ორ გუნდში ტესტ-პილოტები მუშაობდნენ: ჰეიკი კოვალაინენმა შარლ პიკი შეცვალა "კატერჰემში", როდოლფო გონსალესმა მაქს ჩილტონი "მარუსიაში". სველ ტრასაზე პილოტები ხშირად კარგავდნენ მანქანაზე კონტროლს, თუმცა სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
საუკეთესო დრო პილოტებმა სესიის ბოლო წუთებზე აჩვენეს, როცა ასფალტი საბოლოოდ გაშრა.
* * *
მეორე სესიის დაწყებისთვის ამინდი გაუმჯობესდა და დილის წვიმისგან კვალიც აღარ დარჩა. გუნდებმა გააგრძელეს ტექნიკური სიახლეების ეფექტურობის შემოწმება და მაქსიმალურად სცადეს დილის სესიისას დაკარგული დროის კომპენსირება. ამიტომაც, გრაფიკი მეტად დატვირთული გამოვიდა, პილოტებმა დიდი მანძილი გაიარეს. თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. სესიის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ტრასაზე ყვითელი დროშები გამოფინეს: პოლ დი რესტას მანქანაზე უკანა მარცხენა საბურავი გამოვიდა მწყობრიდან - "მედიუმმა" ვერ გაუძლო ათწრიან სერიას.
გუნდებმა მუშაობა მშრალ ასფალტზე დაასრულეს. ყველაზე გრძელი დისტანცია ნიკო როსბერგმა გაიარა, საუკეთესო დრო კი სებასტიან ფეტელმა დააფიქსირა - 1:22.808. ალონსო ამჯერად მეორე იყო. მეორე სესიის საბოლოო ოქმში უფრო მჭიდრო შედეგები ვიხილეთ - ფეტელს წამზე ნაკლებით ექვსი პილოტი ჩამორჩა.
როგორც ჩანს, კვლავ პრობლემები აქვს "მაკლარენს". ამ გუნდის პილოტები - ჯენსონ ბატონი და სერხიო პერესი ორივე სესიისას პირველ ათეულში ვერ მოხვდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: გუნდების უარი ტესტებს