ფორმულა 1: სილვერსტოუნში წვიმდა

AutoSharing Option
28 ივნისს, სილვერსტოუნში ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო ბრიტანეთის გრანპრი. ამ სეზონში მეოთხედ, უამინდობამ ხელი შეუშალა გუნდებს შეესრულებინათ დაგეგმილი პროგრამა პარასკევის ვარჯიშების დროს. "სილვერსტოუნის" ტრასას მთელი დილა აწვიმდა და ტრეკზე წყლის გუბეები დადგა.

სესიის დასაწყისში, პილოტებმა საინსტალაციო წრე გაიარეს და ბოქსებში დაბრუნდნენ - ტრასა ძალიან სველი იყო. კომპანია "პირელიმ" სილვერსტოუნში "ჰარდის" დამატებითი ორი ექსპერიმენტული საბურავების კომპლექტი ჩაიტანა, რომლითაც გუნდები პარასკევს მოძრაობდნენ. საბოლოოდ, მრავალრიცხოვანი მაყურებელი დროის დიდი ნაწილი ცარიელ ტრასას მისჩერებოდა.

სესიის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა, როცა პირველმა პილოტმა გაიარა სრული წრე
- ეს გააკეთა დანიელ რიკარდომ. ამის შემდეგ, ტრასაზე კიდევ რამდენიმე პილოტი გავიდა. შარლ პიკმა ბოლიდი დაამტვრია, როცა ბოლო სექტორზე ტრასიდან გადავარდა. სხვა მრბოლელებიც ვერ გადაურჩნენ შეცდომებს, მაგრამ სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

საბოლოოდ, სრული წრე მხოლოდ 11-მა პილოტმა გაიარა და საუკეთესო დროის ავტორი რიკარდო გახდა - 1.54,249. თუმცა ცხადი იყო, რომ პირველი სესიის პროგრამა ჩავარდა.

* * *

მეორე სესიის დასაწყისისთვის ამინდი სილვერსტოუნში გაუმჯობესდა - აღარ წვიმდა და ასფალტი გაშრა. შესაბამისად, მრბოლელები საშუალედო საბურავებით გავიდნენ ტრასაზე, შემდეგ კი "სლიკებზე" გადავიდნენ.

სესიის დაწყებიდან 22 წუთის შემდეგ, ფელიპე მასამ მანქანა დააზიანა - ზედიზედ მესამე უქმეებია, ბრაზილიელი სერიოზულ ავარიაში ხვდება. ბოლიდი იმდენად დაზიანდა, რომ ფელიპე ფეხით დაბრუნდა ბოქსებში და ტრასაზე აღარ დაბრუნებულა.

საუკეთესო დრო ნიკო როსბერგმა აჩვენა, რომელმაც წრე წუთსა და 32.248 წამში დაფარა. წამზე ნაკლებით ჩამორჩა " მერსედესის" წევრს ხუთი პილოტი: უებერი, ფეტელი, დი რესტა, ჰემილტონი და რიკარდო.

"რედ ბულმა" "მერსედესის" სასჯელი დაითვალა
გერმანულმა გამოცემა Auto Motor und Sport-მა გაარკვია დამატებითი დეტალები, რომელიც ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალის სხდომას უკავშირდება და რომელზეც განხილული იყო "მერსედესის" მიერ ჩატარებული საიდუმლო ტესტები კომპანია "პირელისთან" ერთად. როგორც ცნობილი გახდა, "რედ ბულმა" ტრიბუნალს წარუდგინა 18-გვერდიანი დოსიე, რომლის მიხედვითაც ითხოვდა "მერსედესისთვის" კონსტრუქტორთა თასზე 162 ქულის დაკლებას.

"რედ ბულის" აზრით, საიდუმლო სამდღიანმა ტესტებმა გერმანულ საჯინიბოს ორი უპირატესობა მიანიჭა. პირველი იმაში მდგომარეობდა, რომ ათასმა სატესტო კილომეტრმა გუნდს საშუალება მისცა მანქანისთვის სიჩქარე მოემატებინა. "რედ ბულის" გამოთვლებით, სიჩქარის გაზრდამ "მერსედესს" დამატებითი 1.4 ქულა უნდა მისცეს თითო პილოტისთვის ყოველ გრანპრიზე. ესპანეთის ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატში რჩებოდა კიდევ 14 გრანპრი, ასე რომ, "მერსედესის" ფორა 39 ქულას შეადგენს.

მეორე უპირატესობა - საბურავებთან მუშაობის მხრივ მიღებული მეტი ცოდნა და გამოცდილება. ამ შემთხვევაში, ავსტრიული საჯინიბოს გამოთვლების მიხედვით, საბურავებთან ზუსტმა მუშაობამ "მერსედესის" თითო ბოლიდს დამატებითი 4.4 ქულა უნდა მოუტანოს თითო ეტაპზე. ჯამში 14 ეტაპისთვის გამოდის 123 ქულა. სულ კი ფორა 162 ქულას უდრის.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა მსუბუქი გადაწყვეტილება გამოიტანა, როცა "მერსედესს" ახალგაზრდულ ტესტებში გამოსვლა აუკრძალა.

უებერის შემცვლელზე ფეტელსაც შეეკითხებიან
"რედ ბულის" მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ აღნიშნა, რომ გუნდი აუჩქარებლად და მაქსიმალური სიფრთხილით მიუდგება ახალი პილოტის ძიების საკითხს, რომელმაც ავსტრალიელი მარკ უებერი უნდა შეცვალოს. ამ უკანასკნელმა ორი დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2013 წლის შემდეგ დატოვებს ფორმულა 1-ს.

ჰელმუტ მარკოს თქმით, პილოტის შერჩევისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სებასტიან ფეტელის აზრი.

"არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, - ამბობს მარკო. - ამიტომაც, ახალ პილოტზე გადაწყვეტილებას ფეტელის აზრის გათვალისწინებით მივიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მრბოლელებს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სამუშაო ეფექტური".

მასას დარჩენის იმედი აქვს
"ფერარის" პილოტმა ფელიპე მასამ შეაფასა მომავალი სეზონისთვის "სკუდერიაში" დარჩენის შანსები. ბრაზილიელის სიტყვებით, ის საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და ვარაუდობს, რომ გააგრძელებს გამოსვლას "ფერარის" ბოლიდით.

"ვფიქრობ, "ფერარიში" ჩემი დარჩენის შანსები საკმაოდ მაღალია, - აცხადებს მასა. - თუმცა, ამისთვის, ბევრი მუშაობა და სტაბილური შედეგების ჩვენება დამჭირდება. საბოლოოდ, ყველა საერთო ჩათვლის ცხრილს შეხედავს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: მარკ უებერი დიდი ცირკიდან მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული