სებასტიან ფეტელს ტიტულს ართმევენ - 2012 წლის ჩემპიონად ფერნანდო ალონსო?

AutoSharing Option
სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა ესპანურმა გაზეთმა AS-მა. "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა შესაძლოა, დაკარგოს 2012 წლის ტიტული, რომელიც მან გასულ კვირას, სან პაულუს "ინტერლაგუშის" ტრასაზე მოიპოვა.

ამის მიზეზი შეიძლება გახდეს წესებით აკრძალული გასწრება, რომელიც გერმანელმა ბრაზილიის გრანპრის დროს შეასრულა.

28 ნოემბერს გამოქვეყნდა იმ მომენტის ვიდეო და ფოტოგამოსახულებები, როცა ფეტელი "ტორო როსოს" ერთ-ერთ ბოლიდს უსწრებს. მასალებში ჩანს, რომ გერმანელმა გასწრება მას შემდეგ შეასრულა, რაც ტრასაზე უკვე ჩართული იყო ყვითელი შუქები, რაც უკრძალავს პილოტებს სხვა ბოლიდების უკან ჩამოტოვებას.

ამ დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ფეტელს
20-წამიანი ჯარიმა ელოდება. ამის გამო ის ბრაზილიის გრანპრის საბოლოო ოქმში ორი ადგილით დაქვეითდება და მერვე პოზიციაზე აღმოჩნდება, რაც, შესაბამისად, ოთხი ქულის დაკარგვას გამოიწვევს.

ასეთ შემთხვევაში, ფეტელს გენერალურ კლასიფიკაციაში 277 ქულა ექნება, ფერნანდო ალონსოს კი 278 დარჩება და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონად სწორედ "ფერარის" ესპანელი პილოტი გამოცხადდება.

"ფერარი" ჯერჯერობით არ აპირებს სარჩელის შეტანას, მაგრამ იტალიურ გუნდს პროტესტის ოფიციალურად გამოხატვისთვის ვადა 2012 წლის 30 ნოემბრამდე აქვს. ასევე, საკუთარი გამოძიების დაწყებას აპირებს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია.

* * *
ამასობაში სებასტიან ფეტელმა ხმაურიანად აღნიშნა მესამედ გაჩემპიონება. წინა ორი ტრიუმფის აღსანიშნავი ზეიმი აბუ დაბის სასტუმრო Yas-ში და იაპონიის ქალაქ იოკაჩის ირლანდიურ პაბში შედგა, ამჯერად კი სან პაულუს ჯერი დადგა.

საღამო კლუბ "ვილა მიქსში" იყო ორგანიზებული - ეს იყო ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირადღირებული ზეიმი იმათგან, რაც სებასტიან ფეტელს მოუწყვია.

მცირეხნიანი ვახშმის შემდეგ ფეტელი პუბლიკის წინაშე ღამის პირველ საათზე გამოჩნდა. მასთან ერთად, ჩემპიონობას დაახლოებით 1000 ბრაზილიელი აღნიშნავდა. აქედან 70 პროცენტი ქალები იყვნენ, აგრეთვე "რედ ბულის" მექანიკოსები და ინჟინრები. ისმოდა მხოლოდ ცოცხალი მუსიკა ჯგუფ Os Benditos-ის შესრულებით; ასევე, გამოდიოდა დიჯეი Pete Tha Zouk. რა თქმა უნდა, სასმელი უფასო იყო.

საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ღამის ოთხის ნახევარზე ფეტელი თავის მეგობარ ჰანასთან ერთად სასტუმროში გადაბარგდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული