ფორმულა 1: სეზონი "ლოტუსმა" გახსნა

AutoSharing Option
პირველმა ეს შარშანდელი ჩემპიონატის მეოთხე გუნდმა - "ლოტუსმა" გააკეთა.

მალაიზიური გუნდის ახალი მანქანის ინდექსია - E21. ის არის რიგით 21-ე ბოლიდი, რომელიც ენსტოუნის ბაზაზე შეიქმნა. გარეგნულ მხარეში მთავარი ცვლილება ის არის, რომ შავსა და ოქროსფერს დაემატა წითელი. სხვა მხრივ, ბოლიდი შარშანდელ E20-ს ჰგავს - მანქანის "ცხვირზე" 2012 წლის სეზონისთვის დამახასიათებელი საფეხურიც კი არ შეცვლილა. თუმცა, რეალურად, ბევრ კომპონენტშია ცვლილება მიღწეული და ამას ადასტურებს გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი, რომელიც პასუხისმგებელი იყო E21-ის შექმნაზე.

"ენსტოუნში იციან, როგორ ააგონ ახალი მანქანა და
როგორ მოიგონ ჩემპიონატი, თუმცა ჩვენი ბოლო ჩემპიონობიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ახლა ისევ გვინდა, ეს გრძნობა გამოვცადოთ.

სერიოზული ინვესტიციების წყალობით, გუნდს ენსტოუნში ფანტასტიკური ბაზა აქვს, სადაც გამოცდილი ინჟინერები და კონსტრუქტორები მუშაობენ. მათ შარშან შესანიშნავი მანქანა შექმნეს და E21 იმ ბოლიდის განვითარებული ვარიანტია. გვყავს პილოტების შესანიშნავი წყვილი - მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი და ახალგაზრდა რომენ გროსჟანი. მხარს გვიმაგრებენ ძლიერი პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის", - ამბობს "ლოტუსის" შეფი ერიკ ბუიე.

პრეზენტაციაზე "ლოტუსმა" დაასახელა სამი ახალგაზრდა პილოტი, რომლებიც წელს გუნდში იმუშავებენ: GP2-ის სერიის ჩემპიონი დავიდე ვალსეკი გუნდის მესამე პილოტი გახდა, ჟერომ დ'ამბროზიო - სათადარიგოა, ნიკოლა პროსტი კი მანქანის განვითარებაზე იმუშავებს.

ნიურნბურგრინგი გამოირიცხა
როგორც გაირკვა, წელს გერმანიის ნიურნბურგრინგზე ფორმულა 1-ის რბოლა არ ჩატარდება. "სამეფო რბოლების" მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მონდომებით ცდილობდა ტრასის მფლობელებისგან ფინანსური გარანტიების მიღებას, მაგრამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ბრიტანელმა ხელი ჩაიქნია.

"დეტალურად შევისწავლეთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეტაპი გამართულიყო. ყველა ძალა ჩაერთო ამ საქმეში, მაგრამ ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ ავტოდრომს არ შეუძლია ჩვენთვის საჭირო ფინანსური გარანტიების მოცემა. ამიტომაც შევწყვიტეთ მოლაპარაკებები", - ამბობს ექლსტოუნი გერმანული პრესისთვის მიცემულ კომენტარში.

რბოლა 7 ივლისს აუცილებლად გაიმართება, რადგან ეს დღე ოფიციალურად არის დადასტურებული კალენდარში. ახლა ეტაპის ჩატარების მთავარი პრეტენდენტი კიდევ ერთი გერმანული ტრასა - ჰოკენჰაიმი გახდა.

მონტოიას ჰეთ-თრიკი
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა ხუან-პაბლო მონტოიამ კარიერაში მესამედ მოიგო სახელგანთქმული დაიტონას 24-საათიანი რბოლა. კოლუმბიელს გამარჯვებაში დაეხმარნენ გუნდ Chip Ganassi Racing-ში მისი პარტნიორები - ჩარლი კიმბალი, სკოტ პრიუეტი და მემო როხასი.

Chip Ganassi Racing-ის მრბოლელები Riley-BMW-ის მანქანით გამოდიოდნენ და საბოლოოდ უახლოეს კონკურენტებს 20 წამზე მეტით გაუსწრეს. თუმცა არ შეიძლება ამ გამარჯვებას იოლი ეწოდოს და მონტოიამ მასში დიდი წვლილი შეიტანა. დისტანციის ბოლო მონაკვეთზე მან საჭე მაშინ ჩაიბარა, როცა ხუან-პაბლოს ეკიპაჟი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. დარჩენილ დროში მონტოიამ მოასწრო ეი-ჯეი ალმენდინგერის (Michael Shank Racing), ჟოაო ბარბოზასა (Action Express Racing) და მაქს ანჯელელის (VelocityWW) გასწრება.

ადრე მონტოიას "დაიტონას 24 საათი" 2007 და 2008 წლებში აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიდი და პატარა შუმები: ერთად ტესტებზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული