"ფერარი" მსოფლიოს საუკეთესო ბრენდია

AutoSharing Option
იტალიური კომპანია "ფერარი", რომელიც კონცერნ FIAT-ის საკუთრებაა, სათავეში ჩაუდგა მსოფლიოში 500 ყველაზე ცნობილი კომპანიის რეიტინგს, რომელიც Brand Finance-მა შეადგინა.

"ფერარიმ" უმაღლესი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან და უკან ჩამოიტოვა Google, Coca-Cola, PwC და Hermes. მართალია, იტალიური კომპანია თავისი სიდიდითა და ფინანსური მოგებით ბევრ თავის კონკურენტს ჩამორჩება, მაგრამ რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა რენტაბელობა, ერთი კლიენტისგან საშუალო შემოსავალი, მარკეტინგის ეფექტურობა და ბრენდის პოპულარობა.

"ყოველთვის სასიამოვნოა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კომპანიების სიის სათავეში ყოფნა. ეს მიღწევა იმაზე მიუთითებს, რომ კრიზისულ პერიოდშიც იტალიას შეუძლია მსოფლიოს
ბიზნესს შესთავაზოს საჭირო გამოცდილება. ეს არის უნიკალური პროდუქტის აღიარება, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები აწარმოებენ. მათი წყალობით მოვიპოვეთ ეს ჯილდო"
, - განაცხადა "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ.

ჰემილტონმა ფეტელს გაუსწრო
გასულ კვირას "მერსედესის" ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა მეორედ მიიღო მონაწილეობა BBC-ის პოპულარულ პროგრამა Top Gear-ში. კვირას ეს გადაცემა ბრიტანულ ტელეეთერში გავიდა და როგორც გაირკვა, "მერსედესის" პილოტმა ტრასის ახალი რეკორდი დაამყარა Suzuki Liana-ს ავტომობილით.

ლუისმა საუკეთესო წრე წუთსა და 42.9 წამში გაიარა, რაც ერთი წამით უკეთესია წინა რეკორდზე, რომელიც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, "რედ ბულის" პილოტ სებასტიან ფეტელს ეკუთვნოდა.

"მოხიბლული ვარ ჩემი დროთ, - განაცხადა ლუისმა, - მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ვერ შევძელი ყველა დროის საუკეთესო შედეგის ჩვენება".

13 მილიონით ნაკლები აუდიტორია
დაძაბული და საინტერესო სეზონის მიუხედავად, 2012 წელს ფორმულა 1-ის სატელევიზიო აუდიტორიამ იკლო. გასულ წელს "სამეფო რბოლების" ეტაპებს 502-მა მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც 13 მილიონით ნაკლებია 2011 წელთან შედარებით.

ფორმულა 1-ის აუდიტორიის კლება, ძირითადად, იმით არის განპირობებული, რომ ჩინეთში დაეცა "დიდი ცირკის" პოპულარობა. ეს კი იმით აიხსნება, რომ სეზონში რამდენიმე გრანპრი ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების თარიღს დაემთხვა.

აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის ტელეაუდიტორიის დათვლისას გაითვალისწინეს ყველა ადამიანი, ვინც ერთი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 15 წუთი უყურა რბოლების ტრანსლაციას.

"ზოგიერთ ქვეყანაში აუდიტორიის ზრდამ ვერ შეძლო ჩინეთში ინტერესის კლების კომპენსირება", - ასეთი კომენტარი გაუკეთა შექმნილ სიტუაციას ფორმულა 1-ის პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა.

აღვნიშნავთ, რომ 2012 წელს დაფიქსირდა ტელეაუდიტორიის ზრდა ბრაზილიაში, ესპანეთსა და იტალიაში და კლება - აშშ-ში, ბრიტანეთში, რუსეთსა და ჩინეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფერარიმ" ახალი ბოლიდი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული