ახალი ბოლიდი მხოლოდ "უილიამსს" არ წარმოუდგენია - ბრიტანელებმა პრეზენტაცია ტესტების შემდეგი სერიისთვის გადადეს, ამჯერად კი "პირელის" ახალ საბურავებთან მუშაობაზე გააკეთეს აქცენტი.
დანარჩენი გუნდები კი ახალი მანქანებით მუშაობდნენ. პირველ დღეს საჭირო იყო სისტემების საბაზო შემოწმება და დასახული პროგრამით მოქმედება. მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, ნებადართულია ტესტების მხოლოდ 12 დღე, ამიტომაც თითოეული მათგანი ძალიან
ტრიბუნებზე მაყურებელი ცოტა იყო, რადგან ესპანური პუბლიკის კერპმა ფერნანდო ალონსომ ხერესის ტესტების გამოტოვება გადაწყვიტა და ამან დასწრებაზე იმოქმედა.
პირველი სესია რამდენჯერმე წითელი დროშებით შეწყდა. სტარტიდან ნახევარი საათის შემდეგ ჯენსონ ბატონი მეოთხე მოსახვევში გაჩერდა საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამას მოჰყვა "მერსედესის" სირთულეები - მწყობრიდან გამოვიდა ელექტრონიკა და გერმანული საჯინიბოს მანქანა მცირე ხნით აალდა კიდეც, მაგრამ ცეცხლი მალე ჩაქრა.
საბოლოოდ, ბატონმა ბევრი დრო დაკარგა, ნიკო როსბერგი კი ტრასაზე აღარ დაბრუნებულა - "მერსედესმა" პროგრამის ნაადრევად დასრულების შესახებ გამოაცხადა. გერმანელებმა გაარკვიეს პრობლემის მიზეზი, მაგრამ მისი მოგვარება ვერ შეძლეს, რადგან ბაზაზე საჭირო ნაწილები არ ჰქონდათ. W04-ის საჭეს ლუის ჰემილტონი მიუჯდება.
საღამოს სესიაზე მესამედ გამოფინეს წითელი დროშები - მოსახვევში ტრასიდან გადავარდა "მარუსიას" დებიუტანტი მაქს ჩილტონი. MR2-ს დაკიდება დაუზიანდა და ამ გუნდმაც ნაადრევად დაასრულა მუშაობა.
საერთო ჯამში, ახალი მანქანები საიმედოობით გამოირჩეოდა. პირველ დღეს პილოტებმა საკმაოდ დიდი მანძილი გაიარეს - ხერესში რბოლის დისტანცია 69 წრეს შეადგენს და ბევრი მიუახლოვდა ამ მაჩვენებელს. საუკეთესო დრო აჩვენა ჯენსონ ბატონმა - მან ეს სესიის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გააკეთა.
შარშანდელ შედეგებთან შედარებას აზრი არ აქვს, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში გუნდებმა სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს და საბურავების შემადგენლობაც სხვანაირი იყო, მაგრამ მაინც შეგახსენებთ - შარშან, თებერვალში, საუკეთესო დრო ფერნანდო ალონსომ დააფიქსირა - 1:18.877.
I დღე
1. ბატონი (მაკლარენი) 1.18,861 (37 წრე)
2. უებელი (რედ ბული) +0,848 (73)
3. გროსჟანი (ლოტუსი) +0,935 (54)
4. დი რესტა (ფორს ინდიან) +1,482 (89)
5. რიკარდო (ტორო როსო) +1,540 (70)
6. მასა (ფერარი) +1,675 (64)
7. ჰიულკენბერგი (ზაუბერი) +1,838 (79)
8. როსბერგი (მერსედესი) +1,985 (11)
9. მალდონადო (უილიამსი) +2,003 (84)
10. ვან დერ გარდე (კატერჰემი) +3,054 (64)
11. ჩილტონი (მარუსია) +5,315 (29)
ნაჩქარევი პრეზენტაციები
თუ "უილიამსს" არ ჩავთვლით, ფორმულა 1-ის ყველა გუნდმა გვიჩვენა 2013 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდი. ყველაზე ბოლოს ეს გააკეთეს "ტორო როსომ", "კატერჰემმა" და "მარუსიამ". სამივემ პრეზენტაციისთვის ხერესის ავტოდრომი აირჩია.
"ტორო როსოში" პილოტების შემადგენლობა უცვლელი დარჩა – პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ დანიელ რიკარდო და ჟან-ერიკ ვერნი. სამაგიეროდ, ცვლილებაა ტექნიკურ შტაბში – იქ გამოჩნდა ჯეიმს კი, რომელიც “ზაუბერიდან” გადავიდა "ტორო როსოში".
ბრიტანელი ინჟინრის მისვლისთვის ბოლიდზე მუშაობა დასრულებული იყო. ასე რომ, ჯეიმს კის ამოცანა ახალი მანქანის ოპტიმიზაცია გახლავთ. შეგახსენებთ, რომ "ტორო როსომ" შარშანდელი სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა და საჯინიბოს ხელმძღვანელობას ამ შედეგის გაუმჯობესება სურს.
რაც შეეხებათ აუტსაიდერებს - "კატერჰემსა" და "მარუსიას", მათ თავიანთი მანქანები ტესტების დაწყებამდე 15 წუთით ადრე გვიჩვენეს.
ემირეიტსი - დიდი ცირკის სპონსორი
ავიაკომპანია "ემირეიტსმა" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფორმულა 1-ის სპონსორი გახდება, - იტყობინება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი. ხელშეკრულება 5 თებერვალს აბუ დაბიში გაფორმდა.
კომპანიის ლოგო ჩემპიონატის 15 რბოლის დროს ტრასის ტერიტორიასა და პადოკებში იქნება გამოფენილი.
წელს 19 რბოლა იქნება
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ 2013 წელს თურქეთის გრანპრი არ გაიმართება. წლევანდელ სეზონში 19 ეტაპი ჩატარდება.
"კალენდარში ახალი ეტაპის შეტანის საკითხი რამდენიმე დღეში ვერ გადაწყდება, - ამბობს ექლსტოუნი. - ახლა დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ თურქეთი მზად არის გრანპრის ჩასატარებლად. ამიტომაც დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ 2013 წელს 19 რბოლას ვიხილავთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: ახალი "მერსედესი" უკვე გასინჯეს