სებასტიან ფეტელი: ბოდიში, რომ გავიმარჯვე!

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი მალაიზიის გრანპრით გაგრძელდა. როგორც წესი, სეპანგის რბოლის წინ პროგნოზების კეთება უაზრობაა, რადგან ხშირად საქმეში წვიმა ერთვება. ასე იყო ამჯერადაც, თანაც პილოტებს უამინდობამ ხელი არა მხოლოდ რბოლის დროს, არამედ შაბათს, კვალიფიკაციის მსვლელობისას შეუშალა. პოული ზედიზედ მეორედ სებასტიან ფეტელმა მოიპოვა, მის გვერდით კი აღმოჩნდა ფელიპე მასა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მოხვდა სასტარტო ბილიკის პირველ ხაზზე.

რბოლის წინ, სასტარტო განლაგებაში ერთი ცვლილება მოხდა – კიმი რაიკონენს სამი საფეხურით უკან დაახევინეს იმის გამო, რომ კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში ნიკო
როსბერგის
ბლოკირება მოახდინა. ასე რომ, ფინელმა მეშვიდეს ნაცვლად, მეათე პოზიციიდან აიღო სტარტი.

წვიმა სტარტამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყო, რის გამოც პილოტებს საშუალედო საბურავებით მოუწიათ რბოლის დაწყება. ფეტელმა საკმაოდ დამაჯერებელი სტარტი აიღო და შეინარჩუნა ლიდერობა, მის უკან კი საინტერესო ამბები მოხდა. მასას არადამაჯერებელი დასაწყისი გამოუვიდა, რითაც უკვე პირველ მოსახვევში მეორე ადგილზე გადავიდა ფერნანდო ალონსო. ესპანელმა იქვე ფეტელის გასწრებაც სცადა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და წინა ანტიფრთა დააზიანა, რაშიც მხოლოდ ის იყო დამნაშავე.

ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა მარკ უებერს – მეხუთედან მესამე ადგილზე გადავიდა და მაშინვე ალონსოს შეუტია. ესპანელი ჯიუტად იცავდა მეორე პოზიციას, არადა, ყველა ელოდა, რომ ის ბოქსებში შეუხვევდა ბოლიდის შესაკეთებლად. მაგრამ, ფერნანდომ ეს არ გააკეთა და მეორე წრეზე წავიდა. სტარტი/ფინიშის სწორ მონაკვეთზე უებერმა უპრობლემოდ გაუსწრო ალონსოს, რომელმაც იქვე დაასრულა მალაიზიის გრანპრი. დაზიანებული წინა ანტიფრთა ბოლიდს მოძვრა და წინა საბურავებში გაიჭედა. ესპანელმა ვეღარ მოუხვია და ტრასის მიღმა გადავარდა, საიდანაც რბოლაში დაბრუნება შეუძლებელი იყო. კარიერაში მე-200 გრანპრი ესპანელისთვის ძალიან ცუდად დასრულდა.

წინა ეტაპის მომგებ რაიკონენს არც ისე წარმატებული სტარტი ჰქონდა და ორი პოზიცია დაკარგა – ამან საფუძველი ჩაუყარა ფინელის პრობლემატურ რბოლას. კიმი მუდმივად კონკურენტების უკან მოძრაობდა, რომლებსაც დიდი გაჭირვებით უსწრებდა და პოდიუმზე ასვლის შანსი არ ჰქონია.

პირველი ათი წრის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა შემდეგი საკითხი – ვინ უფრო სწორად შეარჩია "სლიკებზე" გადასვლის მომენტი. პირველებმა გარისკეს ფეტელმა და მასამ, თუმცა ამით ბევრი ვერაფერი მოიგეს, რადგან ზოგიერთ ადგილას ტრასა მაინც სველი იყო, თან ტრაფიკიც ხელს უშლიდა ამ დუეტს. მოგვიანებით კი ყველა "მშრალ" საბურავებზე გადავიდა. პიტსტოპების პირველი სერია ერთი კურიოზული შემთხვევით აღინიშნა – ლუის ჰემილტონი თავისი ყოფილი გუნდის "მაკლარენის" ბოქსებში გაჩერდა... ამ გუნდში ექვსი წელი გამოსვლას უკვალოდ არ ჩაუვლია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მალაიზიის გრანპრიზე "ფორს ინდიას" კატასტროფული შედეგი. ინდური გუნდის ბოლიდებს მაღალი სიჩქარე ჰქონდათ, მაგრამ პიტსტოპებისას სრული კრახი ელოდათ. თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ყველაფერი მექანიკოსების ცუდი მუშაობის ბრალი იყო, მაგრამ მოგვიანებით გუნდის მფლობელმა ვიჯეი მალიამ განაცხადა, რომ ასეთი ჩავარდნის მიზეზი პიტსტოპების ახალი მოწყობილობა გახდა.

მალე დადგა რბოლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი. უებერი ლიდერობდა რბოლაში, ფეტელი მის უკან მოძრაობდა და ძალიან უკმაყოფილო იყო ამ გარემოებით. ბევრისთვის გასაკვირად, სებასტიანმა ღიად სთხოვა გუნდს აემოქმედებინათ გუნდური ტაქტიკა: "უებერი ძალიან ნელა მოძრაობს, მომაშორეთ ის გზიდან!" მაგრამ გუნდმა არ დაუჯერა თავის ლიდერს. მარკი აგრძელებდა ლიდერობას და შეინარჩუნა პირველი ადგილი მესამე პიტსტოპის შემდეგ.

ამასობაში, "მაკლარენმა" შეგვახსენა თავი, თანაც, როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური კუთხით. ჯენსონ ბატონი ჯერ კიდევ მესამე პიტსტოპამდე გადავიდა პირველ ადგილზე. "ყველაფერი კარგად მიდის", - ამბობდა ჯენსონი რადიოთი. მაგრამ ბრიტანელის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: პიტსტოპზე ერთ-ერთმა მექანიკოსმა წინა მარჯვენა საბურავზე ბოლომდე არ მოუჭირა ჭანჭიკი, რის გამოც ჯენსონს პიტლეინზე გაჩერება მოუწია და ის ინჟინრებმა უკან ბოქსებში შეაგორეს. მოგვიანებით კი ბატონი საერთოდ ჩამოშორდა ბრძოლას. საერთო ჯამში, "მაკლარენი" თითქმის ისევე სუსტად გამოიყურებოდა, როგორც ერთი კვირის წინ, ავსტრალიაში. ახლა, ბრიტანულ საჯინიბოს სამი კვირა აქვს ჩინეთის გრანპრიმდე ტექნიკური სიახლეების მოსამზადებლად.

რბოლის ბედი პიტსტოპების მეოთხე სერიის შემდეგ გადაწყდა. ფეტელი პირველი შევიდა ბოქსებში, რითაც გარკვეული დრო მოიგო უებერთან ორთაბრძოლაში. და როცა ავსტრალიელი თავისი პიტსტოპის შემდეგ ტრასაზე დაბრუნდა, მისი ხუთწამიანი უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა. ასეთ დროს, "რედ ბულში" მიღებულია პილოტთა პოზიციების შენარჩუნება, მაგრამ ფეტელს ძალიან არ უნდოდა პოულიდან ზედიზედ მეორე რბოლის წაგება. მან მონდომებით შეუტია თანაგუნდელს და ცოტა ხანში გაუსწრო ავსტრალიელს. უებერმა კონტრშეტევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, შემდეგ კი საბოლოოდ დააგდო ტემპი.

"რედ ბულში" ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ ფეტელის მოქმედებით – გასწრების შემდეგ უთხრეს, "სულელურად" არ მოქცეულიყო, ფინიშის შემდეგ კი აუხსნეს, რომ "ახსნაგანმარტებითი სამუშაო" მოუწევდათ.

ასე რომ, პოდიუმის პროცედურა არც ისე საზეიმო აღმოჩნდა. ჰემილტონიც, რომელიც "მერსედესის" რიგებში პირველად ავიდა პოდიუმზე, ძალიან დამწუხრებული ჩანდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მესამე ადგილზე როსბერგი უნდა გასულიყო. მართლაც, გერმანელი ბოლო წრეებზე რადიოში ამბობდა, რომ ლუისი ძალიან ნელა მოძრაობდა და მისგან გზის დათმობა ითხოვა. მაგრამ როს ბრაუნმა დაბეჯითებით აუხსნა, რომ ჰემილტონსაც შეუძლია მომატება, მაგრამ პილოტებმა საბურავები და საწვავი უნდა დაზოგონ. ნიკომაც, ფეტელისგან განსხვავებით, არ დაარღვია გუნდის შიდაგანაწესი.

მასამ, რომელმაც ცუდი სტარტი აიღო, დარჩენილ დროში სტაბილურად იასპარეზა და მეხუთე ადგილი დაიკავა. შემდეგ განლაგდნენ "ლოტუსი" პილოტები, რისი წყალობითაც გუნდმა "სკუდერიას" გაუსწრო კონსტრუქტორთა თასზე. ათეული შეავსეს ნიკო ჰიულკენბერგმა, სერხიო პერესმა და ჟან-ერიკ ვერნმა.

* * *
ბუნებრივია, რბოლის შემდეგ ყველას აინტერესებდა "რედ ბულის" პილოტების მარკ უებერისა და სებასტიან ფეტელის კომენტარები. ავსტრალიელი პილოტი არ მალავდა, რომ უკმაყოფილო იყო თანაგუნდების საქციელით.

"რბოლის პირველი ნაწილი ჩვენთვის კარგად ვითარდებოდა. კარგად ვაკონტროლებდი სიტუაციას. ბოლო პიტსტოპის შემდეგ გუნდმა მითხრა, რომ ბრძოლა დასრულებულია და ეკონომრეჟიმზე უნდა გადავსულიყავით, რადგან პოზიციების ცვლილება არ მოხდებოდა. მეც მიყვარს ბრძოლა, მაგრამ ასე გადაწყვიტა გუნდმა, თანაც ამაზე ჯერ კიდევ ეტაპის წინ მოვილაპარაკეთ. მაგრამ დღეს სებასტიანი საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებდა.

გამიკვირდა, როცა მან გამისწრო, რადგან მშვიდად ვმოძრაობდი და საბურავებს ვზოგავდი. მაგრამ ბრძოლა მოულოდნელად განახლდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ დღევანდელი გრანპრით", - თქვა უებერმა.

სებასტიან ფეტელმა პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ დაარღვია წინასწარი მოლაპარაკება, როცა მარკ უებერს გაუსწრო. ამის გამო, მან ბოდიში მოუხადა პარტნიორს.

"რბოლის ბოლოს ვგრძნობდი, რომ მანქანა სწრაფი იყო და სიჩქარეში გარკვეული უპირატესობა მქონდა. ბრძოლა ძალიან მჭიდრო იყო, მაგრამ მე დღეს უდიდესი შეცდომა დავუშვი.

იმ მომენტში ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა პოზიციები – ასეთი იყო წინასწარი შეთანხმება, მაგრამ მე ეს წესი დავარღვიე. გავუსწარი მარკს, რომელიც ახლა ძალიან გააწყენებულია. ვაღიარებ ჩემს შეცდომას და პატიებას ვითხოვ. დიდ რისკზე წავედი მისი გასწრების დროს და სხვაგვარად უნდა მოვქცეულიყავი", - ასე შეაფასა თავისი საქციელი ფეტელმა.

მალაიზიის გრან-პრი. II ეტაპი
სეპანგი (56 წრე, 310.408 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:38.56,681 (4 პიტსტოპი)
2(5). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +4,298 (4)
3(4). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +12,181 (4)
4(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +12,640 (4)
5(2). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +25,648 (4)
6(11). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +35,564 (3)
7(7). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +48,479 (3)
8(12). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +53,044 (4)
9(10). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +72,357 (4)
10(17). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +87,124 (3)
11(18). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +88,610 (3)
12(14). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე (4)
13(19). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (4)
14(20). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (4)
15(22). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 1 წრე (4)
16(21). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 2 წრე (4)
17(8). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 3 წრე (4)
18(13). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 5 წრე (4)
19(16). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 11 წრე
20(9). ადრიან სუტილი (ფორს ინდიან, გერმანია) 29 წრე
21(15). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 34 წრე
22(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 56 წრე

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 66; 2. ლოტუსი - 40; 3. ფერარი - 40; 4. მერსედესი - 37; 5. ფორს ინდია - 10; 6. ზაუბერი - 4; 6. მაკლარენი - 4; 8. ტორო როსო - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ავსტრალიის გრანპრი: გამართლებული რისკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული