ის აგრეთვე რეკორდსმენია ზედიზედ ჩატარებული ეტაპების რაოდენობით, როცა ფინიშამდე ახერხებდა მისვლას. ნიკი 2007 წლის საფრანგეთის გრანპრიდან მოყოლებული 2009 წლის იაპონიის გრანპრიმდე ზედიზედ 45 რბოლის განმავლობაში აღწევდა ფინიშის ხაზს. ეს სერია 2009 წელს, სინგაპურში შეწყდა, როცა გერმანელი ადრიან სუტილს შეეჯახა.
ფორმულა 1-ის მოქმედ პილოტებს შორის ყველაზე გრძელი უწყვეტი სერია აქვს კიმი რაიკონენს: თუ ათვლას 2009 წლის უნგრეთის გრანპრიდან დავიწყებთ, გამოდის, რომ დღეისთვის ფინელმა ზედიზედ
ზედიზედ ფინიშების რაოდენობით მეორე ადგილი ეკუთვნის ფელიპე მასას: დღეისთვის მას 23 ფინიშიანი რბოლა დაუგროვდა. მისი ბოლო გამოვარდნა გასულ წელს, ავსტრალიაში დაფიქსირდა.
"ფერარის" მეორე პილოტისთვის, ფერნანდო ალონსოსთვის წარმატებული ფინიშების სერია შარშან, ბელგიის გრანპრიზე შეწყდა, სადაც ის რომენ გროსჟანის მიერ მოწყობილი ავარიის მსხვერპლი გახდა.
ლუის ჰემილტონი, რომელიც ამ რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს, კარიერის დასაწყისში უფრო ხშირად ახერხებდა ფინიშამდე მისვლას: მან ფორმულა 1-ში დებიუტიდან მე-16 რბოლის თავზე ვერ შეძლო 2007 წელს, ჩინეთის გრანპრიზე ბრძოლის დასრულება.
ზედიზედ ფინიშების რაოდენობა ფორმულა 1-ის პილოტებისთვის:
32 - კიმი რაიკონენი (სერია გრძელდება)
23 - ფელიპე მასა (სერია გრძელდება)
23 - ფერნანდო ალონსო (შეწყდა 2012 წელს)
23 - მარკ უებერი (შეწყდა 2012 წელს)
21 - ჯენსონ ბატონი (შეწყდა 2012 წელს)
19 - სებასტიან ფეტელი (შეწყდა 2011 წელს)
15 - ლუის ჰემილტონი (შეწყდა 2007 წელს)
ფეტელის ბნელი მხარე
საკულტო სერიალის - "ვარსკვლავური ომების" მოტივები ხშირად გამოიყენებოდა ფორმულა 1-ში: შეიძლება გავიხსენოთ 2005 წელი, როცა მონაკოში "რედ ბულის" ბოლიდებზე გამოჩნდა მესამე ეპიზოდის რეკლამა, გასულ წელს კი "ლოტუსი" ეწეოდა კომპიუტერული თამაშის - Angry Birds Star Wars-ის რეკლამას.
მაშინ ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად მხიარული იყო, მაგრამ დანამდვილებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ სებასტიან ფეტელი ძალიან გახარებული დარჩებოდა ბრიტანული ჟურნალის, F1 Racing-ის მაისის ნომრის გარეკანით. ფოტომონტაჟით გერმანელი პილოტი შეადარეს დარტ ვეიდერს - "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთ ანტიგმირს, რომელიც შეიძლება მთელი სამყაროს ბოროტების სიმბოლოდ აღვიქვათ. უფრო მეტიც, გარეკანის მთავარი სათაური ასე ჟღერს: "ფეტელის ბნელი მხარე".
თუმცა ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ცნობილი ჟურნალისტი ენტონი როულინსონი ამტკიცებს, რომ მათ არც უფიქრიათ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის წყენინება.
"მკითხველთა დიდი ნაწილის რეაქცია სავსებით პოზიტიური იყო, თუმცა აუდიტორიის გარკვეულმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ოდნავ არასამართლიანები ვიყავით სებასტიანის მიმართ, - აღიარა როულინსონმა. - მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ასეთი ტიპაჟი. ეს არის ჩვენი იუმორისტული დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რაც მალაიზიაში მოხდა. მე მგონი, შთამბეჭდავი გამოვიდა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ფეტელი თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებს, ხოლო კონკრეტული თაობის ადამიანებისთვის დარტ ვეიდერის ხასიათთან შედარება - ერთგვარი კომპლიმენტი გახლავთ. ჩვენ არც გვიფიქრია სებასტიანის "კბენა", თუმცა მიმაჩნია, რომ მალაიზიის ტრასაზე ის საკმაოდ ხისტად მოქმედებდა".
როგორც ირკვევა, პირველად ფორმულა 1-ზე "ვარსკვლავური ომების" კონტექსტში ლაპარაკი ჯერ კიდევ შორეულ 1977 წელს დაიწყეს, როცა ჯორჯ ლუკასმა თავისი სერიალის პირველი ფილმი გადაიღო.
აი, რას ყვება ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ უინძორი: "1977 წელს გაჩნდა ჭორი - ბერნი ექლსტოუნი იყო პირველი ინვესტორი, ვინც "ვარსკვლავურ ომებში" ფული ჩადოო. მახსოვს, მაშინ ამის შესახებ ბევრი ლაპარაკი იყო. შესაძლოა, ეს არც იყოს სიმართლე, შესაძლოა, ყველაფერი იმით აიხსნას, რომ ჯორჯ ლუკასი რეგულარულად ესწრება მონაკოს გრანპრის, მაგრამ, ჩემი აზრით, ექლსტოუნი ყოველთვის იჩენდა ინტერესს კინოინდუსტრიის მიმართ..."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელი უკვე ფერნანდო ალონსოს დარია