შეგახსენებთ, რომ უნგრეთის გრანპრიდან მოყოლებული, გუნდები გამოიყენებენ "პირელის" ახალ საბურავებს - ეს არის 2012 და 2013 წლების კონსტრუქციების ნაზავი. სწორედ ამ საბურავების მახასიათებლების შესწავლისთვის გამოიყენეს საჯინიბოებმა პირველი ვარჯიში.
ტრასაზე სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა. ჟან-ერიკ ვერნი გადავარდა ტრასიდან მეოთხე მოსახვევში, თუმცა უპრობლემოდ დაბრუნდა
* * *
როგორც გითხარით, უნგრულ ავტოდრომს იშვიათად იყენებენ, ასე რომ, პარასკევს შეგროვებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, აქტუალობა დაკარგოს კვალიფიკაციაში, როცა ასფალტი დამწვარი რეზინის ფენით დაიფარება. თუმცა მეორე სესიის დროს, გუნდებმა პირველად იმუშავეს მანქანის მახასიათებლებზე საბურავების იმ ორი შემადგენლობით, რომელსაც კვირას რბოლაში გამოიყენებენ.
საჯინიბოები მხოლოდ საბურავებზე არ მუშაობდნენ. მიმდინარეობდა მომზადებული ტექნიკური სიახლეების გამოცდა. მაგალითად, პილოტები წრეებს ფიქსირებული სიჩქარით გადიოდნენ, რათა შეეფასებინათ აეროდინამიკური გადაწყვეტილებების ეფექტურობა.
ამინდმა გუნდებს საშუალება მისცა სრულად შეესრულებინათ დაძაბული პროგრამა, თანაც ტრასაზე არ მომხდარა არანაირი სერიოზული ინციდენტი. ბოლოს, პილოტებმა წრეების გრძელი სერია გაიარეს და ამით, რბოლის იმიტაციაზე გადაიტანეს აქცენტი.
ისევე, როგორც პირველი ვარჯიშის დროს, ახლაც, საუკეთესო დრო ფეტელს ჰქონდა (1:21.264). მას სულ მცირედით - 44 მეათასედი წამით ჩამორჩა მარკ უებერი. ეს უკანასკნელი პირველ სესიაშიც მეორე იყო. აღსანიშნავია, რომ მეორე ვარჯიშის დროსაც ფეტელთან რვა პილოტმა წააგო წამზე ნაკლები.
"უქმეები მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ჩვენი მანქანა უკვე სწრაფია - ეს ოპტიმიზმს გვმატებს, თუმცა ყოველთვის არსებობს მომატების შესაძლებლობა. დღემ კარგად ჩაიარა, ბევრის რამის გაკეთება შევძელით, საჭესთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გრძნობ, რომ სიტუაციას აკონტროლებ, მანქანა კი იმის საშუალებას გაძლევს, რაც შენ გინდა. ვფიქრობ, RB9 კარგად ერგება უნგრეთის ტრასას.
ვიხილავთ თუ არა "რედ ბულის" დომინირებას? იმედია, ასე იქნება, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე მსჯელობა. მართლაც, პირველ ორ ვარჯიშზე ყველაზე სწრაფები ვიყავით, მაგრამ საკუთარი პროგრამით ვმუშაობდით და არ ვიცით, რას აკეთებდნენ მეტოქეები. ვფიქრობ, კვალიფიკაციაში ძალიან მჭიდრო ბრძოლა იქნება და მანქანისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ყველაზე წინ აღმოვჩნდეთ.
ახალი საბურავი? დღეს ჩვენ ვერ შევძელით მისი შედარება წინა მოდიფიკაციასთან, მაგრამ მანქანის ქცევაში დიდი ცვლილება ვერ შევნიშნე. მთავარია, რომ ეს საბურავი უსაფრთხოა. ჯერჯერობით არავის შექმნია პრობლემა", - განაცხადა ფეტელმა.
პირველ რიგში, უსაფრთხოება
ფორმულა 1-ში მკაცრდება სასჯელი პიტსტოპების დროს არასაიმედოდ დამაგრებული საბურავების გამო. ახლა, იმ შემთხვევაში თუ მანქანა არადამაგრებული საბურავით დატოვებს გარაჟის სექციას, მომავალ რბოლაში საჯინიბო დაკარგავს სტარტზე 10 პოზიციას, - იტყობინება Sky Sports.
დაუმაგრებელი საბურავის თემა აქტუალური გახდა გერმანიის გრანპრის შემდეგ. მაშინ, "ნიურბურგრინგის" ტრასაზე ერთ-ერთი პიტსტოპის შემდეგ, მარკ უებერის ბოლიდს საბურავი მოძვრა , რომელმაც იქვე მომუშავე ოპერატორი დააზარალა.
* * *
ამასობაში, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა წესებში კიდევ ერთ ცვლილებას ამზადებს, რომელიც პიტსტოპების დროს ბოქსების ზონაში უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს. ეს იდეაც გერმანიის გრანპრის ინციდენტის შემდეგ მოდის.
იდეა კი შემდეგში მდგომარეობს - უნდა შეზღუდონ პიტსტოპების მინიმალური დრო, აგრ
ეთვე გუნდის თანამშრომლების რაოდენობა ბოქსების წინ.
მინიმალური დროის შემოღების შემთხვევაში, მექანიკოსებს აღარ დასჭირდებათ ჩქარი მოქმედება ბოქსებში მანქანების მომსახურებისას.
მოსალოდნელი ცვლილებები ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა უნდა განიხილონ, მაგრამ უკვე ცნობილია პირველი რეაქცია: საჯინიბოებს არ მოსწონთ ეს იდეა.
ასევე იხილეთ:
მარკ უებერის შემცვლელს უნგრეთის შემდეგ იტყვიან