ფორმულა 1: გატეხილი ნეკნები და ლავიწი

AutoSharing Option
გერმანიის გრანპრის მიმოხილვისას ვწერდით იმის შესახებ, რომ პირველი პიტსტოპის დროს, "რედ ბულის" მექანიკოსებმა ცუდად დაამაგრეს მარკ უებერის ბოლიდზე უკანა მარჯვენა საბურავი. როგორც კი ავსტრალიელმა მანქანა დაძრა, საბურავი ბოლიდს მოსძვრა და დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა პიტ-ლეინზე, ბოლოს კი წელის არეში მოხვდა ერთ-ერთ ოპერატორს, რომელიც სხვა გუნდის ბოქსებთან ახლოს იდგა.

დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბრიტანელ პოლ ალენს რამდენიმე ნეკნისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს და ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ განიხილა ეს ინციდენტი და "რედ ბული" უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის
30 ათასი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნული ინციდენტის გამო, უებერმა ბოქსებში ბევრი დრო დაკარგა და პოდიუმისთვის ბრძოლის შანსს გამოეთხოვა, არადა, იმ მომენტისთვის ავსტრალიელი მეორე ადგილზე იყო.

ლუისი ტიტულზე აღარ ფიქრობს
სეზონში მესამე პოულის მიუხედავად, "მერსედესის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა კვლავ ვერ შეძლო თავის ახალ გუნდში პირველი რბოლის მოგება. საბურავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მან მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. საჩემპიონო შანსებზე საუბრისას, "მერსედესის" წევრი პესიმიზმს არ მალავს...

"დღეს მე არ ვფიქრობ ჩემპიონის ტიტულზე - ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რადგან სებასტიან ფეტელი თითქმის 60 ქულით არის წინ. კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს იმისთვის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რეალური გახდეს.

მანქანის მოქმედება სავსე ავზით - ნამდვილი კატასტროფა იყო. არ მეგონა, თუ გერმანიაში რბოლა ასეთი წარუმატებელი გამოვიდოდა. როგორც ჩანს, ჩვენ თავად ჩავაყენეთ საკუთარი თავი რთულ სიტუაციაში, რადგან რბოლის ბოლოს, მანქანამ მკვეთრად მოუმატა სიჩქარეს. იმედგაცრუებული ვარ.

ერთი კვირის წინ, ბრიტანეთის გრანპრი გამარჯვების ერთადერთი შესაძლებლობა იყო, მაგრამ რბოლის დროს ჩემს ბოლიდზე საბურავი გამოვიდა მწყობრიდან. ვინ იცის, კიდევ როდის მომეცემა ასეთი შანსი?

საბურავების შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. როცა რბოლის მსვლელობისას "ზაუბერის" გასწრებას ვერ ახერხებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები გაქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიკაციაში ერთი წამით სწრაფები ვიყავით"
, - აცხადებს ჰემილტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის გრან პრიზე მარკ უებერის ბოლიდის საბურავმა კინაღამ ადამიანი შეიწირა
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბურავი დაყენებული არ იყო როცა მწვანე აუნთეს ვებერს
shota
17:24 14-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული