ამჯერად ზედმეტი სებასტიან ფეტელი აღმოჩნდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე უქმეებს ჩინეთმა უმასპინძლა. თავისუფალი პრაქტიკებისა და კვალიფიკაციისას, მოულოდნელად სწრაფი ტემპი განავითარეს "მერსედესის" პილოტებმა და ამ გუნდის რიგებში პირველი პოული მოიპოვა ლუის ჰემილტონმა.

სასტარტო სიგნალის შემდეგ, ლუისმა დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერობა, იმ დროს, როცა კიმი რაიკონენმა ჩააგდო სტარტი და ორივე "ფერარის" წინ გასვლის საშუალება მისცა. მალე, იტალიური საჯინიბოს პილოტებმა ჰემილტონს შეუტიეს და მეხუთე წრეზე ჩამოართვეს ლიდერობა ბრიტანელს.

პილოტთა უმრავლესობამ "სოფტის" საბურავით აიღო სტარტი და მალე მათ ბოქსებში შესვლა მოუწიათ. ეს მომენტი გამოეპარათ "მერსედესის" პილოტებს, რის გამოც როსბერგს ერთბაშად გაუსწრეს
ჰიულკენბერგმა
და ფეტელმა, ჰემილტონმა კი აშკარად დაკარგა ტემპი.

ერთი წრით გვიან, ბოქსებში "მედიუმისთვის" ასევე შევიდნენ ალონსო და რაიკონენი, ერთი წრით გვიან კი ეს გააკეთა მასამ. ბრაზილიისთვის ეს ზედმეტი წრე სავალალო აღმოჩნდა, რადგან ერთბაშად მე-12 ადგილამდე დაქვეითდა და პირველი ხუთეულისთვის ბრძოლაში აღარ მონაწილეობდა.

ამასობაში, პელოტონს სათავეში ჩაუდგნენ ის პილოტები, რომლებმაც "მედიუმით" აიღეს სტარტი. ნიკო ჰიულკენბერგმა გაუსწრო ფეტელსა და ბატონს და მჭიდრო ჯგუფად ჩამოყალიბებულმა ამ სამეულმა ლიდერობა მოიპოვა.

"რედ ბულმა" მე-14 წრეზე იხმო ბოქსებში ფეტელი და მასთან ერთად პიტ-ლეინზე გაეშურა ჰიულკენბერგი. "ზაუბერის" მექანიკოსებმა უფრო ცუდად იმუშავეს და ფეტელი ნიკოზე წინ აღმოჩნდა. შემდეგ წრეზე მეორე პიტსტოპი მოუწია მარკ უებერს, რომელმაც, მანამდე წინა ანტიფრთა დააზიანა ვერნთან შეჯახებისას. პარალელურად, სერხიო პერესმა აგრესიულად გადააგდო ტრასიდან რაიკონენი, რამაც "ლოტუსის" წინა ანტიფრთის დაზიანება გამოიწვია.

ორი წრის შემდეგ, მოულოდნელად რბოლას გამოეთიშა უებერი - მეორე პიტსტოპზე მექანიკოსებმა ცუდად დაამაგრეს საბურავი, რომელიც უბრალოდ მოძვრა "რედ ბულის" ბოლიდს.

მე-18 წრის შემდეგ, რბოლას სათავეში ჩაუდგა ჯენსონ ბატონი, რომელმაც გამოტოვა პირველი პიტსტოპების სერია, მის უკან ალონსო მოძრაობდა, კიდევ უფრო უკან, მეტოქეობა ჰქონდათ ჰემილტონსა და რაიკონენს.

პიტსტოპების მეორე სერია მასამ და როსბერგმა გახსნეს, იქვე ალონსომ გატეხა ბატონის წინააღმდეგობა და რბოლას სათავეში ჩაუდგა.
ამასობაში, ნიკო როსბერგის ავტომობილს პრობლემები შეექმნა და ორი ზედმეტი პიტსტოპის შემდეგ, გერმანელი იძულებული გახდა საბოლოოდ დაბრუნებულიყო ბოქსებში.

ჰემილტონი და რაიკონენი ახალი საბურავებისთვის 21-ე წრეზე გაემართნენ, ორი წრით გვიან კი ბოქსებს მიაკითხეს ალონსომ და ბატონმა. ლიდერი კი სებასტიან ფეტელი გახდა, რომელიც ალტერნატიული ტაქტიკით მოძრაობდა, მაგრამ 29-ე წრეზე მას ალონსომ გაუსწრო და ესპანელმა პირველი ადგილი დაიბრუნა. ჩემპიონს ისღა დარჩენოდა, პიტ-ლეინზე შეეხვია. გერმანელი ტრასაზე ჰიულკენბერგის, დი რესტასა და მასას უკან დაბრუნდა, მაგრამ ეს ჯგუფი ორ წრეში უკან ჩამოიტოვა. ფეტელის პიტსტოპით კი მეორე პოზიციაზე გადავიდა ჰემილტონი, თუმცა მისი ჩამორჩენა ალონსოსთან ცხრა წამამადე გაიზარდა.

ბრიტანელი ვერაფრით დაეწია ალონსოს და უფრო მეტიც, რაიკონენის პრესინგის ქვეშ მოექცა. ფინელმა ვერ შეძლო "მერსედესის" გასწრება და 34-ე წრეზე მესამე პიტსტოპზე შევიდა, ჰემილტონი კი კიდევ რამდენიმე წამით ჩამორჩა ალონსოს, რის შემდეგაც, გერმანულმა საჯინიბომ მესამე იხმო ბოქსებში თავისი პილოტი, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო - ინგლისელი ტრასაზე რაიკონენის უკან დაბრუნდა.

რაც შეეხება ალონსოს, მან მაქსიმალურად გაწელა მესამე საფინალო პიტსტოპი, საბურავები 42-ე წრეზე შეცვალა და ტრასაზე ფეტელის უკან დაბრუნდა, რომელსაც ჯერ კიდევ ელოდა ბოქსებში მესამე გაჩერება. თუმცა ალონსო არ დაელოდა ფეტელის პიტსტოპს და პირველ მოსახვევში გაუსწრო ჩემპიონსა და საერთო ჩათვლის ლიდერს.

ამასობაში, რაიკონენმა და ჰემილტონმა იოლად გაუსწრეს ბატონს, ფეტელმა კი 52-ე წრეზე შეასრულა თავისი მესამე პიტსტოპი და ტრასაზე მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა. მან ლიდერთა სამეულის დაწევა სცადა და სულ ცოტა დააკლდა ჰემილტონის გასწრებამდე, მაგრამ აგრესიულმა შეტევამ შედეგი არ გამოიღო.

ალონსომ კი 10-წამიანი უპირატესობით მოიპოვა სეზონში თავისი პირველი გამარჯვება. ეს არის მის კარიერაში 31-ე მოგებული ეტაპი, რითაც ესპანელი ნაიჯელ მენსელს გაუთანაბრდა. მეორეზე გავიდა რაიკონენი, რომელმაც სეზონის პირველ სამ რბოლაში მეორე პოდიუმი მოიპოვა, ხოლო ზედიზედ მეორედ მესამე ადგილი ჰემილტონმა დაიკავა.

ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი ერთი კვირის შემდეგ, ბაჰრეინში გაიმართება.

ჩინეთის გრან-პრი. III ეტაპი
შანხაი (56 წრე, 305.066 კმ)

1(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:36.26,945 (3 პიტსტოპი)
2(2). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +10,168 (3)
3(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +12,322 (3)
4(9). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +12,525 (3)
5(8). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +35,285 (2)
6(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +40,827 (3)
7(7). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +42,691 (3)
8(11). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +51,084 (3)
9(6). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +53,423 (3)
10(10). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +56,598 (3)
11(12). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +1.03,860 (2)
12(15). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1.12,604 (3)
13(16). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +1.33,861 (3)
14(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.35,453 (3)
15(18). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (3)
16(20). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
17(19). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 1 წრე (3)
18(21). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 1 წრე (3)
19(4). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 35 წრე
20(22). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 41 წრე
21(13). ადრიან სუტილი (ფორს ინდიან, გერმანია) 51 წრე
22(17). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 52 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 52 (1 მოგება); 2. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 49 (1); 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 43 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 40; 5. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 30; 6. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 26; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 12; 8. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 12; 9. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 11; 10. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 8; 11. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 6; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 6; 13. ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) - 5; 10. სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) - 2; 15. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 1.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 78; 2. ფერარი - 73; 3. ლოტუსი - 60; 4. მერსედესი - 52; 5. მაკლარენი - 14; 6. ფორს ინდია - 14; 7. ტორო როსო - 7; 8. ზაუბერი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შანხაიში ფერნანდო ალონსოს ტრიუმფი შედგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული