ფორმულა 1: აურზაური საბურავების გამო

AutoSharing Option
ესპანეთის გრანპრის შემდეგ "რედ ბულის" მფლობელს დიტრიხ მატეშიცს მეტად მკაცრი საუბარი ჰქონდა ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერთან ბერნი ექლსტოუნთან, - წერს ბრიტანული Autosport. მატეშიცმა კატეგორიული ფორმით გამოთქვა თავისი აზრი "პირელის" საბურავების შესახებ, რომელთა მახასიათებლები არ აძლევს საშუალებას სებასტიან ფეტელსა და მარკ უებერს, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანქანების პოტენციალი.

როგორც ირკვევა, მატეშიცი და ექლსტოუნი კვირას 45 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ავსტრიელი მილიარდერი თავის უკმაყოფილებას ვერ მალავდა შექმნილი სიტუაციის გამო.

"ფორმულა 1-ს უკვე აღარაფერი შერჩა კლასიკური რბოლებისგან, - განაცხადა მატეშიცმა. - იგებს არა საუკეთესო
პილოტი ყველაზე სწრაფი მანქანით, არამედ ის, ვინც ახერხებს საბურავების ცვეთის კონტროლს და ამასთან, ინარჩუნებს ტემპს. ჩვენ საკუთარი RB9-ის გადაკეთება მოგვიწია, რადგან საბურავი დატვირთვებს ვერ უძლებდა. ჩემი გუნდი მაქსიმალურად შესაძლო სიჩქარით რომ მოძრაობდეს, ერთ რბოლაში 10-15 პიტსტოპი დაგვჭირდებოდა.

ვიცი, რომ "პირელის" ამოცანა იყო პიტსტოპების რიცხვის გაზრდით რბოლის სანახაობრივი მხარის ამაღლება, მაგრამ ზედმეტი მოუვიდათ. დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება წინასწარ ნავარაუდებისგან".

მართალია, მატეშიცსა და ექლსტოუნს მკაცრი საუბარი ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს ბერნი დაეთანხმა "რედ ბულის" მფლობელის მოსაზრებას.

"ეს ის საბურავი არ არის, რომელიც ჩვენ გვჭირდება, - განაცხადა ექლსტოუნმა. - ჩვენ სულ სხვა რამ გვქონდა ჩაფიქრებული, როცა "პირელის" ვთხოვეთ, შეექმნა ისეთი საბურავები, რომლებიც სარბოლო დისტანციის ნახევარს გაუძლებდა. იტალიურ კომპანიაში ეს ესმით და ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. ჩვენ დავუბრუნდებით საბურავების შარშანდელ ვერსიას, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდრო ბრძოლას ტრასაზე".

"პირელის" სპორტული განყოფილების დირექტორი პოლ ჰემბრი ეთანხმება იმას, რომ ბარსელონას რბოლაში დაფიქსირებული ოთხ-ხუთი პიტსტოპი მართლაც მეტისმეტია. ის აცხადებს, რომ ბრიტანეთის გრანპრისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება, საბურავებს მნიშვნელოვნად შეცვლიან.

ესპანეთის გრანპრის შემდეგ ჰემბრიმ აღიარა, რომ მისი კომპანია რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: "ჩვენ ორიენტანცია სილვერსტოუნზე გვქონდა აღებული, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რა ცვლილებაც არ უნდა შევიტანოთ, ბევრი გუნდი ამაზე წინააღმდეგი წავა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ საბურავები უნდა შევცვალოთ, ეს შეიძლება არ მოეწონოთ იმ პილოტებს, რომლებიც ესპანეთში პოდიუმზე ავიდნენ. ამიტომაც ბრიტანეთის გრანპრის დროს მეტყვიან, რომ "პირელი" რედ ბულს" უწყობს ხელს. საბურავების შეცვლის გამო გაგვაკრიტიკებენ, მაგრამ იგივე იქნება, თუ ამას არ გავაკეთებთ".

ბერნი წლის ბოლოს წავა?
ჩვენ არაერთხელ მოგიყევით იმის შესახებ, თუ რა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ბერნი ექლსტოუნი ყოფილი გერმანელი ბანკირის, გერჰარდ გრიბოვსკის საქმესთან დაკავშირებით. მალე მოვლენები შეიძლება ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერისთვის სავალალოდ განვითარდეს, რადგან მიუნხენის პროკურატურამ დაასრულა საკუთარი გამოძიება და მზად არის, ბერნის ბრალი წაუყენოს მექრთამეობაში.

თუ ეს მოხდა, ფორმულა 1-ის ეკონომიკის მაკონტროლებელი კერძო საინვესტიციო ფონდი CVC Capital Partners ექლსტოუნის გადაყენებას ეცდება, - იტყობინება Financial Times.

ერთ-ერთ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ CVC, ყველა გართულების მიუხედავად, უარს არ ამბობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ფორმულა 1-ის აქციებს ბირჟაზე წარადგენს და ეცდება ექლსტოუნის სხვა პიროვნებით შეცვლას. ამასთან, წყაროს მიაჩნია, რომ ბერნი იმ შემთხვევაშიც ვერ შეინარჩუნებს პოსტს, თუ მოახერხებს გერმანულ მართლმსაჯულებასთან საქმის დარეგულირებას. ამ შემთხვევაში, ექლსტოუნის გადაყენება რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება.

"იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ის თავისი საქმეების მოგვარებას, წლის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ფორმულა 1-დან წასვლა", - წერს გაზეთი.

ექლსტოუნის მხარე ამ განცხადებას კომენტარს არ უკეთებს.

ფეტელი: ქალების დრო მოდის
ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ ავტოსპორტში ქალების აქტიურობაზე. მას შემდეგ, რაც "მარუსიას" ტესტ-პილოტი, ესპანელი მარია დე ვილიოტა აეროდინამიკური ტესტების დროს საშინელ ავარიაში მოყვა და ცალი თვალი დაკარგა, ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან ქალი პილოტის ხილვის ყველა იმედი "უილიამსის" ტესტ-პილოტს, სიუზი ვოლფს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ფორმულა 1-ის გრანპრიზე ქალი პილოტის გამოჩენის მიზერული შანსი არსებობს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი უარს არ ამბობს ტრასაზე ქალთან ბრძოლის პერსპექტივაზე.

"მრბოლელებს ჯერჯერობით რთულად წარმოგვიდგენია ქალი ფორმულა 1-ის მანქანის საჭესთან, მაგრამ ოდესღაც სიტუაცია შეიცვლება, - ამბობს ფეტელი Motorsport-Total-ის გერმანულ ვებგვერდზე. - ჯერჯერობით ქალები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ხელმძღვანელ პოსტებზე. ამის ნათელი მაგალითია მონიშა კალტენბორნი, რომელმაც შარშან "ზაუბერი" ჩაიბარა. გარდა ამისა, ფორმულა 1-ში ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ "უილიამსში" მალე ფრენკ უილიამსის მემკვიდრე გახდება კლერ უილიამსი.

ჩემი აზრით, ნორმალურია ის ფაქტი, რომ ქალები კარიერაში ასეთ წარმატებებს აღწევენ. მიმაჩნია, რომ დიდი ხანია, წავიდა ის დრო, როცა ავტოსპორტით მხოლოდ მამაკაცები იყვნენ დაკავებულნი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსო სახლში საუკეთესოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული