სებასტიან ფეტელმა პირველობა დაიბევა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე შესაძლებელი იყო სამ სარბოლო სერიაში ჩემპიონის გამოვლენა, მაგრამ მხოლოდ ორი ჩემპიონის გარკვევა მოხერხდა - ბრიტანელმა რობერტ ჰაფმა კარიერაში პირველად მოიგო "მსოფლიო ტურინგი", ამერიკელმა ბრედლი კესელოვსკიმ კი ყველაზე მეტი ქულით დაასრულა NASCAR-ის სეზონი.

ფორმულა 1-ში კი ინტრიგა შენარჩუნდა - სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო უძლიერესს კვირას, "ინტერლაგუშზე" გამოავლენენ, მაგრამ, თუ ოსტინის ტრასაზე მოპოვებული მეორე ადგილი საკმარისი არ აღმოჩნდა გერმანელისთვის ტიტულის მოსაპოვებლად, Castrol-ის სარბოლო რეიტინგში ფეტელმა უკვე გაინაღდა პირველობა. აქ დიდი როლი ითამაშეს მრავალრიცხოვანმა საკვალიფიკაციო წარმატებებმა, ლიდერობის წრეებმა და სხვა
ფაქტორებმა, რასაც ითვალისწინებენ ამ რეიტინგში.

იმის გამო რომ შარშანდელი სეზონის ბოლოსწინა ეტაპი - აბუ დაბის გრანპრი - გერმანელისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ფეტელს არ დაუკარგავს ძველი ქულები, სამაგიეროდ, ბევრი ახალი მიემატა. ამან სებას შეუნარჩუნა პირველი ადგილი, რომელსაც აგერ, უკვე 139 კვირაა, არავის უთმობს.

მეორე ადგილზე ისევ სებასტიან ლოებია - ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ლეგენდარული რალისტი შეძლებს სარეიტინგო ვიცე-ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფორმულა 1-ის წარმომადგენლების უკან ჩამოტოვებას, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს: თუ მშობლები საკუთარი შვილის მომავალს ავტოსპორტს უკავშირებენ, უმჯობესია, მას სებასტიანი დაარქვან.

ფერნანდო ალონსოს სულ მცირედი დააკლდა - მან შარშანდელი მეორე ადგილი წლევანდელ მესამე პოზიციაზე გაცვალა, მარკ უებერს კი ოსტინში გამოვარდნა ძვირად დაუჯდა - ავსტრალიელმა რეიტინგში წინ გაუშვა ლუის ჰემილტონი.

ასევე ჯენსონ ბატონს ჰქონდა აშშ-ში პრობლემები ტექნიკასთან დაკავშირებით, ოღონდ საკვალიფიკაციოში, რის გამოც მან პირველ ექვსეულში ვერ შეინარჩუნა ადგილი. ბრიტანელი ბოლო 14 თვის განმავლობაში პირველად გამოვარდა TOP6-დან - მას IndyCar-ის ვიცე-ჩემპიონმა უილ პაუერმა გაუსწრო.

უფრო მეტიც, ინტერლაგუშში ბატონს გაუჭირდება მეშვიდე ადგილის შენარჩუნება - ის ზურგსუკან გრძნობს კიმი რაიკონენის სუნთქვას.

ფინელმა ისევ მიიღო ფორმულა 1-ის მანქანის მართვის საშუალება და მეთოდურად ზემოთ მიიწევს რეიტინგში. ახლა კიმი მერვე ადგილზეა და ეს არ არის მისი შესაძლებლობების ზღვარი.

ოსტინში წარმატებულმა გამოსვლამ პოზიციების გაუმჯობესების საშუალება მისცა რომენ გროსჟანსა და ნიკო ჰიულკენბერგს.

ფრანგი ექვსი საფეხურით მაღლა ავიდა და 43-ე პოზიციაზე იმყოფება, ნიკოს პროგრესი კი შვიდი საფეხურით დაწინაურება და 45-ე ადგილზე დამკვიდრება იყო. პირიქით, შვიდი ადგილით დაქვეითდა მიხაელ შუმახერი - გერმანელი პირველად აღმოჩნდა საუკეთესო 50-ის მიღმა.

ქვეყნების ჩათვლაში ისევ იყო გადაადგილებები. გერმანია ინარჩუნებს პირველ ადგილს, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ბრიტანეთის ნაკრებმა ავსტრალიელთა შევიწროება შეძლო.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 23 287
2. ს. ლოები (რალი) 20 327
3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 955
4. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 142
5. მ. უებერი (ფორმულა 1) 17 727
6. უ. პაუერი (IndyCar) 16 305
7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 115
8. კ. რაიკონენი (ფორმულა 1) 16 079
9. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 921
10. მ. ჰირვონენი (რალი) 15 131

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული