ფორმულა 1-ში მალაიზიის ჯერია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი მალაიზიაში - "სეპანგის" ავტოდრომზე გაიმართება.

“სეპანგის” ტრასა საერთაშორისო ავტოდრომია და ის სენაგორის შტატში, კუალა ლუმპურის აეროპორტთან ახლოს, ქალაქიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის ერთადერთი ტრასა, რომლის დასახელებაში ნებადართულია F1-ის ლოგოს გამოყენება. ტრასის სქემა შეიმუშავა გერმანელმა დიზაინერმა ჰერმან ტილკემ და ბევრი მიიჩნევს, რომ "სეპანგი" ამ სპეციალისტის საუკეთესო ნამუშევრია. ტრასის მშენებლობა ერთ წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და ის 1999 წლის 9 მარტს ოფიციალურად გაიხსნა, პირველი გრანპრი კი 1999 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა.

ტრასის პარამეტრები:
წრეების რაოდენობა: 56
წრის სიგრძე: 5543 მეტრი
ტრიბუნების ტევადობა: 130 000
ტრასის დისტანცია: 310.408 კმ
მოსახვევების რაოდენობა: 15
მაქსიმალური სიჩქარე: 303 კმ/სთ
საშუალო სიჩქარე: 203 კმ/სთ
საშუალო სიჩქარე მოსახვევში: 125 კმ/სთ
ტრასის რეკორდი: 1:34.223 (მონტოია, "უილიამსი", 2004)

ტრასა მოიცავს 15 მოსახვევს, რომელთაგანაც უმეტესობა სწრაფი ვირაჟია. რვიდან ორი სწორი მონაკვეთი ჩქაროსნულია, მათი სიგრძე თითქმის კილომეტრია და მე-15 მოსახვევთან ერთად ქმნიან საინტერესო კონფიგურაციას, რაც ამ ტრასის მთავარი უნიკალური მახასიათებელია. სწორედ აქ არის განლაგებული ორმხრივი გადახურული მთავარი ტრიბუნა. ტრასის სიგანე მერყეობს 16-დან 22 მეტრამდე, რაც უამრავი გასწრების საშუალებას იძლევა. ამიტომაც, მალაიზიის გრანპრის სანახაობრივი მხარე ყოველთვის მაღალია.

ტრასის არქიტექტურა საშუალებას იძლევა ტრეკი ორ დამოუკიდებელ წრედ გაიყოს – 2.8 და 2.6 კილომეტრი სიგრძის. ავტოდრომის “გულია” სამსართულიანი შენობა, რომელიც მთავარ ტრიბუნას გადაჰყურებს. ტრასაზეა 33 ბოქსი, რბოლის მართვის ცენტრი, პადოკები, ოფისები და ა. შ. ბოქსების გვერდით არის სამედიცინო ცენტრი, რომელიც რბოლების მსვლელობისას მინი-საავადმყოფოდ გადაიქცევა ხოლმე. რბოლის გაშუქება 27კამერით ხდება.

მალაიზიაში ყველაზე მეტი გამარჯვება მოპოვებული აქვთ მიხაელ შუმახერსა (2000, 2001, 2004) და ფერნანდო ალონსოს (2005, 2007, 2012). დღეს მოქმედი პილოტებიდან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასულან: კიმი რაიკონენი (2003, 2008), ჯენსონ ბატონი (2009), სებასტიან ფეტელი (2010, 2011).

შარშან
2012 წელს კინაღამ სენსაცია მოხდა: სერხიო პერესმა თავისი "ზაუბერით" ბრძოლა გაუმართა ფერნანდო ალონსოს გამარჯებისთვის". მექსიკელი უფრო სწრაფი იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შეცდომა დაუშვა, ექვსი წამით ჩამორჩა და უკვე ვეღარ მოახერხა "ფერარისთან" მიახლოება. თავად ესპანელის გამარჯვება კი მოულოდნელი იყო: მელბურნში ჩავარდნის შემდეგ, ალონსოს შედარებით სუსტი ბოლიდისთვის იდეალური აღმოჩნდა "სეპანგის" წვიმიანი რბოლა. ეტაპი ძლიერი წვიმის გამო შეწყდა, რესტარტის შემდეგ კი ალონსომ შესანიშნავი ტემპი აჩვენა სველ ასფალტზე.

ლიდერთა ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ნარაიან კართიკეიანმა. თავიდან მის მანქანასთან შეჯახებისას დააზიანა წინა ანტიფრთა ჯენსონ ბატონმა, ბოლოს კი ინდოელმა ხელი შეუშალა სებასტიან ფეტელს: მათ ტრასა ვერ გაიყვეს და საბოლოოდ, ფეტელის ბოლიდზე საბურავი გამოვიდა მწყობრიდან, რითაც ჩემპიონი ქულათა ზონიდან გავარდა.

გრანპრის განრიგი

22 მარტი
05:55 - I პრაქტიკა
09:55 - II პრაქტიკა

23 მარტი
08:55 - III პრაქტიკა
11:45 - კვალიფიკაცია

24 მარტი
11:45 – რბოლა

სეპანგის სტატისტიკა
წელი გამარჯვებული პოული საუკეთესო წრე
2012 ალონსო (ფერარი) ჰემილტონი რაიკონენი
2011 ფეტელი (რედ ბული) ფეტელი უებერი
2010 ფეტელი (რედ ბული) უებერი უებერი
2009 ბატონი (ბრაუნი) ბატონი ბატონი
2008 რაიკონენი (ფერარი) მასა ჰაიდფელდი
2007 ალონსო (მაკლარნი) მასა ჰემილტონი
2006 ფიზიკელა (რენო) ფიზიკელა ალონსო
2005 ალონსო (რენო) ალონსო რაიკონენი
2004 შუმახერი (ფერარი) შუმახერი მონტოია
2003 რაიკონენი (მაკლარნი) ალონსო შუმახერი
2002 შუმახერი (უილიამსი) შუმახერი მონტოია
2001 შუმახერი (ფერარი) შუმახერი ჰაკინენი
2000 შუმახერი (ფერარი) შუმახერი ჰაკინენი
1999 ირვაინი (ფერარი) შუმახერი შუმახერი

Sportall.Ge

მასა - ყველაზე უარესი ფერარელი
ახალი სეზონის პირველი რბოლის - ავსტრალიის გრანპრის შემდეგ, "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა ერთი უსიამოვნო რეკორდის მფლობელი გახდა. ბოლოს მან პირველმა ფინიშის ხაზი 2008 წელს, ბრაზილიის გრანპრიზე გადაკვეთა. იქედან მოყოლებული, ბრაზილიელი ზედიზედ 68 ეტაპია ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. ასეთი წარუმატებელი სერია "სკუდერიას" ისტორიაში არც ერთ პილოტს არ ჰქონია.

წინა ანტირეკორდის მფლობელი ფრანგი ჟან ალეზი იყო, რომელიც "ფერარიში" 1991 წელს ჩაირიცხა. თავისი პირველი (და ერთადერთი) გამარჯვება ალეზიმ მხოლოდ 1995 წელს, კანადის გრანპრიზე მოიპოვა - "სკუდერიაში" დებიუტიდან 67-ე რბოლის თავზე.

იტალიური საჯინიბოს ანტირეკორდსმენთა სიაში ასევე ვხედავთ: მიკელე ალბორეტოს (55 რბოლა), ედი ირვაინს (49), კლეი რეგაცონის (34), სტეფან იოჰანსონს (31), რუბენს ბარიკელოს (30), კრის ამონსა (27) და გერჰარდ ბერგერს (27).

თუმცა მთლიანად ფორმულა 1-ის ანტირეკორდამდე მასას ძალიან ბევრი უკლია. ზედიზედ 208 რბოლა ვერ ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას ანდრეა დე ჩეზარისი. მეორე ადგილზეა ნიკ ჰაიდფელდი (183), მესამეზე - მარტინ ბრანდლი (158). სხვათა შორის, ამ მრბოლელებს არასოდეს მოუგიათ ფორმულა 1-ის ეტაპი.

ხოლო მათ შორის, ვისაც ერთხელ მაინც გაუმარჯვია ეტაპზე, რეკორდსმენად მიიჩნევა იარნო ტრული - ზედიზედ 135 რბოლა მოგების გარეშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ავსტრალიის გრანპრი: გამართლებული რისკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული