აშშ-ის გრანპრის შემდეგ: ცუდი რბოლა "რედ ბულისთვის"

AutoSharing Option
აშშ-ის გრანპრიმ, რომელიც ქალაქ ოსტინის ახალ ტრასაზე გაიმართა, სპეციალისტებს შორის მაღალი შეფასება დაიმსახურა; თუმცა ჩვენ უფრო გვაინტერესებს წამყვანი გუნდების გამოსვლის შეფასება, მით უმეტეს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია და ყველა ნიუანსი ძალიან საინტერესოა.

რედ ბული
სებასტიან ფეტელი: 2; მარკ უებერი: უქულოდ
ავსტრიული გუნდისთვის აშშ-ის რბოლა არც ისე კარგად წარიმართა. არადა, პირველ ვარჯიშებზე "რედ ბული" დაუმარცხებელი ჩანდა.

მარკ უებერმა, რომელმაც სტარტზე ლუის ჰემილტონს გაუსწრო, მოპოვებული ადგილი ვერ შეინარჩუნა და უფრო მეტიც, წრეზე ნახევარ წამს აგებდა ლიდერებთან, რადგან მის მანქანაზე გენერატორი გამოვიდა
მწყობრიდან.

მოკლედ, ავსტრალიელმა ვერ შეძლო ფერნანდო ალონსოსთვის ქულების წართმევა.

სებასტიან ფეტელი კი მთელი რბოლა ჰემილტონთან ერთად უსწრაფესი იყო, მაგრამ ნარაინ კართიკეიანის წრეზე გასწრების შემდეგ ლუისს დაწევისა და წინ გასვლის საშუალება მისცა, შემდეგ კი კონტრშეტევა ვეღარ მოახერხა.

მიუხედავად ამისა, ამ რბოლამ "რედ ბულს" ზედიზედ მესამედ კონსტრუქტორთა თასი მოუტანა. ბოლოს ასეთი მიღწევა "ფერარის" ჰქონდა, მაგრამ მაშინ, 1999-2004 წლებში "სკუდერია" ექვსჯერ გახდა გუნდური პირველობის გამარჯვებული.

მაკლარენი
ჯენსონ ბატონი: 5; ლუის ჰემილტონი: 1
მას შემდეგ, რაც კვალიფიკაციაში ჰემილტონმა ფეტელთან მხოლოდ ერთი მეათედი წამი წააგო, ცხადი იყო, რომ ლუისს ჰქონდა ჩემპიონატის ლიდერთან ბრძოლის შანსი. თუმცა ფეტელმა შეძლო და ხუთი წრის განმავლობაში 2.8-წამიანი უპირატესობა მოიპოვა.

ლუისი აგრძელებდა შეტევებს და პიტსტოპებთან ახლოს უფრო სწრაფადაც მოძრაობდა. ინგლისელი დიდი ხანი ამზადებდა შეტევებს, მიუახლოვდა გერმანელს და შესანიშნავი მანევრით DRS-ის ზონაში გაუსწრო სებას. ამ მომენტიდან ჰემილტონი დამაჯერებლად აკონტროლებდა თავის უპირატესობას, კარგად პასუხობდა მეტოქეს და ერთხელაც არ მისცა ფეტელს DRS-ის გამოყენების საშუალება.

ბატონმაც ვერ დაიწყო აქტიურად და მხოლოდ მე-17 წრისთვის მოახერხა მეათე პოზიციამდე მიღწევა. გვიანმა პიტსტოპმა ბრიტანელს სამი პოზიციის მოგების საშუალება მისცა, რის შემდეგაც ჯენსონი საკუთარი ძალებით გაუსწორდა ორივე "ლოტუსს" და პირველ ხუთეულში დაასრულა რბოლა.

ბოლოს, "მაკლარენმა" ერთ რბოლაში 35 ქულა სეზონის დასაწყისში მოიპოვა, როცა ბატონმა და ჰემილტონმა მელბურნში პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ ბრიტანელებმა ჩემპიონატში საუკეთესო მანქანა შექმნეს...

ფერარი
ფერნანდო ალონსო: 3; ფელიპე მასა: 4
ალონსომ უკვე პირველივე წრეზე შეძლო მეოთხე პოზიციაზე გადასვლა, მაგრამ წინ მყოფ პილოტებს შორის ვინმესთან ბრძოლის საშუალებას მანქანა არ აძლევდა - უკვე ორი წრის შემდეგ ფერნანდო ხუთ წამს აგებდა ფეტელთან და ორნახევარს - უებერთან.

ოსტინში "ფერარი" ასევე აგებდა სისწრაფეში "ლოტუსთან". ნიკო ჰიულკენბერგის გასწრების შემდეგ კიმი რაიკონენი ესპანელს 12 წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ პიტსტოპის შემდეგ ამ წყვილს შორის სხვაობა ოთხ წამზე ნაკლები იყო. თუმცა შემდეგ კიმი ისევ მოხვდა ტრაფიკში და ფერნანდო დასცილდა ფინელს.

39-ე წრეზე რაიკონენმა ფელიპე მასაც გაატარა. ბრაზილიელის თქმით, მან სეზონში საუკეთესო რბოლა ჩაატარა - პირველ ათ წრეზე ფელიპე მე-12 პოზიციიდან მეექვსეზე გადავიდა, პიტსტოპის შემდეგ კი გაუხურებელი საბურავებითაც კი რაიკონენთან ახლოს იმყოფებოდა და შეტევა მოამზადა.

საბოლოოდ, ალონსოსთვის სტარტზე მსხვერპლად გაღებული ხუთი პოზიციის მიუხედავად, მასამ მხოლოდ შვიდი წამი წააგო ფერნანდოსთან და უკვე მესამედ ბოლო ხუთ რბოლაში პირველ ოთხეულში მივიდა ფინიშთან.

მერსედესი
მიხაელ შუმახერი: 16; ნიკო როსბერგი: 13
მიხაელ შუმახერს თავიდანვე შეექმნა ტრასასთან მოჭიდების პრობლემები - ამან ლეგენდა უკვე მე-13 წრისთვის მე-14 ადგილზე გადაისროლა.

ინჟინრებმა შუმახერის ორ პიტსტოპზე გადაყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ ამანაც ვერ უშველა საქმეს - ბოქსებში მეორე გაჩერების შემდეგ მიხაელი ტრასაზე მხოლოდ მე-14 პოზიციაზე დაბრუნდა, რამაც ლიდერებთან ერთი წრით ჩამორჩენა მოიტანა.

ნიკო როსბერგმა სტარტზე რამდენიმე პოზიცია მოიგო, მაგრამ თანდათან დაკარგა მოგებული ადგილები - გერმანელს ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაუსწრეს "ტორო როსოს" პილოტებმა. გვიან პიტსტოპს გერმანელისთვის ბევრი არაფერი მოუტანია.

მართალია, ნიკომ ბოლოს შეძლო დანიელ რიკარდოს დაწევა, მაგრამ ავსტრალიელთან მე-12 ადგილისთვის ბრძოლა ვეღარ მოასწრო. "მერსედესი" კრიზისშია - ბოლოს როს ბრაუნის შეგირდებმა ქულები სექტემბერში დააგროვეს, როცა როსბერგი სინგაპურში მეხუთე მივიდა ფინიშთან.

ლოტუსი
კიმი რაიკონენი: 6; რომენ გროსჟანი: 7
რაიკონენმა ჩააგდო სტარტი. ამასთან, ფინელის თქმით, მანქანა "ფორს ინდიას" პილოტთან კონტაქტის გამო დაზიანდა. შესაბამისად, "ლოტუსის" ლიდერმა პირველი 12 წრე პირველი ხუთეულის მიღმა ტრაფიკში გაატარა.

ჰიულკენბერგის გასწრების შემდეგ რაიკონენი ალონსოს დაეწია - ორი წრის განმავლობაში ფინელმა ორი წამი მოუგო ესპანელს, პიტსტოპის შემდეგ კი ამ წყვილს შორის სხვაობა ოთხი წამი იყო და მათ შორის დანიელ რიკარდო იმყოფებოდა. "ტორო როსოს" უკან რაიკონენმა ისევ დაიწყო დროის დაკარგვა და ფელიპე მასას დაწევის საშუალება აღარ მიეცა.

რაც შეეხება გროსჟანს, მან პირიქით, კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ჰიულკენბერგის დევნისას შეცდომა დაუშვა. ტრასიდან გადავარდნამ ის გამოიწვია, რომ ფრანგი უკვე მეცხრე წრეზე შევიდა ბოქსებში.

ამის შემდეგ რომენი უშეცდომო იყო და საბურავების ერთი კომპლექტით 47 წრე გაიარა, თან აკურატულად უსწრებდა კონკურენტებს, რის შემდეგაც, ისევ ჰიულკენბერგის უკან აღმოჩნდა: 23-ე წრეზე რომენმა გაუსწრო გერმანელს და მის წინ ადგილი შეინარჩუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული