გერმანელი სტარტზე მაქსიმალურად ცდილობდა სებასტიან ფეტელის ბლოკირებას, რითაც ისარგებლა ფერნანდო ალონსომ და მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა კონტრშეტევით დაიბრუნა სასტარტო პოზიცია. ფელიპე მასამ სტარტზე წინ გაუშვა პოლ დი რესტა, შემდეგ კი ადრიან სუტილის შეტევებისგან თავდაცვისას, მეტოქის ბოლიდს შეეხო და გერმანელი პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა.
მეორე წრის პირველივე მოსახვევში ფეტელმა
პოლ დი რესტა ლიდერთა ტრიოს რამდენმე მეათედი წამით ჩამორჩა, შოტლანდიელის უკან კი მჭიდრო ჯგუფად მოძრაობდნენ მასა, უებერი, ბატონი და პერესი. კიმი რაიკონენი კი, რომელმაც რამდენიმე პოზიცია წააგო, რომენ გროსჟანთან ერთად ასრულებდა პირველ ათეულს.
მესამე წრეზე ფეტელმა მოახერხა მეექვსე მოსახვევში როსბერგის გასწრება. მოგვიანებით იგივე გააკეთა ჯერ ალონსომ, შემდეგ კი დი რესტამ.
უკვე შვიდი წრის შემდეგ "ფერარიმ" ბოქსებში იხმო ალონსო და "მედიუმი" "ჰარდით" შეცვალა. სწორედ აქედან დაიწყო ესპანელის პრობლემები. "ფერარიზე" DRS-ის სისტემა ხარვეზებით მუშაობდა და ესპანელს მალე მეორედ მოუწია ბოქსებში შესვლა, რითაც ფერნანდომ პირველი ადგილისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
ამასობაში ფეტელი ექვსი წამით დაშორდა მეორე ადგილზე მყოფ დი რესტას და ამის შემდეგ გაეშურა პირველ პიტსტოპზე. პირველ ორ პოზიციაზე კი გადავიდა ის ორი პილოტი, რომლებსაც არ ჰქონდათ შესრულებული პირველი პიტსტოპი: დი რესტა და რაიკონენი. ცხადი იყო, რომ მათ ორი პიტსტოპის ტაქტიკა ჰქონდათ არჩეული.
როცა ეს პილოტებიც შევიდნენ საბურავების გამოსაცვლელად, რბოლას სათავეში ჩაუდგნენ "რედ ბულის" წევრები - ფეტელი ცხრა წამით უგებდა უებერს, ხოლო ავსტრალიელისგან ექვსი წამის მოშორებით მოძრაობდა როსბერგი. მას მჭიდრო ჯგუფად მოსდევდა რამდენიმე პილოტი და ნიკოს მოუწია ბატონისა და რომენ გროსჟანის გატარება.
სწორედ ამ დროს დაიწყო პიტსტოპების მორიგი სერია და 25-ე წრეზე, საბურავების ახალი კომპლექტის მიღების შემდეგ, დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერობა ფეტელმა. მან ის პილოტებიც კი ჩამოიტოვა უკან, რომლებსაც ჯერ მხოლოდ ერთი პიტსტოპი ჰქონდათ შესრულებული: გროსჟანი, დი რესტა და რაიკონენი. სამაგიეროდ, ამ ტრიომ მოახერხა მარკ უებერის გასწრება.
დისტანციის შუაში ცხადი იყო, რომ ფეტელის ტემპი საკმარისი იქნებოდა მესამე პიტსტოპის შემდეგ ლიდერობის შესანარჩუნებლად. ამიტომაც მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის მიმდინარეობდა.
ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიმი რაიკონენის წარმატება - ფინელი დაეწია და 34-ე წრეზე გაუსწრო დი რესტას. ამის შემდეგ კიმიმ მეორე პიტსტოპზე შეუხვია და ტრასაზე მეშვიდე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა მისი კონკურენტები მესამედ იყვნენ შესასვლელი ბოქსებში.
36-ე წრეზე გაიარა მეორე პიტსტოპი დი რესტამ და ის ტრასაზე რაიკონენის უკან დაბრუნდა. თუ კიმი 20 წრის განმავლობაში შეინარჩუნებდა საბურავების მეორე კომპლექტს და ტემპს არ დაკარგავდა, მას მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი უჩნდებოდა. პირველი პოზიციისთვის რაიკონენი ვერ იბრძოლებდა, რადგან ფინიშამდე 15 წრით ადრე მესამე პიტსტოპზე შევიდა ბოქსებში ფეტელი და იქიდან ფინელზე რვაწამიანი უპირატესობით დაბრუნდა. სამაგიეროდ, ასევე რვა წამს უგებდა კიმი დი რესტას.
დარჩენილ დროში პირველ სამეულში კიდევ ერთხელ შეიცვალა სიტუაცია. გროსჟანმა გაზარდა ტემპი და ყოველ წრეზე 0.7-0.9 წამს უგებდა დი რესტას. ფრანგმა შეტევა 51-ე წრეზე განახორციელა და DRS-ის ზონაში გაუსწრო შოტლანდიელს.
ამასობაში სებასტიან ფეტელმა დამაჯერებლად გადაკვეთა ფინიშის ხაზი და კარიერაში 28-ე გამარჯვება მოიპოვა. გერმანელი გამარჯვებების რაოდენობით მეექვსე ადგილზე გადავიდა ყველა დროის სიაში. ცხრა წამის შემდეგ მივიდა ფინიშთან რაიკონენი, ხოლო გროსჟანის მესამე ადგილზე გასვლით განმეორდა ბაჰრეინის გრანპრის შარშანდელი პოდიუმი.
ბაჰრეინის გრანპრი. IV ეტაპი
საჰირი (57 წრე, 308.238)
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 57 წრე (3 პიტსტოპი)
2. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +9.1 (2)
3. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +19.5 (3)
4. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +21.7 (2)
5. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +35.2 (3)
6. სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +35.9 (3)
7. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +37.2 (3)
8. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +37.5 (4)
9. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +41.1 (4)
10. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +46.6 (4)
11. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1:06.4 (3)
12. ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +1:12.9 (3)
13. ადრიან სუტილი (ფორს ინდიან, გერმანია) +1:16.7 (3)
14. ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +1:21.5 (3)
15. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1:26.3 (4)
16. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 1 წრე (3)
17. შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
18. ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე (4)
19. ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (4)
20. მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 1 წრე (4)
21. გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 2 წრე (5)
22. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 40 წრე
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 109; 2. ლოტუსი - 93; 3. ფერარი - 77; 4. მერსედესი - 64; 5. ფორს ინდია - 26; 6. მაკლარენი - 23; 7. ტორო როსო - 7; 8. ზაუბერი - 5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაჰრეინის გრანპრის წინ: ფორმულა 1 უდაბნოში ჩავიდა