ავსტრალიის გრანპრი: გამართლებული რისკი

AutoSharing Option
მრავალთვიანი მოლოდინის შემდეგ, მელბურნში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის ახალმა სეზონმა. დასაწყისი უცნაური გამოვიდა - წვიმის გამო კვალიფიკაცია და რბოლა კვირას გაიმართა. მიზეზი შაბათს წამოსული თავსხმა წვიმა იყო, რის გამოც კვალიფიკაციის მხოლოდ ერთი სეგმენტის ჩატარება გახდა შესაძლებელი.

კვალიფიკაციის წინ, ბუკმეიკერთა აშკარა ფავორიტი სებასტიან ფეტელი იყო, რომელმაც გაამართლა ეს სტატუსი და ძალიან დამაჯერებლად აიღო პოული, მეორე ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა დაიკავა. ბუნებრივია, ასეთი დამაჯერებელი კვალიფიკაციის შემდეგ, ყველა ელოდა რბოლაში ფეტელისა და მთლიანად “რედ ბულის” იოლ გასეირნებას და ჩემპიონის პირველ გამარჯვებას.

საინტერესოა, რომ სტარტზე 22-ის ნაცვლად 21 პილოტი გავიდა. ნიკო ჰიულკენბერგის "ზაუბერზე" საწვავის სისტემაში ხარვეზები აღმოაჩინეს და უსაფრთხოების მოსაზრებით, გერმანელი ტრასაზე არ გასულა.

სტარტზე ფეტელმა დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერობა, მისმა თანაგუნდელმა კი ჩააგდო რბოლის დასაწყისი. უებერი ძალიან ცუდად დაიძრა ადგილიდან და ერთბაშად პირველი ათეულის ბოლოში აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ბრწყინვალე სტარტი აიღეს "ფერარის" პილოტებმა - მასამ და ალონსომ შეავიწროვეს ჰემილტონი და მეორე და მესამე ადგილებზე გადავიდნენ. რაიკონენმა სტარტზე გაუსწრო როსბერგსა და უებერს, გარკვეული ხანი ჰემილტონს მისდევდა, ისიც ჩამოიტოვა და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. ფინელი უკვე "ფერარის" პილოტებს ჩაუდგა კვალში.

ფეტელმა პირველივე წრეზე ორწამიანი უპირატესობა მოიპოვა და ისე ჩანდა, რომ გერმანელი მეთოდურად გაზრდიდა ამ სხვაობას, მაგრამ გერმანელს კომფორტული ლიდერობა არ გამოუვიდა. პირიქით, "ფერარის" პილოტებმა შეძლეს ჩემპიონთან მიახლოება. "რედ ბულის" მანქანზე საბურავების ცვეთის დონე მაღალი იყო და ფეტელს უბრალოდ არ შეეძლო სწრაფად მოძრაობა.

ზამთრის ტესტების წინ ყველა შიშობდა, რომ "პირელის" საბურავების ცვეთა მაღალი იქნებოდა და ამიტომაც, პილოტებს 4-5 პიტსტოპის ჩატარება მოუწევდათ. სინამდვილეში, ცვეთის დონე იმდენად მისაღები აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო რისკზე წასვლა და ორი პიტსტოპის ტაქტიკის არჩევა.

პიტსტოპების პირველი სერია დაახლოებით მეექვსე წრეზე დაიწყო, რადგან "სუპერსოფტი" მალე გამოვიდა მწყობრიდან. ამ სერიის შემდეგ, ლიდერთა შორის გადაადგილებები არ მომხდარა - ერთი გამონაკლისის გარდა. რბოლის დროებითი ლიდერი გახდა ადრიან სუტილი, რომელმაც "მედიუმით" აიღო სტარტი და კარგა ხანი არ შედიოდა ბოქსებში პირველ პიტსტოპზე. სხვათა შორის, ეს გერმანელის პირველი ლიდერობა იყო კარიერაში. სუტილის გასწრებას ვერავინ ახერხებდა და ამიტომაც, ალონსომ ლიდერთა ოთხეულიდან პირველმა გადაწყვიტა მეორე პიტსტოპზე წასვლა. ფეტელმა იგივე ოდნავ უფრო გვიან გააკეთა და მისმა ტაქტიკამ არ გაამართლა - ის ბოქსებიდან ესპანელის უკან დაბრუნდა.

ამასობაში, რბოლას რამდენიმე პილოტი გამოეთიშა. თავიდან გავარდა პასტორ მალდონადო - ვენესუელელი ტრასის მიღმა აღმოჩნდა და დაბრუნება ვეღარ მოახერხა. მოგვიანებით, გაჩერდა ნიკო როსბერგის "მერსედესი" - მწყობრიდან გამოვიდა ელექტროსისტემა. როგორც ჩანს, "მერსედესის" პრობლემები არ მოგვარებულა - ბოლიდი ისევ არასტაბილურია, სწრაფად ცვეთს საბურავებს და ხშირად გამოდის მწყობრიდან.

ამასობაში, ლიდერი რაიკონენი გახდა, რომელიც ყველაზე გვიან შევიდა მეორე პიტსტოპზე. ფინელის ამ გადაწყვეტილებით ცხადი იყო, რომ კიმიმ ორი გაჩერების ტაქტიკა აირჩია. ასეც მოხდა - ფინიშამდე 20 წრით ადრე, მან "მედიუმის" ახალი კომპლექტი დააყენა და ტრასაზე მეხუთე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა მის წინ მყოფ ოთხ პილოტს მესამე პიტსტოპი ელოდა.

საბოლოოდ, ლიდერები ერთი მეორეს მიყოლებით შევიდნენ ბოქსებში, გარდა ამისა, კიმიმ ახალი საბურავებით იოლად გაუსწრო სუტილს და ახალი ლიდერი გახდა. ამასობაში, ფეტელი ვერ ახერხებდა ალონსოს დაწევას, თავად ესპანელს კი რაიკონენთან პირველი ადგილისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდა. რაღაც მომენტში, ფინელსა და ესპანელს შორის სხვაობა ოთხ წამამადე დავიდა - ფერნანდომ ახალი საბურავებით რამდენიმე შთამბეჭდავი წრე გაიარა. მაგრამ შემდეგ, ალონსომ წრეზე ჩამორჩენილების გასწრებისას ორი წამი დაკარგა, ბოლოს კი საერთოდ დააგდო ტემპი - როგორც ჩანს, პიტსტოპის შემდეგ აგრესიულმა სვლამ საბურავების ცვეთა გამოიწვია.

რაიკონენი მშვიდად ინარჩუნებდა უპირატესობას და ალონსოს ერთადერთი იმედი ის იყო, რომ ფინელის საბურავები საბოლოოდ გამოვიდოდა მწყობრიდან და კიმი თითო წრეზე რამდენიმე წამს დაკარგავდა. მაგრამ სინამდვილეში პირიქით მოხდა - "აისმენმა" ბოლოს კიდევ უფრო მოუმატა, ბოლოსწინა წრეზე კი საუკეთესო დრო დააფიქსირა. როგორც რაიკონენმა ფინიშის შემდეგ განაცხადა, საბურავები მწყობრში იყო და ბოლოსკენ ტემპს იმის გამო მოუმატა, რომ გაწვიმების ეშინოდა. საბოლოოდ, რაიკონენმა დამაჯერებელად მიიყვანა რბოლა გამარჯვებამდე. შარშანდელისგან განსხვავებით, "ლოტუსს" არ დასჭირდა მთელი სეზონი გამარჯვებისთვის ლოდინი. ფინიშის შემდეგ რაიკონენი ძალიან ბედნიერი ჩანდა - თავისი დაბრუნებისთვის მან მართლაც კარგი გუნდი აირჩია და ახლა, ყველაფერი აქვს ტიტულისთვის საბრძოლველად.

ალონსო და ფეტელი დიდად განაწყენებულები არ ჩანდნენ თავიანთი მეორე და მესამე ადგილის გამო. ამ გამოცდილმა პილოტებმა კარგად იციან, რომ სეზონის სტარტზე მნიშვნელოვანია - ქულების სტაბილურად დაგროვება. ამ რბოლის პოდიუმი კი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა - სამი ჩემპიონი ჯამური ექვსი ტიტულით. დასაწყისიც ასეთი უნდა!

ფელიპე მასამ კარგი დასაწყისის შემდეგ, ოდნავ უკლო ტემპს, მაგრამ მისთვის მეოთხე ადგილი - ძალიან კარგი შედეგია. მეხუთეზე გავიდა ჰემილტონი. უებერმა ბევრი ვერაფერი გააკეთა საშინელი სტარტის შემდეგ და მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. სუტილი მეშვიდე იყო, ხოლო მისი თანაგუნდელი დი რესტა - მერვე.

ცალკე უნდა ვახსენოთ "მაკლარენი". როგორც მოსალოდნელი იყო, საშინელი პარასკევის შემდეგ, ბრიტანული საჯინიბოსთვის გუშინდელი რბოლა კატასტროფული გამოვიდა. მთელი რბოლის განმავლობაში, ჯენსონ ბატონი და სერხიო პერესი დაახლოებით მეათე ადგილისთვის იბრძოდნენ - MP4-28-ს ამ მომენტისთვის მეტი არ შეუძლია. სხვათა შორის, გუნდს ბაზაზე უკვე ლაპარაკობენ შარშანდელი ბოლიდის დაბრუნებაზე. თუ ასე მოხდა, ეს იქნება 2003 წლის ისტორიის გამეორება.

კონსტრუქტორთა თასზე ლიდერობა მოიპოვა "ფერარიმ" - ფელიპე მასას მაღალი საფინიშო პოზიციის წყარობით. მხოლოდ ოთხი ქულით არის უკან "ლოტუსი", რომელსაც, თავის მხრივ, სამი ქულით ჩამორჩება "რედ ბული". მოკლედ, პირად და გუნდურ კლასიფიკაციაში მჭიდრო და საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი. მაგრამ ძალთა საბოლოო თანაფარდობაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, რადგან მელბურნში უცნაური პირობები ვიხილეთ. სიტუაციას ნათელს მოჰფენს მალაიზიის გრანპრი, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

ავსტრალიის გრან-პრი. I ეტაპი
სან პაულუ (58 წრე, 307.574 კმ)

1(8). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) 1:30.03,225 (2 პიტსტოპი)
2(7). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +12,451 (3)
3(4). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +22,346 (3)
4(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +33,577 (3)
5(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +45,561 (3)
6(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +46,800 (3)
7(6). ადრიან სუტილი (ფორს ინდიან, გერმანია) +1.05,068 (2)
8(10). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.08,449 (2)
9(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.21,630 (3)
10(18). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +1.22,759 (3)
11(12). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +1.23,367 (3)
12(17). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1.23,857 (3)
13(14). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე (2)
14(11). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (3)
15(21). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (3)
16(22). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 2 წრე (2)
17(22). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 2 წრე (3)
18(22). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 2 წრე (3)
19(15). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 19 წრე
20(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 32 წრე
21(16). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 34 წრე
22(14). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) სტარტის გარეშე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული კიმი რაიკონენია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული