ფორმულა 1: გაპარტახებული ვალენსია

AutoSharing Option
გასული წლის ბოლოს გაიმართა პოლემიკა ბარსელონასა და ვალენსიას ავტოდრომების მფლობელებს შორის, რომელიც ესპანეთის გრანპრის მასპინძლობას უკავშირდებოდა.

თითქოს კომპრომისი მოიძებნა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვალენსიაში ქუჩის ტრასა თითქმის გამოუსადეგარი გახდა.

ესპანური გაზეთი "მარკა" ხატავს ავტოდრომის დღევანდელი მდგომარეობის ნაღვლიან სურათს: რბოლის მართვის ელექტრონული ბლოკები მოპარულია, დამსხვრეულია ქუჩის სანათები, გაქრა საკანალიზაციო ორმოების სახურავები...

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტრასას ყურადღებას არავინ აქცევს და მაროდიორებმა დიდი ხანია გაიტაცეს ყველაფერი, რაც რაიმე ღირებულებას წარმოადგენდა.

სიტუაცია იმდენად სავალალოა, რომ გვირაბი, რომლის მეშვეობითაც ტრასაზე მოხვედრაა შესაძლებელი, დაიტბორა, ხოლო
ხიდი, რომლის აშენებაზე ორი მილიონი ევრო დაიხარჯა, უსახლკაროთა თავშესაფრად იქცა.

ტრასასთან მიმდებარე სახლების ბინადრებმა ქალაქის მთავრობას სთხოვეს ტრასას რაიმე სარგებლობა მოუნახონ იქამდე, სანამ იქ ფორმულა 1 არ დაბრუნდება.

ალონსოს ხერესში არ იქნება
"ფერარის" პირველ ტესტებს ხერესის ავტოდრომზე ბრაზილიელი ფელიპე მასა დაიწყებს, - იტყობინება "სკუდერიას" პრეს-სამსახური.

ოფიციალური ტესტების პირველი სერია ხერესში ხუთიდან რვა თებერვლამდე გაიმართება და იქ ვერ ვიხილავთ "ფერარის" ლიდერს, ესპანელ ფერნანდო ალონსოს. 5-7 თებერვალს, ახალი ბოლიდით იმუშავებს მასა, 8 თებერვალს კი მას გუნდის ახალი ტესტ-პილოტი პედრო დე ლა როსა შეცვლის.

ფერნანდო ალონსო თებერვლის პირველ ნახევარში საკუთარი პროგრამით მოემზადება ახალი სეზონისთვის - ეს იქნება, ძირითადად, ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები, ხოლო უშუალოდ მანქანის ტესტებს ის მხოლოდ 19 თებერვალს, ბარსელონას ავტოდრომზე შეუდგება.

ალონსოც ზედიზედ სამი დღე იმუშავებს ტრასაზე და 22 თებერვალს დაჯდება საჭესთან მასა.

რაც შეეხება ტესტების მესამე სერიას, "ფერარის" პილოტები იქ დღეგამოშვებით იმუშავებენ. ასე რომ, ოფიციალური ტესტებისას მასა ტრასაზე ექვს დღეს გაატარებს, ალონსო - ხუთს და ერთი დღე დაეთმობა დე ლა როსას.

კუბიცა ფორმაში მოდის
პოლონელმა რობერტ კუბიცამ წარმატებით დაასრულა DTM-ის სერიის პირველი სატესტო დღე "მერსედესის" მანქანით.

ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა 114 წრე გაიარა იმის მიუხედავად, რომ საჭირო გახდა ვარჯიშის შეწყვეტა წვიმის მიზეზით.

"ჩემმა პირველმა სატესტო დღემ ძალიან კარგად ჩაიარა, ბევრი ახალი რამ გავიგე ამ სერიისა და უშუალოდ მანქანის შესახებ, - ამბობს კუბიცა ბრიტანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში. - დასაფიქსირებელი წრე მშრალ ტრასაზე გავიარე, მაგრამ შემდეგ ძლიერი წვიმა წამოვიდა და ლოდინი მოგვიწია, სანამ ასფალტი გაშრებოდა.

საკმაოდ იოლად შევძელი Mercedes AMG C-Coupe-თან ადაპტირება და საჭესთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მაღალი მოჭიდების ძალისთვის შეგუება მომიწია, რაც არ იყო იოლი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგებით და დღეს არანაირი პრობლემა არ შემქმნია".

ამასთან, პოლონელი არ ადასტურებს, რომ 2013 წელს სწორედ DTM-ის სერიაში გამოვა: "DTM-ში სეზონი საკმაოდ გვიან იწყება, ასე რომ, წინ დიდი დრო მაქვს, თუმცა უმჯობესი იქნება სწრაფად გავერკვიო იმ ვარიანტებს შორის, რომელიც ახლა გამაჩნია.

DTM - ერთ-ერთი ვარიანტია. ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ შევინარჩუნე სისწრაფე და შემიძლია კარგი შედეგების ჩვენება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1–ის სიახლეები თოვლის ფონზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული