საგულისხმო სტატისტიკა ბრაზილიის გრანპრის შემდეგ

AutoSharing Option
ბრაზილიის გრანპრის შემდეგ ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზამ - Forix-მა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გაავრცელა.

ფეტელის მესამე ტიტული
- სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მესამედ მოიგო საჩემპიონო ტიტული, რაც ადრე მხოლოდ ხუან-მანუელ ფანხიოსა (1954-57) და მიხაელ შუმახერს (2000-04) გაუკეთებიათ.

- ფეტელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა სამგზის ჩემპიონი. მან ამ მაჩვენებლით გაუსწრო აირტონ სენას. სებასტიანმა სამი ტიტული 25 წლის, 4 თვისა და 22 დღის ასაკში გაიფორმა, სენამ - 31 წლის, 7 თვისა და 13 დღის ასაკში.

- სებასტიან ფეტელი პირველი ჩემპიონია ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვისაც სეზონის
მსვლელობისას არ მოუგია არც ერთი ევროპული რბოლა. წელს მან მთავარი პრიზი მოიგო ბაჰრეინში, სინგაპურში, იაპონიაში, კორეასა და ინდოეთში.

- ამ სეზონის ფინალი ძალიან ჰგავდა 2010 წლის სიტუაციას - ფეტელმა ტიტული ბოლო რბოლაში ალონსოსთან კონკურენციისას მოიპოვა, წლის განმავლობაში ასევე ხუთი რბოლა მოიგო და გასხვავება მხოლოდ ერთ ქულაში იყო: 2012 წელს სამი ქულით ჩამოიტოვა ესპანელი, 2010-ში - ოთხით.

- 2012 წლის სეზონში "რედ ბულის" პილოტებმა რვაჯერ აიღეს სტარტი პოულიდან. ასეთივე შედეგი ჰქონდა "მაკლარენს". 1996 წლიდან მოყოლებული, ჩემპიონატს იგებს იმ გუნდის პილოტი, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი პოულია.

- 2012 წელს ფეტელი ათჯერ ავიდა პოდიუმზე. აქედან ოთხჯერ მან სამეულის მიღმა აიღო სტარტი.

ალონსოს მეორე ადგილი
- ფერნანდო ალონსომ ამ სეზონს საუკეთესო უწოდა თავის კარიერაში და სტატისტიკა ამას ადასტურებს. ლაპარაკია მანქანის არასაკმარის სიჩქარეზე, პირველ რიგში, კვალიფიკაციაში.

- ალონსომ ამ სეზონში მხოლოდ სამი გამარჯვება მოიპოვა. აქამდე სამი ეტაპის მოგებით მსოფლიოს ჩემპიონი ნელსონ პიკე გახდა, მაგრამ 1987 წლის ჩემპიონატი 16 ეტაპისგან შედგებოდა.

- ალონსომ მხოლოდ ორჯერ მოიპოვა პოული (ორივე წვიმიან ამინდში). აქამდე ორი პოულით ჩემპიონობა ალენ პროსტმა მოიპოვა 1989 წელს.

- 2012 წელს ფერნანდო ალონსო 13-ჯერ ავიდა პოდიუმზე. აქედან ათჯერ - იმ დროს, როცა სასტარტო ბილიკზე პირველ სამეულში არ იმყოფებოდა. ეს სარეკორდო მიღწევაა. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ალენ პროსტს, რომელიც 1986 წელს ცხრა პოდიუმის მფლობელი გახდა მეოთხე ან უფრო დაბალი სასტარტო პოზიციის პირობებში. ის სეზონი 16-რბოლიანი იყო.

- მთელი სეზონის განმავლობაში "ფერარის" პილოტებს არ ჰქონიათ არც ერთი საუკეთესო წრე - პირველად 1984 წლის შემდეგ.

- 2010 წლის კორეის გრანპრის შემდეგ პირველად, "ფერარის" ორივე პილოტი ავიდა პოდიუმზე. ამასთან, "რედ ბულის" ორივე პილოტი 2012 წელს სამჯერ მოხვდა პირველ სამეულში.

კვალიფიკაცია
- კარიერაში 26-ე პოულის მოპოვებით, ლუის ჰემილტონი გაუთანაბრდა მიკა ჰაკინენს და ახლა მასთან მერვე ადგილს იყოფს ყველა დროის სიაში.

ორივე პილოტს მხოლოდ "მაკლარენის" ბოლიდებით აქვთ მოგებული საკვალიფიკაციო რბოლები. სულ ბრიტანული საჯინიბოს ანგარიშზე 155 პოულია და აქედან 52 ჰემილტონმა და ჰაკინენმა მოიპოვეს.

სხვათა შორის, ჰემილტონის ბოლო პოული პირველია "ინტერლაგუშზე" "მაკლარენისთვის" 12-წლიანი შესვენების შემდეგ.

1. მიხაელ შუმახერი 68
2. აირტონ სენა 65
3. სებასტიან ფეტელი 36
4. ჯიმ კლარკი 33
4. ალენ პროსტი 33
6. ნაიჯელ მენსელი 32
7. ხუან-მანუელ ფანხიო 29
8. მიკა ჰაკინენი 26
8. ლუის ჰემილტონი 26

- ისტორიაში 62-ედ "მაკლარენის" ორივე პილოტმა დაიკავა სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი. ბრაზილიამდე "მაკლარენი" ამ მაჩვენებლით "უილიამსს" უთანაბრდებოდა.

- სეზონის მსვლელობისას მიღებული ჯარიმების გამო, პასტორ მალდონადომ საერთო ჯამში სასტარტო ბილიკზე 48 პოზიცია დაკარგა.

რბოლა
- ჯენსონ ბატონმა კარიერაში მე-15 რბოლა მოიგო. პირველად იმარჯვა ბრაზილიაში და "ინტერლაგუში" გახდა მე-12 ტრასა, რომელზეც ის პირველი მივიდა ფინიშთან. "მაკლარენისთვის" ეს იყო პირველი გამარჯვება ბრაზილიაში 2005 წლის შემდეგ, როცა ხუან-პაბლო მონტოიამ მოიგო რბოლა. ახლა "მაკლარენსა" და "ფერარის" ბრაზილიაში რვა-რვა გამარჯვება აქვთ.

- ბრაზილიის გრანპრის მსვლელობისას რბოლას ლიდერობდა ნიკო ჰიულკენბერგი. ის გახდა მე-13 პილოტი ამ სეზონში, ვინც სათავეში ედგა პელოტონს. ამდენივე ლიდერი ვიხილეთ 2009 წელს.

- ჰემილტონის უიღბლობა ბრაზილიაში გაგრძელდა. წინა ხუთი გამარჯვების შემდეგ ბრიტანელმა ვერცერთხელ ვერ შეძლო მომდევნო რბოლაში ფინიშამდე მისვლა - სამჯერ ავარიის გამო და ორჯერ გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით.

- კარიერაში თავის ბოლო რბოლაში მიხაელ შუმახერმა შეწყვიტა ზედიზედ ხუთრბოლიანი სერია, რომლის დროსაც "მერსედესის" პილოტები ვერ ახერხებდნენ ქულის მოპოვებას.

- კიმი რაიკონენმა ვერ შეძლო სეზონის მთელი დისტანციის გავლა - ბრაზილიის გრანპრიმდე ის ყოველთვის წრეზე ნაკლებს აგებდა ლიდერთან, "ინტერლაგუშში" კი წრე წააგო გამარჯვებულთან. ასე რომ, ამ სეზონში ვერც ერთმა პილოტმა ვერ გაიარა სრული დისტანცია. მიუხედავად ამისა, ფინელმა ახალი რეკორდი დაამყარა.

- 6083 კილომეტრი დაფარა, თან, სეზონის ყველა რბოლაში ახერხებდა ქულის მოპოვებას.

- მე-12 პოზიციის დაკავებით, შარლ პიკმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. სადებიუტო სეზონში ფრანგს არც ერთი გამოვარდნა არ ჰქონია ავარიის მიზეზით.

- სერხიო პერესმა "ზაუბერი" ისე დატოვა, რომ ბოლო ექვს რბოლაში ქულა არ მოუპოვებია - "მაკლარენში" ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგიაა
avtuko
17:13 29-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული