატარა, მე-15 წრეზე შუმახერმა შეცვალა საბურავები, ვერნმა კი მანქანა ტრასის მიღმა გააჩერა საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო. მე-17 წრეზე უებერი გამოეთიშა ბრძოლას გენერატორის დაზიანების მიზეზით.
ფეტელმა და ჰემილტონმა საუკეთესო წრეები გაცვალეს, ლუისი თანდათან ამცირებდა ლიდერთან ჩამორჩენას და მალე შესატევ მანძილზე მიუახლოვდა ფეტელს. თუმცა ბრიტანელის მანქანაზე საბურავმა ეფექტურობა დაკარგა და სებასტიანმა გაქცევა მოახერხა.
ოცი წრის შემდეგ პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: ფეტელი-ჰემილტონი-ალონსო-რაიკონენი-მასა-დი რესტა-პერესი-სენა-ბატონი-რიკარდო.
მე-20 წრეზე ჰემილტონმა და ალონსომ შეცვალეს საბურავები. "ფერარის" ბოქსებში ფერნანდოს მომსახურებისას გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ერთი წრით გვიან შევიდა ბოქსებში ფეტელი და შეინარჩუნა ლიდერობა.
პირველი ათეული 37 წრის შემდეგ: ფეტელი-ჰემილტონი-ალონსო-რაიკონენი-მასა-გროსჟანი-ბატონი-ჰიულკენბერგი-სენა-მალდონადო.
ამასობაში ჰემილტონი ისევ მიუახლოვდა ფეტელს - ლიდერები ფანტასტიკურ ტემპში გადიოდნენ წრეებს.
39-ე წრეზე ბატონმა გაუსწრო გროსჟანს მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში, მასამ კი მეოთხე ადგილი ჩამოართვა რაიკონენს. 42-ე წრეზე კი ლიდერი შეიცვალა - ჰემილტონმა DRS-ის ზონაში გაასწრო ფეტელს.
პირველი ათეული 47 წრის შემდეგ: ჰემილტონი-ფეტელი-ალონსო-მასა-ბატონი-რაიკონენი-გროსჟანი -ჰიულკენბერგი-სენა-მალდონადო.
52-ე წრეზე მალდონადომ გაუსწრო სენას - მოხდა კონტრაქტი, მაგრამ პილოტებმა შეძლეს ბრძოლის გაგრძელება.
ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მეორედ მოიგო აშშ-ის გრანპრი - ხუთი წლის წინ მან ინდიანაპოლისში გაიმარჯვა.
ბრიტანელისთვის ეს იყო სეზონში მეოთხე და კარიერაში 21-ე მოგება. ტიტულის პრეტენდენტები - ფეტელი და ალონსო პოდიუმზე ავიდნენ და მათ შორის ბრძოლის ბედი ერთი კვირის შემდეგ, ბრაზილიაში გადაწყდება. 18 ნოემბრის რბოლის შემდეგ ფეტელის უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა.
რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასს, ზედიზედ მესამე გუნდური პირველობა "რედ ბულმა" მოიგო.
აშშ-ის გრანპრი. XIX ეტაპი
ოსტინი (56 წრე, 308 896 კმ)
1(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:35.55,269 (1 პიტსტოპი)
2(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +0,600 (1)
3(7). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +39,200 (1)
4(11). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +46,000 (1)
5(12). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +56,400 (1)
6(4). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +1.04,400 (1)
7(8). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +1.10,300 (1)
8(6). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდიან, გერმანია) +1.13,700 (1)
9(9). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.14,500 (1)
10(10). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +1.15,100 (1)
11(15). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1.24,300 (1)
12(18). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.24,800 (1)
13(17). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.25,500 (1)
14(16). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე (1)
15(13). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე (2)
16(5). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე (2)
17(21). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (1)
18(22). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (1)
19(19). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე (1)
20(20). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (1)
21(23). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 2 წრე (1)
22(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 2 წრე (1)
23(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 39 წრე
24(14). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 41 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 273 (5 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 260 (3); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 206 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 190 (4); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 167 (2); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 163 (2); 7. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 107; 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 96; 9. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 93 (1); 10. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 66; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 58; 12. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 53; 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 46; 14. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 45 (1); 15. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 43; 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 31; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 12; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 10.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 440; 2. ფერარი - 367; 3. მაკლარენი - 353; 4. ლოტუსი - 302; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერი - 124; 7. ფორს ინდია - 99; 8. უილიამსი - 76; 9. ტორო როსო - 22.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"