მიხაელ შუმახერის ახალი რეკორდი

AutoSharing Option
ოსტინის ეტაპის შემდეგ Forix-ის ენციკლოპედიურმა ბაზამ, ტრადიციულად, გამოაქვეყნა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი

რედ ბულის მესამე კონსტრუქტორთა თასი
- აშშ-ის გრანპრიმ "რედ ბულს" ვადაზე ადრე გამარჯვება მოუტანა კონსტრუქტორთა თასზე. პირველად ერთმა გუნდმა ეს ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიგო მას შემდეგ, რაც "ფერარიმ" 1999-2004 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გაიმარჯვა გუნდურ პირველობაზე.

- მანამდე კონსტრუქტორთა თასზე ზედიზედ სამი მოგება "უილიამსს" ჰქონდა (1992-94). თანაც, "რედ ბულისა" და "უილიამსის" წარმატებებს ორი ფაქტორი აერთიანებს - ედრიან ნიუი და "რენოს" ძრავები.

- "რედ ბულის", "ფერარისა" და "უილიამსის" გარდა, წარმატებული
სერია აქვს "მაკლარენსაც" - კონსტრუქტორთა თასი ზედიზედ ოთხჯერ მოიგო (1988-91), "ფერარის" კი კიდევ ერთი სერია ჰქონდა - სამი თასი 1975-77 წლებში.

- "რედ ბული" მეხუთე ადგილს იკავებს ფორმულა 1-ში კონსტრუქტორთა თასზე გამარჯვებების რაოდენობით

- 3 ტიტული. პირველზეა "ფერარი" 16 თასით, შემდეგ მოდიან: "უილიამსი" - 9, "მაკლარენი" - 8 და "ლოტუსი" - 7.

- "რედ ბულს" რვა წელი დასჭირდა კონსტრუქტორთა თასის სამჯერ მოსაგებად. "მაკლარენმა" ამისთვის 20 წელი დახარჯა, "ფერარიმ" - 18, "უილიამსმა" - 12 და "ლოტუსმა" - 11. უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო გუნდის ტიტული 1957 წლიდან თამაშდება - მანამდე ექვსი წელი მხოლოდ საუკეთესო პილოტის ვინაობა ირკვეოდა.

პილოტები, რომლებმაც ფეტელს გაუსწრეს
- სებასტიან ფეტელმა აშშ-ის გრანპრიზე პოულიდან აიღო სტარტი, მაგრამ დისტანციის მსვლელობისას მას ლუის ჰემილტონმა გაუსწრო. გერმანელი კარიერაში მხოლოდ მეხუთედ გავიდა მეორე ადგილზე მას შემდეგ, რაც პირველი ადგილიდან დაიწყო რბოლა:

1. 2011 წელს ჩინეთში მას ლუის ჰემილტონმა გაუსწრო ფინიშამდე ოთხი წრით ადრე;
2. იმავე სეზონში, კანადაში ბოლო წრეზე ჯენსონ ბატონმა ჩამოიტოვა უკან გერმანელი;
3. ასევე 2011 წელს უნგრეთში ფეტელს ორივე "მაკლარენმა" გაუსწრო, მაგრამ სებამ დაიბრუნა ერთი პოზიცია ჰემილტონის არასწორი სტრატეგიის გამო;
4. ისევ 2011 წელი: ფეტელმა უებერს წინ გასვლისა და რბოლის მოგების საშუალება მისცა;
5. 2012 წელს აშშ-ში ჰემილტონი დაეწია ფეტელს, გაუსწრო და მოიგო ეტაპი.
- ოსტინის ტრასაზე ჰემილტონის მანევრი მეშვიდე გასწრება იყო ამ სეზონში ფეტელის წინააღმდეგ. 2010 წლის სეზონის სტარტიდან (57 რბოლა) დღემდე, სებასტიანს მხოლოდ 16-ჯერ გაუსწრეს: ექვსჯერ მან ჰემილტონს დაუთმო პოზიცია, ოთხჯერ - ბატონს, სამჯერ - ალონსოს, ორჯერ - უებერს და ერთხელ - სუტილს.

კვალიფიკაცია
- ოსტინში ფეტელმა კარიერაში 36-ე და სეზონში მეექვსე პოული მოიპოვა. მან ამერიკული უქმეების დროს ექვსივე სესიაში საუკეთესო დრო აჩვენა - სამ ვარჯიშზე და სამ კვალიფიკაციაზე - ასეთი რამ პირველად მოხდა უქმეების ამჟამინდელი ფორმატის შემოღების შემდეგ.

- ჰემილტონმა კარიერაში 47-ედ დაიწყო რბოლა პირველი რიგიდან და ამ მაჩვენებლით ის დეიმონ ჰილს გაუთანაბრდა - ყველა დროის რეიტინგში ეს ბრიტანელები მერვე ადგილს იყოფენ. უკვე მეთხუთმეტედ ამ სეზონში, ჰემილტონმა და ფეტელმა გაინაწილეს სასტარტო ბილიკის პირველი რიგი.

- როსბერგის ამერიკული უიღბლობა გრძელდება - სამი ცდიდან გერმანელი ვერცერთხელ ვერ მოხვდა კვალიფიკაციის პირველ ათეულში. ნიკოს არასოდეს მოუპოვებია ქულა აშშ-ში.

რბოლა
- ხუთეტაპიანი პაუზის შემდეგ ჰემილტონი ისევ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე - ეს იყო მის კარიერაში 21-ე გამარჯვება. ეს არის მესამე შემთხვევა, როცა ის მეორეზე იდგა სტარტზე, ფეტელი - პირველზე და ბრიტანელმა რბოლა მოიგო.

- სულ რაღაც ექვსი მეათედი წამი დააკლდა ფეტელს 27-ე გამარჯვებამდე ასი ჩატარებული გრანპრის შემდეგ - ამ შემთხვევაში ის გაიმეორებდა მიხაელ შუმახერის მიღწევას, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტები მაინც დაფიქსირდა - ფეტელის პოდიუმი მე-80 იყო "რედ ბულისთვის" და მე-400 "რენოს" ძრავებიანი მანქანებისთვის.

- გენერატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო მარკ უებერმა შეწყვიტა 59-რბოლიანი სერია მექანიკური პრობლემების გარეშე. წინა გამოვარდნა ტექნიკის მიზეზით 2009 წელს, სინგაპურის გრანპრის დროს დაფიქსირდა, როცა გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან.

- ფერნანდო ალონსო ისევ ავიდა პოდიუმზე სტარტზე მოკრძალებული მეშვიდე პოზიციის მიუხედავად. ამით ესპანელმა ალენ პროსტის რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1986 წელს არის დამყარებული - ცხრა პოდიუმი პირველი სამეულის მიღმა აღებული სტარტებიდან.

- ოსტინში ჰემილტონი (49 პოდიუმი კარიერაში), ფეტელი (46 პოდიუმი) და ალონსო (85 პოდიუმი) ისტორიაში პირველად მოხვდნენ ერთად პოდიუმზე.

- აშშ-ის გრანპრიზე მეორე წრის გავლის შემდეგ მიხაელ შუმახერი ახალი რეკორდის მფლობელი გახდა - მას ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი დისტანცია აქვს გავლილი - 80 585 კილომეტრი. წინა რეკორდის მფლობელი იყო რუბენს ბარიკელო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული