სებასტიან ფეტელს არაფერი ემუქრება

AutoSharing Option
რამდენიმე ესპანურმა გაზეთმა გამოაქვეყნა სენსაციური ინფორმაცია: "რედ ბულის" პილოტს სებასტიან ფეტელს შესაძლოა, ჩამოართვან ჩემპიონის ტიტული ბრაზილიის გრანპრიზე ჟან-ერიკ ვერნის არასწორი გასწრებისთვის.

ვედეოგამოსახულებაზე მართლაც ჩანს, რომ ფეტელმა ვერნს ე. წ. ყვითელი დროშების მოქმედების ზონაში გაუსწრო, სადაც მეტოქის უკან ჩამოტოვება აკრძალულია.

პილოტი, რომელიც ამ წესს არღვევს, ფინიშზე 20-წამიანი ჯარიმით ისჯება. თუ ფეტელის დროს 20 წამს დაუმატებენ, ის მეექვსედან მერვე ადგილამდე დაქვეითდება და შესაბამისად, მიიღებს არა რვას, არამედ ოთხ ქულას.

ასეთ შემთხვევაში, სებასტიანის მონაგარი საერთო ჩათვლაში 277 ქულამდე შემცირდება და ის ერთი ქულით
ჩამორჩება "ფერარის" პილოტ ფერნანდო ალონსოს.

შესაძლებელია თუ არა ჩემპიონატის შედეგების გადახედვა და ტიტულის ესპანელი პილოტისთვის გადაცემა?

სინამდვილეში, ამის შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ რბოლის დროს ბევრს საეჭვოდ მოეჩვენა ფეტელის შესრულებით სხვა გასწრება - მეშვიდე წრეზე, როცა გერმანელმა მსგავს სიტუაციაში გაუსწრო "ზაუბერის" იაპონელს კამუი კობაიაშის.

რბოლის დირექციამ ფინიშის შემდეგ ახსნა ეს სიტუაცია. შეგახსენებთ, რომ სტარტიდან ცოტა ხანში ტრასაზე გაწვიმდა.

პილოტები უნდა გაეფრთხილებინათ, რომ ტრასა სველი იყო. ამიტომაც მსაჯებმა ტრასის მომსახურე პერსონალს მიუთითეს გამოეფინათ სასიგნალო დროშები, მაგრამ არა ყვითელი, როგორც მსგავს შემთხვევებშია წესების თანახმად მიღებული, არამედ წითელ-ყვითელი.

დროშებთან ერთად, მსგავს შემთხვევებში გამოიყენება შუქის ტაბლო, რომელიც ფორმალურად ყვითლად ციმციმებდა, მაგრამ სინამდვილეში ის არა გასწრების აკრძალვას სიგნალიზებდა, არამედ აფრთხილებდა პილოტებს, რომ ტრასაზე წყალი იყო. ასე რომ, აქ ლაპარაკიც არ იყო დარღვევაზე.

ვერნს ფეტელმა უფრო ადრე, მე-4 წრეზე გაუსწრო. სიტუაცია ზუსტად ანალოგიური იყო - ყვითლად მოციმციმე ტაბლო. და გასწრების ზონაში საფრთხის არანაირი წყარო არ არსებობდა, სველი ასფალტის გარდა.

სხვათა შორის, წვიმის შემთხვევაში გამოფენილ წითელ-ყვითელ დროშებს ოთხი წრე არ აქრობენ. გამოდის, რომ ორივე გასწრება ერთი და იგივე გარემოებისას მოხდა და ამიტომაც ორგანიზატორთა განმარტება ფეტელს-კობაიაშის სიტუაციაზე სავსებით მისაღებია ფეტელისა და ვერნის შემთხვევისთვისაც.

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ იტალიურმა Correro Dello Sport-მა "ფერარის" წარმომადგენელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ალონსო პროტესტის შეტანას არ აპირებს.

მართალია, თეორიულად იგივეს გაკეთება შეუძლიათ, მაგალითად, "მერსედესსა" და "ტორო როსოს", მაგრამ ფეტელის დაქვეითებით ისინი გენერალურ კლასიფიკაციაში შესამჩნევ სარგებლობას მაინც ვერ ნახავენ.

გარდა ამისა, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის სპორტული კოდექსის თანახმად, პროტესტი უნდა შეიტანონ უშუალოდ რბოლის დასრულების შემდეგ, უფრო სწორად, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში.

თუმცა იმავე კოდექსში წერია, რომ "ახალი გარემოებების გაჩენის" შემთხვევაში რბოლაზე მომუშავე მსაჯებს ისევ შეუძლიათ შეკრება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ინიციატივა არა გუნდებიდან, არამედ ავტოსპორტის ფედერაციიდან უნდა მოდიოდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული