ვის რამდენი ერგება ფორმულა 1-ში

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში შემოსავლების გადანაწილება - კომერციული საიდუმლოებაა და ამ საკითხის შესახებ მსჯელობა მხოლოდ შემთხვევით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება. გერმანული Motorsport-Total-ის ჟურნალისტებმა ამ ცნობების შეკრება და გაანალიზება გადაწყვიტეს.

გასულ წელს ფორმულა 1-ის შემოსავალმა 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა და თუ გარკვეულ დანახარჯებს გამოვაკლებთ, ეს თანხა 1.2 მილიარდი დოლარი იქნება. ამ თანხის 50 პროცენტი ერგოთ კომერციული უფლებების მფლობელებს, 2.5 პროცენტია "ფერარის" ბონუსი, დარჩენილი 47.5 პროცენტი კი განაწილდა კონსტრუქტორთა თასზე პირველ ათ ადგილზე გასულ გუნდებს შორის - იმ პროპორციის თანახმად, რომელიც განსაზღვრულია თანხმობის ხელშეკრულების
მე-10 თავის მიხედვით.

"ფერარი", "რედ ბული", "მაკლარენი", "მერსედესი" და "უილიამსი" დამატებით ბონუსს იღებენ ფორმულა 1-ში გამოსვლის სტაჟისთვის, ამის შემდეგ კი გუნდებს თანხები ერიცხებათ სამი პუნქტის მიხედვით.

პირველი პუნქტში შედიან გუნდები, რომლებიც ბოლო სამი წელი ორჯერ მოხვდნენ კონსტრუქტორთა თასის პირველ ათეულში - ისინი ამისთვის 10 პროცენტს იღებენ. მეორე პუნქტით თანხის გაცემა ითვალისწინებს წინა სეზონის პოზიციებს კონსტრუქტორთა თასზე - ჩემპიონისთვის განკუთვნილი 19 პროცენტიდან 4 პროცენტამდე იმ გუნდისთვის, რომელმაც მეათე ადგილი დაიკავა.

მესამე პუნქტი - ეს არის სპეციალური ფონდი, 30 მილიონი დოლარის ოდენობით, რომლითაც დებიუტანტებს ეხმარებიან პირველ სამ სეზონში გამოსვლისთვის. 2013 წელს ამ ფონდიდან თანხა არავის შეხვდება, რადგან 2010 წლის დებიუტანტებმა უკვე ჩაატარეს ფორმულა 1-ში სამი სეზონი.

სქემა საკმაოდ ჩახლართულია და არც ისე ლოგიკური. მაგალითად, თუ წელს "ლოტუსი" ჩემპიონის ტიტულს მოიგებს, 82.5 მილიონი დოლარის მფლობელი გახდება (28.5 მილიონი პირველი პუნქტით და 54 მილიონი - მეორეთი), "ფერარი" კი კონსტრუქტორთა თასის მეათე ადგილისთვის 140 მილიონს მიიღებს (40 მილიონი სტაჟისთვის, 60 მილიონი - 2.5 პროცენტი ბონუსი, 28.5 მილიონი პირველი პუნქტისთვის და 11 მილიონი - მეორესთვის).

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია ის გუნდი, რომელიც კონსტრუქტორთა თასზე პირველ ათ საჯინიბოს შორის ვერ ხვდება. ასეთია რუსული "მარუსია". მას არ ერგება თანხა 47.5 პროცენტიდან და ვერც დახმარების ფონდიდან მიიღებს ფულს. უფრო მეტიც, რუსულ გუნდს არ უნაზღაურებენ ტრანსპორტირების ხარჯებს, რადგან ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა მხოლოდ ათი საუკეთესო გუნდისთვის უზრუნველყოფს ათი ტონა ტვირთის უფასოდ გადატანისა და 20 ავიაბილეთის ხარჯებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: ბაჰრეინი აუცილებლად იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული