ავტოსპორტი

ფორმულა 1

ფეტელი - წლის პილოტი, "რედ ბული" - წლის მანქანა

AutoSharing Option
ლონდონში გაიმართა 2013 წლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია, რომლის ორგანიზატორი, ტრადიციულად, ჟურნალი Autosport-ი იყო.

ზედიზედ მეოთხედ, წლის საუკეთესო პილოტი გახდა გერმანელი სებასტიან ფეტელი, რაც არავისთვის ყოფილა სიურპრიზი, რადგან "რედ ბულის" გერმანელი წევრი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოთხგზის ჩემპიონი გახდა, თან 2013 წლის სეზონში რამდენიმე რეკორდიც დაამყარა.

გერმანელმა პრიზი სერ სტირლინგ მოსისგან მიიღო და დაჰპირდა გულშემატკივრებს, რომ კიდევ არაერთხელ გააოცებს საავტომობილო სამყაროს ახალი მიღწევებით.

"უკვე მეოთხე წელია მოვდივარ ამ დარბაზში, რომელიც სავსეა ავტოსპორტის სამყაროს წარმომადგენლებით და არაფერი მექნება საწინააღმდეგო, თუ ეს
კიდევ ოთხი წელი განმეორდება",
- განაცხადა ფეტელმა.

წლის საუკეთესო ახალბედად აღიარეს "მარუსიას" წევრი ჟიულ ბიანკი - "ფერარის" სარბოლო აკადემიის კურსდამთავრებული. 2013 წელს ის ყველა რბოლაში ფინიშთან მივიდა და თავის გუნდს კონსტრუქტორთა თასზე მეათე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.

საუკეთესო ბრიტანელი პილოტი გახდა ლუის ჰემილტონი, რომლის პირველი სეზონი "მერსედესში" წარმატებული გამოდგა. ლუისი, რომელმაც გასულ სეზონში ერთი რბოლა მოიგო, ცერემონიას ვერ დაესწრო და ლონდონური ფორუმის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა.

ზედიზედ მეოთხედ, წლის ავტომობილად აღიარეს ედრიან ნიუის ქმნილება: 2013 წელს Red Bull RB9-ით ფეტელმა 13 რბოლა მოიგო.

სპეციალური ჯილდო მიიღო ლეგენდარულმა ავსტრიელმა ნიკი ლაუდამ. მას გრეგორ გრანტის სახელობის პრიზი ავტოსპორტის განვითარებისთვის გადაეცა. ამჟამად, ავსტრიელი ვეტერანი "მერსედესში" მუშაობს და მისი დამსახურებაცაა ამ სეზონში გერმანული საჯინიბოს მაღალი შედეგები და მეორე ადგილი კონსტრუქტორთა თასზე.

დიდი ცირკი და სპონსორები
ჩვენ უკვე ვწერდით ფორმულა 1-დან ისეთი მსხვილი სპონსორების წასვლის შესახებ, როგორებიც არიან Vodafone-ი და LG Electronics-ი. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატი კვლავაც რჩება საინტერესო მარკეტინგულ პლატფორმად ბევრი საერთაშორისო კორპორაციისთვისა და მათი ბრენდებისთვის.

მართალია, LG-მ ხუთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გადაწყვიტა ფორმულა 1-დან წასვლა, მაგრამ კორეულმა კომპანიამ ბოლო ოფიციალური განცხადებით მადლობა გადაუხადა თავის პარტნიორებს და ასეთი სტატისტიკა მოიყვანა: ხუთი სეზონის განმავლობაში, LG-ის რეკლამა კადრში იყო 94 გრანპრის მსვლელობის დროს. ჯამში, ამან 229784 წამი შეადგინა. ამ ხუთ წელიწადში LG-მ რბოლებზე დაპატიჟა 1665 კორპორატიული სტუმარი.

თუმცა გუნდების ხელმძღვანელები ბოლო წლებში ხშირად წუწუნებენ იმის გამო, რომ მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისის მიზეზით, ძალიან რთულია ახალი მსხვილი სპონსორების მოძიება. "მაკლარენსაც" კი, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი ბიუჯეტი აქვს ფორმულა 1-ში, მიმდინარე პერიოდის თავისებურებების გათვალისწინება უწევს.

"მაკლარენის" მარკეტინგის განყოფილების დირექტორი ეკრემ სამი ამბობს, რომ ფინანსურმა კრიზისმა სპონსორების მოლოდინზეც იმოქმედა.

"ხუთი, შვიდი ან ათი წლის წინ ჩვენი პარტნიორები ამბობდნენ: "ჩვენ მოვდივართ ფორმულა 1-ში და პირველი სეზონი იქნება სასწავლო; მეორეში პროგრესს ვნახავთ; მესამეში კი სერიოზული იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ინვესტიციები დაიფარება, - ამბობს სამი. - ახლა ასეთ რამეს ვერ გაიგონებ. ინვესტიციებმა მოგება უნდა მოიტანოს კონტრაქტის გაფორმებისთანავე".

მიუხედავად ამისა, მისი სიტყვებით, ფორმულა 1-ში ჯანსაღი საქმიანი ატმოსფეროს საუკეთესო ინდიკატორად გამოდგება ახალი მსხვილი სპონსორების მოსვლა - Coca-Cola (ბრენდი Burn), Unilever (ბრენდი Rexona და Clear), კომპანიები Blackberry, UPS, Rolex, Emirates, GlaxoSmithKline და Procter & Gamble.

2013 წელს "მაკლარენის" ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგა იმ თანხებისგან, რომელიც წარმოდგენილია გუნდების პარტნიორების მიერ - 195 მილიონი, დანარჩენი 97 მილიონი კი 2012 წელს გამოსვლისთვის მიღებული ჰონორარია. მაგრამ "მაკლარენი" - ეს არის ტოპ-გუნდი, ამიტომაც საინტერესოა რუსული "მარუსიას" სტატისტიკა. ამ გუნდის ბიუჯეტია 83 მილიონი დოლარი, საიდანაც 30 მილიონი სპონსორული შემოსავალია.

ბევრი კომპანია, რომელიც ფორმულა 1-ის გუნდებთან ერთად მუშაობს, არა მხოლოდ ეხმარება საჯინიბოებს ფინანსური თვალსაზრისით, არამედ საკუთარ პროდუქტს სთავაზობს მათ, ბუნებრივია შესაბამისი ანაზღაურების ფასად. ასე იქცევა, მაგალითად, Microsoft Dynamics-ი, რომელსაც იყენებენ ყოველდღიურ მუშაობაში ბოქსებსა და ჩემპიონატის ტრასებზე.

სპონსორებისთვის ასევე სასარგებლოა ახალი საქმიანი კავშირები, რომლებიც ფორმულა 1-ის წყალობით მყარდება. მაგალითად მოჰყავთ ავიაკომპანია Emirates-ი, რომელმაც თანამშრომლობა დაიწყო "მაკლარენთან", რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელებმა უფრო მაღალ დონეზე გასვლა არჩიეს და ახლა მთელი ჩემპიონატის სპონსორები არიან.

გაზეთ The New York Times-ს მოჰყავს ავიაკომპანიის წარმომადგენლის სიტყვები, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველი გრანპრი Emirates-ისთვის უზრუნველყოფს 35-მილიონიან სარეკლამო აუდიტორიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლოტუსიც" დაკომპლექტდა: გროსჟანი და მალდონადო
ასევე დაგაინტერესებთ