ფორმულა 1: მესამე დღე მასასი იყო

AutoSharing Option
სანამ მესამე დღის შესახებ მოგიყვებოდეთ, მოკლედ მეორე დღის შედეგებზე ვთქვათ.

საუკეთესო დრო "ლოტუსის" პილოტმა რომენ გროსჟანმა აჩვენა, მაგრამ მთავარი ის იყო, რაც "მერსედესის" ახალწვეულს, ლუის ჰემილტონს შეემთხვა. ბრიტანელი პირველად იჯდა გერმანული საჯინიბოს ბოლიდის საჭესთან და მხოლოდ 15 წრის გავლა მოასწრო. ლუისი ერთ-ერთ მოსახვევში ვერ შევიდა და საათში 275 კილომეტრი სიჩქარით შეეჯახა უსაფრთხოების კედელს.

"მერსედესისთვის" ტესტების პირველი ორი დღე ცუდად განვითარდა. პირველ დღეს ნიკო როსბერგმა მხოლოდ 13 წრე გაიარა და შეწყვიტა ვარჯიში ტექნიკური პრობლემების გარეშე. ახლა კი ავარია შეემთხვა მსოფლიოს 2008
წლის ჩემპიონს.

* * *
ტესტების მესამე დღეს გუნდების უმეტესობაში პილოტები შეიცვალნენ. მხოლოდ "ფერარის" ბოლიდის საჭესთან დარჩა ფელიპე მასა, "ფორს ინდიაში" კი დღე გაინაწილეს ჯეიმს როსიტერმა და პოლ დი რესტამ.

გუნდების ნაწილმა დილიდან აქცენტი გააკეთა წრეების გრძელ სერიაზე, სხვები აეროდინამიკურ ტესტებზე მუშაობდნენ. ისინი პილოტს ფიქსირებული სიჩქარით მოკლე წრეზე უშვებდნენ. ეს ცალკეული ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და მახასიათებლების ეფექტურობის შესამოწმებლად ხდებოდა.

დილით "ფორს ინდიას" ბოქსებში პატარა ინციდენტი მოხდა - როსიტერმა პიტ-ლეინზე დამუხრუჭება დააგვიანა და ერთ-ერთ მექანიკოსს დაეჯახა. საბედნიეროდ, დაზარალებული მცირე დაზიანებებით გადარჩა. ბოლიდის პოლ დი რესტასთვის გადაცემის შემდეგ ჯეიმსმა თავის "ტვიტერზე" დაწერა: "მოხარული ვარ, რომ ჩემს მექანიკოსს ყველაფერი წესრიგში აქვს - რამდენიმე სისხლჩაქცევა და მეტი არაფერი. როგორც ჩანს, დღეს ლუდის ფულს მე ვიხდი".

სესიის დაწყებიდან დაახლოებით საათნახევარში პილოტებს ბოქსებში დაბრუნება მოუწიათ წითელი დროშების გამოფენის გამო - შარლ პიკი გაჩერდა ტრასაზე ტექნიკური პრობლემების მიზეზით. მოგვიანებით პრობლემები შეექმნა ჟან-ერიკ ვერნს პიტ-ლეინზე შესვლისას და ტესტები ისევ შეწყდა, ხოლო სესიის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ჯენსონ ბატონმა გააჩერა მანქანა. ასე რომ, გუშინდელი დღე გამოფენილი წითელი დროშებით დასრულდა.

"მერსედესში" სცადეს ფაქტობრივად დაკარგული პირველი ორი დღის კომპენსირება და ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ნიკო როსბერგმა 7 თებერვალს ყველაზე გრძელი დისტანცია გაიარა - 148 წრე.

გუშინდელ ოქმს სათავეში ჩაუდგა ფელიპე მასა. ჯერ კიდევ დილით მან საუკეთესო დრო აჩვენა Soft-ის საბურავებით და ეს შედეგი ვერავინ გააუმჯობესა. საინტერესოა, რომ ბრაზილიელის დრო საუკეთესოა მთლიანად სამი დღის შედეგების მიხედვით.

8 თებერვალს გუნდები ბოლო სატესტო სერიას ჩაატარებენ ხერესის ავტოდრომზე.

შედეგები
1. მასა (ფერარი) 1:17.879 (85 წრე)
2. როსბერგი (მერსედესი) +0.887 (148)
3. ფეტელი (რედ ბული) +1.173 (102)
4. რაიკონენი (ლოტუსი) +1.321 (40)
5. ვერნი (ტორო როსო) +1.368 (85)
6. როსიტერი (ფორს ინდია) +1.424 (42)
7. ბატონი (მაკლარენი) +1.724 (83)
8. გუტიერესი (ზაუბერი) +2.055 (110)
9. ჩილტონი (მარუსია) +3.390 (78)
10. ბოტასი (უილიამსი) +3.696 (86)
11. პიკი (კატერჰემი) +4.473 (57)
12. დი რესტა (ფორს ინდია) +5.850 (7)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: აალებული "მერსედესი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული