მზადება მიხაელ შუმახერის გაცილებისთვის

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის დასკვნითი რბოლა, ტრადიციულად, ბრაზილიის ავტოდრომ "ინტერლაგუშზე" გაიმართება.

მიხაელ შუმახერისთვის ეს იქნება 308-ე გრანპრი კარიერაში და ამით ლეგენდარული გერმანელი საბოლოოდ დაემშვიდობება სპორტსმენის აქტიურ კარიერას.

მიხაელ შუმახერი: "ინტერლაგუში - შესაფერისი ადგილია კარიერის დასრულებისთვის, რადგან ამ ავტოდრომს უკავშირდება ფორმულა 1-ის ისტორიის ბევრი დიადი ფურცელი. ყოველთვის მომწონდა ადგილობრივი ფანების ენთუზიაზმი.

ეს არის ბრწყინვალე ტრასა, სადაც ბევრი საინტერესო მომენტის მოწმენი ვიყავით.

უნიკალური კონფიგურაციის გამო, აქ რბოლა ყოველთვის სანახაობრივი და მიმზიდველია. ასევე "ინტერლაგუშს" უკავშირდება ჩემი მოგონებები აირტონ სენასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში ფორმულა 1-თან
გამოთხოვება არ იქნება ისეთი ემოციური, როგორც ეს 2006 წელს იყო, როცა ჩვენ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ვიბრძოდით და ზეწოლა გაცილებით მაღალი იყო.

მაგრამ ახლა ვაპირებ უფრო ყურადღებით მივუდგე სპორტიდან ჩემს წასვლას და იმედია, ეს მომენტი სიამოვნებას მომანიჭებს. ფორმულა 1-ში საოცარი წლები გავატარე, მთელი მსოფლიოდან ვგრძნობდი გულშემატკვართა მხარდაჭერას. ამიტომაც ცალკე მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, თუ გამოთხოვებისას კარგი რბოლის ჩატარებას მოვახერხებ. ამის გამო მაქსიმალურად მოვინდომებ".

ნიკო როსბერგი: "ფინალური რბოლა ბრაზილიაში უდიდესი მოვლენა იქნება. იმედია, მაყურებელი შთამბეჭდავ კონკურენციას იხილავს. გვინდა პოზიტიური უქმეები ჩავატაროთ და კარგ შედეგს მივაღწიოთ.

მიუხედავად ამისა, პრიორიტეტები არ იცვლება: მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია, რომელიც მომავალ წელს გამოგვადგება.

სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას. ჩვენი გუნდისთვის მომავალი უქმეები განსაკუთრებული იქნება, რადგან მიხაელი ასრულებს კარიერას "მერსედესში" გატარებული სამი სეზონის შემდეგ. მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ: მასთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა და ტრასაზე ბრძოლა - დაუჯერებელი და დაუვიწყარი გამოცდილებაა".

"ბრაზილიის გრანპრი უკანასკნელი იქნება მიხაელის კარიერაში. ასე რომ, მთელ ჩვენს გუნდს ემოციური უქმეები ელის.

ბოლო სამი წელი მასთან მუშაობით უდიდესი სიამოვნება მივიღეთ და მინდა მას მადლობა ვუთხრა საქმისადმი ერთგულებისთვის, გუნდური სულისთვისა და სპორტისადმი სიყვარულისთვის.

ჩვენ ვერ შევძელით მაღალი შედეგების მიღწევა, რისი იმედიც გვქონდა, მაგრამ გუნდმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა. დარწმუნებული ვარ, ეს მომავალში ნაყოფს გამოიღებს.

მიხაელთან ერთად ჩემი კარიერის დიდი ნაწილი ვიმუშავე და ჩემი აზრით, ის საუკეთესო პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში.

ბრაზილიის გრანპრიზე ჩვენი მიზანი ის არის, რომ გავაგრძელოთ ექსპერიმენტების პროგრამა, რომელიც მომავალი სეზონისთვის იქნება გათვლილი, მით უმეტეს, რომ პარასკევის პრაქტიკებზე ჩვენ გამოვცდით "პირელის" საბურავებს, რომელიც 2013 წლისთვის არის განკუთვნილი. გვინდა სეზონი პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა "მერსედესის" შეფმა როს ბრაუნმა.

* * *
სებასტიან ფეტელი თუ ფერნანდო ალონსო? ედრიან ნიუი თუ პეტ ფრაი? "რედ ბული" თუ "ფერარი"? სეზონის მთავარ კითხვას მომავალ უქმეებზე, ბრაზილიაში გაეცემა პასუხი.

"ინტერლაგუში" - საუკეთესო ადგილია სეზონის ბოლო რბოლის ჩასატარებლად. ორივე პრეტენდენტი კარგად იცნობს ამ ავტოდრომს, მაგრამ ალონსო, ალბათ, უკეთ. გამოიყენებს თუ არა ის ამ ფაქტორს? ფეტელისთვის ხომ მეოთხე ადგილიც საკმარისია ჩემპიონობის მოსაპოვებლად.

არავინ იცის, ვინ გახდება კვირას მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ერთი რამ ცხადია: ეს იქნება ღირსეული გამარჯვებული.

ბრაზილიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - სან პაულუ, ბრაზილია
წრის სიგრძე - 4 309 მ
საუკეთესო წრე - 1:11.473 (მონტოია, 2004)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 273
2. ალონსო (ფერარი) - 260
3. რაიკონენი (ლოტუსი) - 206
4. ჰემილტონი (მაკლარენი) - 190
5. უებერი (რედ ბული) - 167
6. ბატონი (მაკლარენი) - 163
7. მასა (ფერარი) - 107
8. როსბერგი (მერსედესი) - 96

განრიგი
23 ნოემბერი, 16:00 - I პრაქტიკა
23 ნოემბერი, 20:00 - II პრაქტიკა
24 ნოემბერი, 17:00 - III პრაქტიკა
24 ნოემბერი, 20:00 - კვალიფიკაცია
25 ნოემბერი, 20:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული