"ფერარიში" დიდი რეორგანიზაციაა

AutoSharing Option
"ფერარის" შეფი სტეფანო დომენიკალია შობის წინ პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც იტალიური საჯინიბოს რიგებშია დაგეგმილი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ "ფერარი" 2013 წლისთვის განკუთვნილ ბოლიდს იანვრის ბოლოს წარმოადგენს.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობთ "ფერარიში" სტრუქტურის რეორგანიზაციაზე. ლაპარაკია ვარჯიშების ახალ მეთოდიკასა და ტექნიკურ ინოვაციებზე.

მაგალითად, ჩვენ მალე ახალი აეროდინამიკური მილი გვექნება, - ამბობს იტალიური საჯინიბოს დირექტორი. - როგორც იცით, მარანელოში დიდი რეორგანიზაციაა დაწყებული და რეკონსტრუქციის დასრულებას მომავალი წლის აგვისტოსთვის ვგეგმავთ.

ამიტომაც ჯერჯერობით გამოვიყენებთ კიოლნში "ტოიოტას" ბაზაზე არსებულ
აეროდინამიკურ მილს. რაც შეეხება ჩვენს ახალ ბოლიდს, მას პუბლიკის წინაშე იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში წარმოვადგენთ".

* * *

როგორც იცით, 2013 წლისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გერმანიის გრანპრის გამართვა, რადგან არც "ჰოკეინჰაიმრინგი" და არც "ნიურბურგრინგი" მზად არ აღმოჩნდა ფორმულა 1-ის ეტაპის სამასპინძლოდ. ამის მიზეზი, ძირითადად, ფინანსური პრობლემები გახდა.

მაგრამ ახლა ირკვევა, რომ "ნიურბურგრინგის" მფლობელები ახლოს არიან 2013 წლის რბოლის კონტრაქტის გასაფორმებლად. როგორც გაზეთი "ბილდი" წერს, უახლოეს ხანში შედგება შეხვედრა ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერთან ბერნი ექლსტოუნთან, რომლის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდება.

* * *
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ესპანელი ხაიმე ალგერსუარი, რომელიც 2012 წელს "პირელიში" ტესტ-პილოტად მუშაობდა, გერმანულ BMW-ს მოელაპარაკა და ამ გუნდის მანქანით DTM-ის სარბოლო სერიაში დაიწყებს გამოსვლას.

ესპანელი უკვე არაერთხელ შეხვდა გერმანული საჯინიბოს წარმომადგენლებს კონტრაქტის დეტალების შესათანხმებლად, მაგრამ არ ჩქარობდა ხელშეკრულების გაფორმებას, რადგან ბოლო მომენტამდე ჰქონდა იმედი, რომ ფორმულა 1-ში საპრიზო პილოტის როლს მიიღებდა, თუმცა ვერ მოახერხა პოტენციურ დამქირავებლებთან მოლაპარაკება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული