ლუის ჰემილტონმა სეზონი ავარიით დაიწყო

AutoSharing Option
მელბურნის "ალბერტ-პარკზე" ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო ფორმულა 1-ის ახალი სეზონი.

ავსტრალია სეზონის გახსნას კარგი ამინდით შეხვდა. პირველი ტრასაზე დანიელ რიკარდო გავიდა, მაგრამ წრე არ დაასრულა და ბოქსებში დაბრუნდა. ასე მოიქცნენ სხვებიც. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში დრო არავის დაუფიქსირებია და მხოლოდ 38-ე წუთზე გაჩნდა პირველი შედეგი - მისი ავტორი რიკარდო გახდა.

ძალიან მალე, პილოტები ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ ტრასაზე. დიდი ხანი კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა კიმი რაიკონენი, მაგრამ შემდეგ თავიანთი სიტყვა თქვეს ტრადიციულმა ლიდერებმა - "ფერარიმ" და "რედ ბულმა". საუკეთესო დრო სებასტიან ფეტელმა
აჩვენა - 1:27.211. შემდეგ მოდიან ფელიპე მასა, ფერნანდო ალონსო და ლუის ჰემილტონი, რომელიც წელს "მერსედესის" ბოლიდით გამოდის.

ხოლო ლუისის ძველი გუნდის - "მაკლარენის" პილოტები სიჩქარით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ - ჯენსონ ბატონი მხოლოდ მეცხრე იყო, სერხიო პერესი - მე-11. მათ შორის აღმოჩნდა რომენ გროსჟანი, ხოლო "ლოტუსის" ლიდერმა რაიკონენმა მეექვსე დრო აჩვენა.

საინტერესოა, რომ აუთსაიდერებს შორის ყველაფერი ძველებურად იყო - ისინი დაახლოებით 5 წამს აგებდნენ ლიდერთან. ერთი გამონაკლისი გახდა ჟიულ ბიანკი, რომელმაც თავის უშუალო კონკურენტებს წამით გაუსწრო.

საერთო ჯამში, პირველმა სესიამ დიდი სიურპრიზები არ მოიტანა - შედეგები დაახლოებით ისეთივე იყო, როგორსაც პილოტები შარშან აჩვენებდნენ.

* * *
მეორე სესიაში გუნდებმა გააგრძელეს მუშაობა სარბოლო მახასიათებლებზე და თან შეაფასეს "პირელის" საბურავების ორივე შემადგენლობის ეფექტურობა.

სესიამ მშვიდად ჩაიარა, თუმცა იყო პატარ-პატარა ინციდენტები. თავიდან გიდო ვან დერ გარდე, შემდეგ კი ლუის ჰემილტონი აღმოჩდნენ ტრასის მიღმა. რამდენიმე წუთის შემდეგ გაჩერდა "მერსედესის" მეორე მანქანა - ნიკო როსბერგს შეექმნა პრობლემები გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებით. ერთხელ საჭე ვერ დაიმორჩილა მარკ უებერმა, თუმცა მანქანა არ დაუზიანებია.

ისევე, როგორც პირველ სესიაში, ამჯერადაც საუკეთესო დრო აჩვენა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც 1:25.908 დააფიქსირა. ლიდერთან წამზე ნაკლები ჩამორჩენა ჰქონდა შვიდ პილოტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2013 წელი ციფრებში




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული