როგორი სეზონი გველოდება ფორმულა 1-ში?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში ტესტების დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირაა დარჩენილი, მარტში კი გაიმართება პირველი რბოლა მელბურნში.

ცნობილმა ბრიტანელმა ექსპერტმა ჯეიმს ალენმა თავისი მოსაზრებები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება 2013 წლის სეზონი...

დაძაბული ბრძოლა
წესები, რომლებიც აეროდინამიკის რეგლამენტირებას შეეხება, სერიოზულად არ შეცვლილა. ამასთან, გუნდებს მოუწევთ მნიშვნელოვანი რესურსების დახარჯვა 2014 წლის მანქანის შესაქმნელად. ასე რომ, სეზონის პირველ ნახევარში ტრასებზე ბრძოლა გამძაფრდება, რადგან რთული იქნება სიჩქარის რესურსების მოძიება.

მიუხედავად ამისა, არ უნდა ველოდოთ 2012 წლის სიტუაციის გამეორებას, როცა პირველი რვა ეტაპი ექვსი საჯინიბოს რვა სხვადასხვა
პილოტმა მოიგო. მაშინ ეს უკავშირდებოდა დიფუზორების გამოყენებას, რაც დროში დაემთხვა "პირელის" ახალ საბურავებზე გადასვლას.

ახალ წელს დიდია იმის შანსი, რომ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ სამი-ოთხი გუნდის პილოტები - "რედ ბულის", "მაკლარენის", "ფერარისა" და, შესაძლოა, "ლოტუსის". "მერსედესის" კონკურენტუნარიანობა ეჭვს იწვევს, თუმცა სერიოზული ყურადღება იქნება მიპყრობილი ლუის ჰემილტონისკენ, რომელიც ამ გუნდში გადავიდა. სებასტიან ფეტელი სეზონს ფავორიტის რანგში დაიწყებს, რადგან "რედ ბულმა" გასული სეზონი ფორმის პიკზე დაასრულა.

სეზონის მეორე ნახევარში ფინანსურად მძლავრი გუნდები კიდევ უფრო წინ წავლენ, რადგან გააგრძელებენ მანქანების დახვეწას. სხვები კი ამ დროს 2014 წელზე იქნებიან გადართულნი და შესაბამისად, თანდათან ჩამორჩებიან ლიდერებს. მაგრამ პელოტონის შუაში საინტერესო და დაძაბული ბრძოლის მოწმენი გავხდებით.

სეზონის დებიუტანტებს - ესტებან გუტიერესსა და ვალტერი ბოტასს სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოუწევთ გამოსვლა: მათგან მუდმივად შედეგიანი რბოლების მოლოდინში იქნებიან, რადგან კონსტრუქტორთა თასზე ძალიან დაძაბული ბრძოლა გაიმართება მეხუთე-მერვე ადგილებისთვის.

ტექნიკური მხარე
"პირელი" გუნდებს ჰპირდება საბურავებს, რომლებიც ორი ან სამი პიტსტოპის ჩატარებას მოითხოვს და არა ერთი ან ორის, როგორც ეს სეზონის ბოლოს იყო. ახალი საბურავი უფრო მალე უნდა გახურდეს და ეს დაეხმარება რბილი მართვის სტილის პილოტებს, მაგალითად, ჯენსონ ბატონს, გააუმჯობესოს კვალიფიკაციის შედეგები.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას გუნდებზე ნაკლებად არ სურდა მანქანების "ცხვირზე" "მახინჯი" საფეხურის მოშორება. ამიტომაც მიიღეს წესი, რომელიც სპეციალური დეკორატიული პანელის გამოყენებით მონოკოკის ზედა წერტილიდან "ცხვირისკენ" სწორად გადასვლის საშუალებას იძლევა. ამან ხელი უნდა შეუწყოს მანქანის გარეგნული მხარის გაუმჯობესებას.

ტრასის მიღმა მოვლენები
უნდა ველოდოთ, რომ რაღაცნაირად გაირკვევა საკითხი, რომელიც ბერნი ექლსტოუნსა და კორუფციულ სკანდალში მის შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება, რომლის დროსაც გერმანელი ბანკირი გერჰარდ გრიბოვსკი საპყრობილეში აღმოჩნდა.

ამას წინათ ექლსტოუნმა ამ თემას ორი ინტერვიუ მიუძღვნა. მაგალითად, გაზეთ "სანდი ტელეგრაფში" განაცხადა, რომ თუ გერმანული სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს, CVC (საინვესტიციო ფონდი, რომელიც ფორმულა 1-ის ეკონომიკას აკონტროლებს), სავარაუდოდ, ბერნის თავიდან მოიშორებს. ექლსტოუნი ამ ინტერვიუში დაპატიმრებასაც არ გამორიცხავდა.

თუმცა შემდეგ, იტალიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბერნიმ დამაჯერებლად განაცხადა, რომ ამ საქმეს სასამართლო პერსპექტივა არ გააჩნია.

გარდა ამისა, 2013 წელი უკვე დაიწყო, ჩვენ კი არაფერი გვსმენია თანხმობის ახალი ხელშეკრულების შესახებ. ძველმა დოკუმენტმა უკვე დაკარგა ძალა.

ახალი კომპანიები ფორმულაში
ექლსტოუნთან დაკავშირებული გაუგებრობის მიუხედავად, ფორმულა 1-ში ოფიციალური პარტნიორის რანგში მივიდა კომპანია Rolex. ასევე ელიან, რომ "ლოტუსის" ახალი სპონსორი გახდება ამერიკული საწარმოო გიგანტი Honeywell. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ წლის განმავლობაში ფორმულა 1-ში შეიძლება გამოჩნდეს რამდენიმე ბრენდი, რომელიც ეკონომიკურ ბაზარზე მსხვილ მოთამაშეებს განეკუთვნებიან.

ევროპაში გრძელდება ეკონომიკური რეცესია და ეს სიტუაცია, სავარაუდოდ, იმ ავტოდრომებსაც შეეხება, რომლებიც ფორმულა 1-ის რბოლებს იღებენ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ორი ესპანური ეტაპიდან დარჩა ერთი, საფრანგეთმა ვერ მოახერხა კალენდარში დაბრუნება და ისევ რჩება ეჭვი ნიურბურგრინგზე გერმანიის გრანპრის ჩატარების მხრივ.

მაინც 19 იქნება?
კვლავაც გაურკვეველია ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრის მიხედვით 21 ივლისს გასამართი რბოლის ბედი. "დიდი ცირკის" მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ კალენდარი არა 20, არამედ 19-რბოლიანი იქნება, რადგან არ ხერხდება ეტაპის ჩატარება თურქეთსა და ავსტრიაში.

"ავსტრიაში ძალიან ცოტა სასტუმროა. ეს ერთადერთი პრობლემაა, რადგან ტრასა ბრწყინვალეა, ხალხი კეთილი. ამიტომაც მათთან მუშაობა სასიამოვნოა", - ამბობს ექლსტოუნი.

ამასობაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის 7 ივლისს გერმანიის გრანპრის ჩატარება, თუმცა, ამ მხრივ, ექლსტოუნი დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს - გერმანული ეტაპის ორგანიზატორებთან უკვე ამ კვირის ბოლოს შეიძლება გაფორმდეს კონტრაქტი.
"რბოლა ნიურბურგრინგზე უნდა გაიმართოს და ვცდილობთ, ეს საკითხი მოვაგვაროთ, - განაცხადა ექლსტოუნმა. - გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებები ყოველდღე მიმდინარეობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1–ის ყველა დროის საუკეთესოთა საკამათო ათეული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული