ბერნი ექლსტოუნმა არ იცის, რა არის ბედნიერება

AutoSharing Option
ბრიტანულმა გაზეთმა "თაიმსმა" გამოაქვეყნა ბერნი ექლსტოუნთან ინტერვიუ, რომელშიც ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა - დაწყებული ამას წინ გამართული ტრიბუნალიდან და დასრულებული პირადი ცხოვრებით.

კერძოდ, ის კმაყოფილია ვერდიქტით, რომელიც ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალმა გამოიტანა "მერსედესისა" და "პირელის" ტესტების საქმესთან დაკავშირებით. როცა ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ტელეფონით შეატყობინა გადაწყვეტილების შესახებ, ექლსტოუნმა განაცხადა: "მხოლოდ გაფრთხილება? ეს შესანიშნავია! მადლობა, ჟან, კარგად ორგანიზებული პროცესისთვის!"

ინტერვიუს დიდი ნაწილი ეძღვნება ზოგადსაკაცობრიო თემებს. როცა ბერნის პირადი ცხოვრების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიცი
- რა არის ბედნიერება. რას ნიშნავს ეს გრძნობა? როცა გამომდის ის, რაც დავგეგმე, კმაყოფილებას ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერება? არ მგონია"
.

რა თქმა უნდა, ბერნიმ კარგად იცის უარყოფითი ემოციების შესახებ: ის არ მალავს, რომ ძალიან იყო განაწყენებული, როცა მეუღლე სლავიკამ მიატოვა 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მაგრამ საკუთარი გრძნობების გაზიარებისთვის არავინ ჰყავდა: "რატომ უნდა მოვაწყინო ვინმე საკუთარი პრობლემებით?"

ექლსტოუნმა ამასწინ იქორწინა ბრაზილიელ ფაბიანა ფლოზიზე, რომელიც ბერნიზე 46 წლით უმცროსია. ის ამაზე ყოველგვარი რომანტიკის გარეშე ლაპარაკობს: "ქორწილიდან მეორე დღეს სამსახურში დავბრუნდი. ეს ცერემონია - უბრალო ფორმალობაა, რომელიც უნდა შემესრულებინა".

ექლსტოუნს მოუწია პასუხების გაცემა გერმანიაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელშიც ბერნი დადანაშაულებულია ყოფილი ბანკირისთვის, გერჰარდ გრიბოვსკისთვის მრავალმილიონიანი ქრთამის გადაცემაში.

ბერნიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ: "საკუთარ პოზიციებს სასამართლოში დავიცავ. თუ მე რაიმეში დამნაშავე ვარ, მხოლოდ იმაში, რომ ასე სულელურად ჩავვარდი. თუ ციხეში ჩამსვამენ, მომიწევს ამასთან შეგუება. არ მგონია, რომ ეს მომეწონოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რედ ბულმა" ომი გამოაცხადა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული