მეოთხე დღეს, ხუთ გუნდში მოხდა პილოტთა ცვლილება: პედრო დე ლა როსას ჰქონდა დებიუტი "ფერარის" საჭესთან (მან ფელიპე მასა შეცვალა), ლუის ჰემილტონმა შეცვალა ნიკო როსბერგი "მერსედესში", სერხიო პერესმა - ჯენსონ ბატონი "მაკლარენში", ლუის რაზიამ - მაქს ჩილტონი "მარუსიაში", ჟიულ ბიანკიმ - პოლ დი რესტა "ფორს ინდიაში" დილის
ტესტების დაწყებიდან ერთ საათში წითელი დროშები ააფრიალეს - ერთ-ერთ წრეზე "ფერარის" ბოლიდზე მწყობრიდან გამოვიდა გადაცემათა კოლოფი. მანქანის უკანა ნაწილს ცეცხლი მოედო და საქმეში ჩარევა მოუწიათ მეხანძრეებსა და ტრასის მომსახურე პერსონალს. მანქანა ბოქსებში გადაიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ, დე ლა როსა დაუბრუნდა ტრასას.
მეორედ წითელი დროშები გამოფინეს გუტიერესის მანქანის გაჩერების გამო - ბოლიდში საწვავი გათავდა, მესამე პაუზა კი გამოწვეული იყო ტრასის დაზიანებით და რემონტი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა.
დილით, ბევრმა გუნდმა მიმართა რბოლის იმიტაციას, საღამოსთვის კი პილოტები მოკლე სერიებზე გადავიდნენ. მეოთხე დღეს საუკეთესო დრო აჩვენა კიმი რაიკონენმა, ყველაზე გრძელი დისტანცია კი ლუის ჰემილტონმა გაიარა - 145 წრე.
ფორმულა 1 ეთხოვება ხერესს, 11 დღეში კი გუნდები შეიკრიბებიან ბარსელონაში, სადაც 19 თებერვალს სტარტს იღებს ზამთრის ტესტების მეორე სერია.
IV დღე
1. რაიკონენი (ლოტუსი) 1:18.148 (82 წრე)
2. ბიანკი (ფორს ინდია) +0.027 (56)
3. ფეტელი (რედ ბული) +0.417 (96)
4. გუტიერესი (ზაუბერი) +0.521 (142)
5. ვერნი (ტორო როსო) +0.612 (92)
6. ჰემილტონი (მერსედესი) +0.757 (145)
7. პერესი (მაკლარენი) +0.796 (97)
8. ბოტასი (უილიამსი) +1.703 (91)
9. დე ლა როსა (ფერარი) +2.168 (50)
10. პიკი (კატერჰემი) +2.957 (109)
11. რაზია (მარუსია) +3.078 (81)
12. დი რესტა (ფორს ინდია) +5"287 (49)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: მესამე დღე მასასი იყო