ჩემპიონი მხოლოდ მესამეა - ფორმულა 1-ის გუნდების ღირებულებები

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა გამოცემა "ფორბსმა" შემოგვთავაზა ფორმულა 1-ის გუნდების ღირებულებები. მათი საერთო ფასი 4.05 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ფორმულა 1-ის მორიგმა სეზონმა დააფიქსირა "რედ ბულის" ჰეგემონია: ავსტრიულმა გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო კონსტრუქტორთა თასი, მისი პილოტი სებასტიან ფეტელი კი სამგზის ჩემპიონი გახდა.

ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ასეთი კონკურენტუნარიანი საჯინიბო სულ რაღაც შვიდ წელიწადში შექმნა, თანაც, მას ზურგს არ უმაგრებდა არც ერთი საავტომობილო გიგანტი.

2010 წელთან შედარებით, გუნდის ღირებულება 67 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ასეთი წარმატებების მიუხედავად, "რედ ბული" ძალიან ჩამორჩება რეიტინგის პირველ ადგილს, რომელსაც ლეგენდარული
"ფერარი" იკავებს.

1. ფერარი
გუნდის ღირებულება: 1,15 მილიარდი
მფლობელი: Fiat Group
ქვეყანა: იტალია
მოგება: 384 მლნ
ბიუჯეტი: 260 მლნ
მთავარი სპონსორები: Marlboro, Santander, Shell

უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი მაგნიტივით იზიდავს არა მხოლოდ გულშემატკივრებს, არამედ სპონსორებსაც. კომპანიები მზად არიან ასტრონომიული თანხები გადაიხადონ იმისთვის, რომ მათი ლოგო წითელ ბოლიდზე განთავსდეს.

მარტო Marlboro-სთან, Santander-თან და Shell-თან სამ კონტრაქტს მოაქვს "ფერარისთვის" წელიწადში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი - ასეთ თანხას ფორმულა 1-ის არც ერთი სხვა გუნდი არ იღებს.

2. მაკლარენი
გუნდის ღირებულება: 800 მლნ
მფლობელები: Mumtalakat Holding, რონ დენისი, TAG Group
ქვეყანა: ბრიტანეთი
მოგება: 272 მლნ
ბიუჯეტი: 215 მლნ
მთავარი სპონსორები: Vodafone, Johnnie Walker, Hugo Boss

"მაკლარენი", რომელმაც წინა ორი სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ფასი დაუვარდა 2010 წლის რეიტინგთან შედარებით.

მისი ღირებულება 5 მილიონი დოლარით დაეცა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ბრიტანულ საჯინიბოს კიდევ უფრო რთული დროება ელის.

"მაკლარენი" დატოვა ნიჭიერმა ლუის ჰემილტონმა, Vodafone კი აპირებს გადახედოს სასპონსორო ხელშეკრულების პირობებს, რომელსაც დღეისთვის ყოველწლიურად 75 მილიონი დოლარი მოაქვს.

3. რედ ბული
გუნდის ღირებულება: 400 მლნ
მფლობელი: Red Bull
ქვეყანა: ავსტრია
მოგება: 160 მლნ
ბიუჯეტი: 205 მლნ
მთავარი სპონსორები: Casio, Infiniti, Pepe Jeans

2011 წელს "რედ ბულმა" ყველაზე მეტი ჰონორარი გამოიმუშავა - 98 მილიონი დოლარი, რასაც დაემატა 62 მილიონი სასპონსორო ხელშეკრულებებისგან, ატრიბუტიკის რეალიზაციისგან და სხვა აქციებისგან.

კომერციული პარტნიორებისგან შემოსავალი არც ისე მაღალია - ფორმულა 1-ის გუნდების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, "რედ ბული" ვერ ყიდის ყველა სარეკლამო ადგილს. ამიტომაც მათ საკუთარი სასმელების პოპულარიზაციისთვის იყენებს.

"რედ ბულში" შესანიშნავად იციან, როგორ წარმართონ საქმეები გლობალურ დონეზე. მათ ბიზნესის სფეროში მაღალი დონის სპეციალისტები ჰყავთ", - ამბობს Just Marketing International-ის შეფი ზაკ ბრანი.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასეთი შედეგების მისაღწევად კომპანიას ფორმულა 1-ის გუნდში უდიდესი თანხების ჩადება მოუწია.

4. მერსედესი
გუნდის ღირებულება: 390 მლნ
მფლობელი: Daimler
ქვეყანა: გერმანია
მოგება: 176 მლნ
ბიუჯეტი: 215 მლნ
მთავარი სპონსორები: Petronas, MIG Bank, Allianz

"მერსედესი" გამოეთხოვა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს, რომლის ადგილას რალფ შუმახერი მივიდა.

ჯერ უცნობია, როგორ აისახება ეს ტრანსფერი გუნდის ფინანსურ მაჩვენებლებზე, მაგრამ მალაიზიურ სანავთობო კომპანია Petronas-თან 55-მილიონიანი კონტრაქტი გერმანელთა ფინანსური კეთილდღეობის გარანტიაა.

ბიუჯეტის მიხედვით, "მერსედესი" დღეს მხოლოდ "ფერარის" ჩამორჩება.

5. უილიამსი
გუნდის ღირებულება: 290 მლნ
მფლობელი: სერ ფრენკ უილიამსი
ქვეყანა: ბრიტანეთი
მოგება: 153 მლნ
ბიუჯეტი: 125 მლნ
მთავარი სპონსორები: PDVSA, Randstad, Head & Shoulders

კონსტრუქტორთა თასის ცხრაგზის მფლობელი უკვე დიდი ხანია, ვერ ახერხებს სეზონის შედეგების მიხედვით პირველ ხუთეულში მოხვედრას.

ამ წლებში უღიმღამო გამოსვლას დაემატა სატიტულო სპონსორის - AT&T-ის დაკარგვა.

დახმარება საზღვარგარეთიდან მოვიდა. ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDSVA-მ 46 მილიონი გადაიხადა იმის სანაცვლოდ, რომ ბრიტანულ საჯინიბოში გარანტირებული ადგილი ჰქონდეს ვენესუელელ პასტორ მალდონადოს.

6. ლოტუსი
გუნდის ღირებულება: 270 მლნ
მფლობელი: Genii Capital
ქვეყანა: საფრანგეთი
მოგება: 150 მლნ
ბიუჯეტი: 160 მლნ
მთავარი სპონსორები: Lotus, Unilever, Embratel

"რენოს" საქარხნო გუნდის მემკვიდრემ - ლუქსემბურგულმა კერძო საინვესტიციო ფონდმა Genii Capital-მა საჯინიბო შეიძინა და თავიდან მასაც სასპონსორო კონტრაქტების იმედი ჰქონდა, რომელიც მის რენტა-დრაივერებს უნდა მოეტანათ.

მაგრამ შესამჩნევი გარღვევა "ლოტუსს" ჯერ არ აქვს.

ჭორების მიხედვით, გუნდის მფლობელები - ჟერარ ლოპესი და ჟერარ ლუქსი (Genii Capital) დამატებით ფინანსურ შემოსავალს ეძებს ვალების გასასტუმრებლად.

7. ფორს ინდია
გუნდის ღირებულება: 225 მლნ
მფლობელები: ვიჯეი მალია, Sahara Group
ქვეყანა: ინდოეთი
მოგება: 107 მლნ
ბიუჯეტი: 120 მლნ
მთავარი სპონსორები: Sahara, United Breweries Group (Kingfisher, Whyte & Mackay, Royal Challenge)

ინდური გუნდი, რომელიც ნორმალურ შედეგებს აჩვენებს ტრასაზე, ბოლიდზე სარეკლამო ადგილების გამოყენების მხრივ "რედ ბულზეა" ორიენტირებული.

"ფორს ინდიას" თანამფლობელი, მილიარდერი ვიჯეი მალია საჯინიბოს თავისი კომპანიის - United Breweries-ის ბრენდების პოპულარიზაციისთვის იყენებს.

იგივეთია დაკავებული Sahara-ს ჯგუფი, რომელსაც გუნდის 42-პროცენტიანი წილი ეკუთვნის.

8. ზაუბერი
გუნდის ღირებულება: 155 მლნ
მფლობელები: პეტერ ზაუბერი, მონიშა კალტენბორნი
ქვეყანა: ბრიტანეთი
მოგება: 92 მლნ
ბიუჯეტი: 90 მლნ
მთავარი სპონსორები: Telmex, Claro, საფეხბურთო კლუბი "ჩელსი"

ეკონომიურმა კრიზისმა სერიოზული ზარალი მიაყენა სასპონსორო ხელშეკრულებებისგან "ზაუბერის" შემოსავლებს. სამაგიეროდ, გუნდს დაეხმარა ფორმულა 1-ის პოპულარიზაცია ლათინურ ამერიკაში.

კომპანიებმა - Telmex-მა, Jose Cuervo-მ, Claro-მ, Disensa-მ, Interproteccion-მა და NEC-მა აღადგინეს "ზაურების" ფინანსური კეთილდღეობა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ "ზაუბერი" აქტიურად იწვევს თავის რიგებში მექსიკელ მრბოლელებს: წელს მისი საპრიზო პილოტი იყო სერხიო პერესი, გაისად კი მას ესტებან გუტიერესი შეცვლის.

9. ტორო როსო
გუნდის ღირებულება: 135 მლნ
მფლობელი: Red Bull
ქვეყანა: იტალია
მოგება: 80 მლნ
ბიუჯეტი: 105 მლნ
მთავარი სპონსორები: CEPSA, Falcon Private Bank

თავდაპირველად "ტორო როსო" გამოიყენებოდა "რედ ბულისთვის" პილოტების მოსამზადებლად, დროთა განმავლობაში კი გუნდი დამოუკიდებელი ერთეული გახდა.

"სკუდერიას" საქმეები არც ისე კარგად მისდის. მიუხედავად ამისა, მან 2011 წელს 50 მილიონი გამოიმუშავა და ახალი სპონსორები მიიღო: Falcon Private Bank და ესპანური სანავთობო კომპანია - CEPSA.

10. კატერჰემი
გუნდის ღირებულება: 105 მლნ
მფლობელი: ტონი ფერნანდესი
ქვეყანა: მალაიზია
მოგება: 87 მლნ
ბიუჯეტი: 95 მლნ
მთავარი სპონსორები: General Electric, EADS, Sibur

თავისი არსებობის სამწლიან ისტორიაში "კატერჰემი" სტაბილურად იკავებს მეათე ადგილს. ეს ხელს არ უშლის გუნდს, მიიღოს 45 მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო თანხა და 30 მილიონი General Electric-თან კონტრაქტისგან.

11. მარუსია
გუნდის ღირებულება: 75 მლნ
მფლობელი: Marussia Motors
ქვეყანა: რუსეთი
მოგება: 46 მლნ
ბიუჯეტი: 65 მლნ
მთავარი სპონსორები: Virgin, Armin Strom

მილიარდერი რიჩარდ ბენსონის კომპანიამ - Virgin Group-მა ფორმულა 1-ის გუნდი გაყიდა, მაგრამ იქ სპონსორის რანგში დარჩა.

ისევე, როგორც "კატერჰემი" და HRT, "მარუსიაც" სამი წლისაა და ჯერ კიდევ ელოდება სამეფო რბოლებში თავის პირველ ქულას.

12. HRT
გუნდის ღირებულება: 50 მლნ
მფლობელი: Thesan Capital
ქვეყანა: ესპანეთი
მოგება: 38 მლნ
ბიუჯეტი: 50 მლნ
მთავარი სპონსორები: TATA Motors, KH-7

ესპანური საჯინიბოს შემოსავლების ერთადერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა კომპენსაცია, რომელსაც ფორმულა 1-ის დებიუტანტებს უხდიან.

ასევე, გუნდს წილად ხვდა ბედნიერება, სასპონსორო ხელშეკრულება გაეფორმებინა ესპანურ ქიმიურ კომპანია KH-7-თან და ინდურ კომპანია Tata Motors-თან, რომელიც რენტა-დრაივერის ნარაიან კართიკეიანის სპონსორი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატია თანაც საკმაოდ საინტერესო რის გამოც ხშირად ვსტუმრობ თქვენს გვერდს თუმცა შეცდომა ხშირად გეპარებათ მერსედესში ლუის ჰამილტონი გადადის რალფ შუმახერი კი არა
avtuko
16:38 13-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული