სებასტიან ფეტელი: თქვენთვის ეს შოუ იყო, ჩემთვის უმძიმესი სამუშაო

AutoSharing Option
სებასტიან ფეტელმა ბრაზილიის გრანპრიზე მეექვსე ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა პირად ჩათვლაში ფერნანდო ალონსოს გასასწრებად და ტიტულის ზედიზედ მესამედ მოსაპოვებლად.

ფინიშის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონმა თავის გრძნობებზე ისაუბრა...

- უკვე გააცნობიერეთ, რას მიაღწიეთ ბრაზილიაში?
- არა, ჯერ ვერ მოვასწარი მიჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა, განსაკუთრებით იმ რბოლის შემდეგ, რომელშიც ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გავბრაზებულიყავი ან ხასიათი გამფუჭებოდა, ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა წარმატების.

წარმოიდგინეთ: მეოთხე მოსახვევში მოვსრიალდი და მომეჩვენა, რომ რამდენიმე მანქანა მეჯახებოდა. სწორედ მაშინ ავუშვი ფეხი მუხრუჭის სატერფულს,
რათა იმ ადგილს გავცლოდი და შეჯახება თავიდან ამეცილებინა.

მანქანა დაზიანებული იყო, მაგრამ შევძელით გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილება. როცა ტრასა მშრალი იყო, ცხადი გახლდათ, რომ სწორ მონაკვეთებზე სიჩქარე არ გვყოფნიდა და კონკურენტებს უპრობლემოდ შეეძლოთ ჩემი გასწრება, ჩემთვის კი რთული იყო წინ გასვლა.

შემდეგ რადიო გამოვიდა მწყობრიდან, არასწორ მომენტში ჩავატარეთ პიტსტოპი - დავაყენეთ “სლიკები” მაშინ, როცა წვიმა წამოვიდა, შემდეგ კი გუნდმა ვერ მოასწრო საშუალედო საბურავების მომზადება იმის გამო, რომ რადიო არ მუშაობდა...

საბედნიეროდ, ჩვენ მაინც სწრაფები ვიყავით: ტემპის დაკარგვის კომპენსირება შეიძლება სხვა ტრაექტორიების არჩევით, სხვანაირი პილოტირების სტილით. შემდეგ შევძელით იმ სიტუაციით სათავისოჟ გამოყენება, როცა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, იქნებოდა თუ არა ეს საკმარისი.

მანამდე, ორი წრით ადრე, გუნდმა შემატყობინა, რომ პოზიცია, რომელიც მეკავა საკმარისი იქნებოდა ჩემპიონობისთვის, მაგრამ შემდეგ დავინახე ნიკო ჰიულკენბერგისა და ლუის ჰემილტონის ავარია. მართალია, ფერნანდო ჩემზე წინ იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ორი ესპანელზე წინ მოძრაობდა. როცა სიტუაციის შესახებ შემატყობინეს, ძალიან გამეხარდა, მაგრამ გუნდმა ვერ მოისმინა ჩემი პასუხი, რადგან რადიო გაფუჭებული იყო.

ასე რომ, დაუჯერებელი რბოლა იყო და ჯერაც ვერ ვწყნარდები. თქვენთვის ეს შოუ იყო, მე კი ბოლომდე ბრძოლა მომიწია.

- თქვენ გახდით ყველაზე ახალგაზრდა სამგზის ჩემპიონი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ჩემამდე იყვნენ პილოტები, რომლებმაც ასეთ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა. ასევე საჭიროა იღბალი და დაძაბული შრომა.

არც კი ვიცი რა ვთქვა. დღეს ჩვენ სან პაულუში ვართ, აირტონ სენას სამშობლოში, იმ მიწაზე, სადაც ის განისვენებს და მე მიჭირს საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელს გუნდს. ეს თქვენ სტანდარტულ ფრაზად გეჩვენებათ და ხანდახან პილოტებს გვაკრიტიკებენ ასეთი ფრაზებისთვის, მაგრამ მე გუნდის ერთ-ერთ წევრად ვგრძნობ თავს. არ მგონია, რომ ჩემი სამუშაო სხვისაზე უფრო მნიშვნელოვანია. დღევანდელი შედეგისთვის ჩვენ იმ დღიდან დავიწყეთ მუშაობა, როცა მე აქ მოვედი. ეს უდიდესი შრომა იყო.

ხვალ ეს სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილება იქნება და ჩვენი ბიჭები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ RB9-ზე და ემზადებიან მომავალი სეზონისთვის. ტემპის დაგდება არ შეიძლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე გუნდის სხვა თანამშრომლებზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ, თუმცა ბოქსებსა და ბაზაზე ყველამ იცის, რომ ჩვენ ამას ფულის გამო არ ვაკეთებთ, ამის მიზეზი ფორმულა 1-ის სიყვარულია.

გუშინ მკითხეს - ვნერვიულობ თუ არა? მე ვუპასუხე - დიახ. ასე რომ არ იყოს, მაშინ აქ რა მესაქმება? ყოველთვის ვნერვიულობ, მაგრამ, როცა შუქნიშანი ქვრება, უკვე მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ და რბოლა იწყება.

დღეს იყო ბევრი ისეთი სიტუაცია, როცა მაქსიმალური კონცენტრაცია იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრახი გარანტირებული გვქონდა. ასეთ რბოლაში გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა.

ჩვენ გავიმარჯვეთ 2010 და 2011 წლებში და ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ ყველაზე რთული - ტიტულის შენარჩუნება, რადგან ჩემპიონის რანგში, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევი, გრძნობ პრესინგს და ფიქრობ მხოლოდ ახალ ტრიუმფზე, ნაცვლად იმისა, რომ გეგმაზომიერად იმუშაო. ამიტომაც ვცდილობ შევახსენო საკუთარ თავს, რომ ეს უბრალოდ კიდევ ერთი დღეა, კიდევ ერთი რბოლა.

- შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ტიტული ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო?
- ვფიქრობ, ტიტულის მოგება ყოველთვის რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადარებ ამ გამარჯვებას წინა ტრიუმფს. და მაინც, სეზონი ჩვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდა როგორც ტრასაზე, ასევე მის მიღმა. ყველას ჰქონდა წარმატებები და ჩავარდნები, მაგრამ არასოდეს ვღალატობდით საკუთარ თავს, ვაგრძელებდით მუშაობას და წარმატებას მივაღწიეთ.

ძალიან რთული იყო, რადგან ბევრს უნდოდა ჩვენი გასწრება და ყველაფერს აკეთებდნენ ამისთვის, ამიტომაც სეზონის მსვლელობისას უამრავი პრობლემა შეგვხვდა, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდით. მე არ ვარ უშეცდომო, შეცდომები დავუშვი, მაგრამ მშობლებმა მასწავლეს მისი აღიარება. კვალიფიკაციის ფინალში ზედმეტად მოვინდომე, ასე რომ, შედეგი არ იყო იდეალური. მზად ვარ ეს ვაღარო, რადგან ასე გამზარდეს და სხვათა შორის, ესეც არის ჩვენი წარმატების მიზეზი.

- ხომ არ ფიქრობთ ახალი გამოწვევის მიღებას: არ შეეცდებით შემდეგი ტიტულის მოგებას სხვა გუნდის შემადგენლობაში?
- მე ჯერ ამ მომენტით მინდა დავტკბე. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რა იქნება შემდეგ წელს და უახლოეს სეზონებში. დღეს უბრალოდ მინდა კარგად გავატაროთ დრო, თუმცა არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ზეიმი.

გუნდთან 2014 წლის ბოლომდე მაქვს კონტრაქტი, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე, მაგრამ ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ბედნიერი ვარ და დღეს ვერ ვხედავ იმის აზრს, რომ სხვა გუნდებს დავაკვირდე. აქ ყველაფერი მაწყობს, “რედ ბულთან” ერთად დაუჯერებელ შედეგებს მივაღწიე. კრისტიან ჰორნერი რადიოთი ასახელებდა პილოტებს, რომლებმაც სამჯერ მოიგეს ჩემპიონატი, მაგრამ პროსტი გამორჩა. ჩემი რადიო არ მუშაობდა და ამის გამო ვერ შევუსწორე.

სეზონის საწყისი შვიდი რბოლა შვიდმა სხვადასხვა პილოტმა მოიგო და მაშინ უკვე მესმოდა, რა ძვირად ფასობდა ნებისმიერი ქულა. ფინალისკენ ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით, არადა, ჩემპიონატის ერთ-ერთ მონაკვეთში საერთოდ არ გვასახელებდნენ ჩემპიონობის კანდიდატებად.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე მჯეროდა საბოლოო წარმატების და სეზონის დასაწყისიდან ვებრძოდით საკუთარ მანქანას, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა შარშანდელისგან. მე ვერ ვახერხებდი საკუთარი სტილის გამოყენებას: RB8-ის უკანა ნაწილს არ ჰყოფნიდა სტაბილურობა, არ გამოდიოდა ჩვეულებრივი ხერხით მოსახვევში შესვლის წინ დამუხრუჭება და აპეკსებზე შეტევა. ყველაფერი ვცადეთ და რაღაც სტადიაზე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით სწორი მიმართულებით, რამაც საშუალება მოგვცა გამოგვეყენებინა პილოტირების ილეთები, რომელიც მომწონს.

ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას, ხანდახან შეცდომას ვუშვებდით, რაც ძვირად გვიჯდებოდა, მაგრამ ამ შეცდომებზე ვსწავლობდით და ჩვენი მანქანები სულ უფრო უკეთესი ხდებოდა.

- ეს რბოლა ყველაზე რთული იყო თქვენს კარიერაში?
- რადიოთი ვამბობდი, მაგრამ ჩემი არ ესმოდათ: რა თქმა უნდა, ეს ყველაზე რთული რბოლა იყო. და მხოლოდ იმიტომ არა, რომ მე ტიტულისთვის ვიბრძოდი, რაც, თავისთავად იოლი არ იყო: გაიხსენეთ, რამდენიმე პრობლემა გვქონდა. მიუხედავად ამისა, მეექვსე ადგილზე გავედი და ეს ძალიან კარგი შედეგია.

ხანდახან ასეც ხდება, რომ მეექვსე ადგილიც სრულიად გაძლევთ ხელს. ასე რომ, ჩვენ შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ, რადგან ამ რბოლაში ტიტულის ბედი ირკვეოდა და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მოეწყო. ამას მეტს ვერაფერს დავუმატებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული