ფერნანდო ალონსო სახლში საუკეთესოა

AutoSharing Option
პირველმა ევროპულმა ეტაპმა საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა ძალთა თანაფარდობა გუნდებს შორის.

წინა ოთხ რბოლაში გუნდებმა გამოავლინეს მანქანის სუსტი მხარეები და თან სცადეს "პირელის" ახალ საბურავებთან შეგუება. წელს, ტექნიკური განახლებების გრაფიკი საკმოდ მჭიდროა - მალე გუნდები 2014 წლის ბოლიდებზე გადაერთვებიან და პირველი სერიოზული განახლება ყველამ ბარსელონასთვის მოამზადა, მით უმეტეს, რომ ესპანური ტრასა აეროდინამიკის ეფექტურობის შესამოწმებლად იდეალურად არის მიჩნეული.

კვალიფიკაცია და საბურავები
კვალიფიკაციის შედეგები საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. პოული მოიპოვა როსბერგმა, ჰემილტონმა მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი - პირველი რიგი "მერსედესის" პილოტებმა დაიკავეს. მეორე რიგში
იდგნენ ფეტელი და რაიკონენი, მესამეზე - ალონსო და გროსჟანი. ორმა პილოტმა ჯარიმა მიიღო - მასამ და გუტიერესმა სამ-სამი პოზიცა დაკარგეს კვალიფიკაციაში მეტოქეთა ბლოკირების გამო.

"პირელიმ" ბარსელონაში "ჰარდის" განახლებული საბურავები ჩაიტანა, რომელსაც გამძლეობის უფრო მეტი რესურსი ჰქონდა. ესპანეთის ტრასაზე მოსახვევებში საბურავებზე დატვირთვა ძალიან დიდი იყო, ამიტომაც "პირელიმ" თავისი ასორტიმენტიდან აირჩია ორი ყველაზე ხისტი საბურავი - "ჰარდი" და "მედიუმი". ცვეთა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა, შესაბამისად, გუნდებმა აქცენტი "ჰარდზე" გააკეთეს. კვალიფიკაციაში პირველ ათ ადგილზე გასულმა პილოტმა "მედიუმის" საბურავები გამოიყენა და გუშინ, სტარტიც ამ შემადგენლობით აიღო. პირველ მონაკვეთზე "ჰარდი" მხოლოდ ბიანკიმ, ჩილტონმა და პიკმა დააყენეს.

რბოლა
ნიკო როსბერგმა სტარტზე შეინარჩუნა ლიდერობა, ლუის ჰემილტონმა კი მაშინვე დაიწყო პიზიციების დაკარგვა. პირველი მოსახვევის წინ, ბრიტანელმა ფეტელი გაატარა, ოდნავ მოგვიანებით კი ლუისს შიდა რადიუსით გაუსწრო ფერნანდო ალონსომ. ტრადიციულად, ჩააგდო სტარტი მარკ უებერმა, რომელიც მე-11 ადგილამდე დაეშვა.

პიტსტოპების პირველი სერია მეექვსე-მეშვიდე წრეზე დაიწყო. მანამდე როსბერგი ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ როგორც კი გერმანელმა "მედიუმი" "ჰარდით" შეცვალა, "მერსედესს" ნამდვილი კატასტროფა შეემთხვა: ნიკომ ერთმანეთის მიყოლებით გაატარა ოთხი კონკურენტი. მათ შორის პირველი არა ფეტელი, არამედ ალონსო იყო, რომელმაც სებას პიტსტოპის ხარჯზე გაუსწრო.

კიდევ უფრო უარეს დღეში იყო მეორე "მერსედესი": ჰემილტონს პერიოდულად უსწრებდნენ "ტორო როსოს" წევრები და "უილიამსიც" კი. ამან დაადასტურა გერმანული საჯინიბოს არასტაბილურობა და ისიც, რამდენად გაუგებარია ხანდახან სიტუაცია რბოლის დროს. მაგალითად, რამდენიმე წრის განმავლობაში ლიდერი იყო ესტებან გუტიერესი, რომელმაც გადადო ბოქსებში პირველი ვიზიტი, ხოლო ვან დერ გარდე სულ რაღაც ხუთ წამს აგებდა ჰემილტონთან, არადა, ორივეს ერთი რაოდენობის პიტსტოპი ჰქონდა შესრულებული.

ასეა თუ ისე, გამარჯვებისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტად ალონსო მოჩანდა. მას ოდნავ ჩამორჩებოდა მასა. ფეტელი და რაიკონენი ცდილობდნენ საკუთარ ტაქტიკას მიჰყოლოდნენ, რაც პიტსტოპების ნაკლებ რაოდენობაში გამოიხატებოდა. ამასთან, კიმი სებაზე სწრაფი იყო და რამდენიმე ლამაზი შეტევის შემდეგ, მაინც გაუსწრო "რედ ბულის" პილოტს.

არ გაუმართლა რომენ გროსჟანს, რომლის ბოლიდზე უკანა დაკიდება გამოვიდა მწყობრიდან. ჩაუვარდა რბოლა სუტილს, რომელსაც პრობლემები შეექმნა ბოქსებში და ბევრი დრო დაკარგა. ქულათა ზონაში შესვლის შანსი გაუშვა ხელიდან ჰიულკენბერგმა, როცა "ზაუბერის" მექანიკოსებმა გერმანელი პიტსტოპიდან მაშინ გაუშვეს, როცა პიტლეინზე მოძრაობდა ჟან-ერიკ ვერნი. ჰიულკენბერგი ფრანგს დაეჯახა, რის გამოც ჯარიმა მიიღო.

გამარჯვებისთვის ბრძოლაში რაიკონენი და ალონსო გვერდიგვერდ აღმოჩდნენ მას შემდეგ, რაც ფერნანდო მესამედ შევიდა ბოქსებში. "ფერარის" პილოტმა იოლად მოახერხა "ლოტუსის" წევრის გასწრება და უკვე შეეძლო ყურადღება აღარ მიექცია ფინელის ტაქტიკისთვის. თავის მხრივ, რაიკონენი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მეორე ადგილს.

ბოლო პიტსტოპისა და "ჰარდზე" გადასვლის შემდეგ, რაიკონენმა აანერვიულა ადგილობრივი პუბლიკა, რადგან ისევ დაიწყო ჩამორჩენის შემცირება ალონსოსთან. "ფერარიმ" გადაწყვიტა აღარ გადაედო ბოქსებში ბოლო შესვლა, რათა ალონსო გარანტირებულად დაბრუნებულიყო კიმის წინ. ფინაშამდე 16 წრით ადრე ესპანელის უპირატესობა რვა წამს შეადგენდა - ეს საკმარისი იყო რბოლის მოსაგებად.

წინა ეტაპებზე კრიზისის ფონზე, სოლიდურად გამოიყურებოდა "მაკლარენი" - ბატონი და პერესი ათეულში იყვნენ. დაადასტურა თავიანთი ტემპი "ფორს ინდიას" პილოტმა პოლ დი რესტამ, წარმატებული იყო დანიელ რიკარდო...

კვლავ წვალობდა ჰემილტონი: მის "მერსედესზე" საბურავები ძალიან სწრაფად გამოდიოდა მწყობრიდან, რის გამოც ლუისი ტემპით გუტიერესსაც კი ჩამორჩებოდა. საბოლოოდ, ბრიტანელი ათეულის მიღმა აღმოჩნდა. უფრო უკეთ ჰქონდა საქმე როსბერგს, რომელიც ზოგავდა საბურავებს და მეექვსე ადგილს ინარჩუნებდა.

ბოლოსკენ გააქტიურდა მასა, რომელიც ყოველ წრეზე წამს უგებდა რაიკონენს, თუმცა ფინელის ჰანდიკაპი საკმაოდ დიდი იყო და თან ბრაზილიელმა ტემპის დაკარგვა დაიწყო: აქაც საბურავები მალე გამოვიდა მწყობრიდან.

ალონსომ კი დამაჯერებლად მიიყვანა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე. რაიკონენი ისევ ავიდა პოდიუმზე და ამით დაადასტურა ბოლო ორ სეზონში ყველაზე სტაბილური პილოტის სტატუსი. კმაყოფილი იყო მესამე ადგილით მასა, რასაც ვერ ვიტყვით მეოთხეადგილოსან ფეტელზე - "რედ ბულისთვის" დასაფიქრებელია ალონსოსთან 40-წამიანი ჩამორჩენა. საერთო ჩათვლაში სება ლიდერია, მაგრამ, ახლა, მხოლოდ ოთხ ქულას უგებს რაიკონენს და 17 ქულას - ალონსოს.

ესპანეთის გრან-პრი. V ეტაპი

ბარსელონა (66 წრე, 307.104 კმ)

1(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:39.16,596 (4 პიტსტოპი)
2(2). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +9,338 (3)
3(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +26,049 (4)
4(9). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +38,273 (4)
5(22). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +47,963 (4)
6(4). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.08,020 (3)
7(11). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.08,988 (4)
8(8). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.19,506 (3)
9(12). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +1.21,738 (4)
10(7). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 1 წრე (4)
11(17). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე (4)
12(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1 წრე (4)
13(13). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (4)
14(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე (5)
15(10). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) 1 წრე (6)
16(16). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (3)
17(20). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
18(18). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (4)
19(19). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 2 წრე (3)
20(15). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 13 წრე
21(21). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 44 წრე
22(6). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 57 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 131; 2. ფერარი - 117; 3. ლოტუსი - 111; 4. მერსედესი - 72; 5. ფორს ინდია - 32; 6. მაკლარენი - 29; 7. ტორო როსო - 8; 8. ზაუბერი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფერარი" და "რედ ბული" დომინირებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული