ესეც ახალი ''ფერარი''!

AutoSharing Option

იტალიური საჯინიბო "ფერარი" პირველი გუნდი გახდა პელოტონში, რომელმაც 2011 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდის ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო. ტრადიციული ცერემონია მარანელოში - "სკუდერიას" ბაზაზე შედგა.

ახალ მანქანას F150 ჰქვია - ეს რიცხვი შემთხვევით არ აურჩევიათ. ამით "ფერარი" ეხმიანება გაერთიანებული იტალიის 150 წლისთავს.


რა თქმა უნდა, გამოცდილი თვალი არაერთ განსხვავებას შეამჩნევს შარშანდელსა და წლევანდელ ბოლიდებს შორის, ამასთან ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს მანქანა 2010 წლის ბოლიდს ჰგავს. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. გუნდის მთავარმა დიზაინერმა ნიკოლას ტომბაზისმა განაცხადა, რომ ჩემპიონატის დაწყების წინ ბოლიდი შეიცვლება,

კერძოდ, დაიხვეწება უკანა დაკიდება და დაემატება რამდენიმე გაუმჯობესებული დეტალი. ასე რომ, ახალ "ფერარის" ჯერ დასრულებული სახე არ მიუღია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ გუნდის პილოტები - ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა, აგრეთვე "სკუდერიას" შეფი სტეფანო დომენიკალი. დაგეგმილი იყო ახალი ბოლიდის დილიდანვე ტრასაზე გაყვანა, მაგრამ ძლიერმა ნისლმა ალონსოს არ მისცა ამის საშუალება. ახალი მანქანის შემოწმება დღეიდან დაიწყება, პირველი თებერვლიდან კი "ფერარი" ვალენსიაში რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე ოფიციალურ ტესტებში ჩაერთვება.

ფერნანდო ალონსომ პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იტალიური გუნდი მზად არის ჩემპიონატის ორი მთავარი პრიზისთვის საბრძოლველად. "საბრძოლო განწყობა მაქვს. ჩემი სადებიუტო წელი ფორმულა 1-ში ძალიან საინტერესო გამოვიდა, აღმოვაჩინე შესანიშნავი გუნდი, სადაც არაჩვეულებრივი ატმოსფეროა.

2011 წელს ჩვენს წინაშე ახალი ამოცანებია. მივიღეთ ახალი გამოწვევა, რადგან ძალაში შევიდა განახლებული ტექნიკური რეგლამენტი და პილოტებს მართვის სტილის შეცვლა მოუწევთ. თუნდაც იმიტომ, რომ ფორმულა 1-ში ბრუნდება KERS-ის სისტემა. სეზონი რთული იქნება და ბევრი რამის სწავლა მისი მსვლელობისას მოგვიწევს", - განაცხადა ალონსომ.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფერარის მთავარი კოზირი ზუსტად ეგარის KERS რადგან მისი წარმოება საკმაოდ დიდი ხარჯებია და ფუფუნებაა ამიტომაც მოხსნეს შეგნებულად მარააა რახან დაბრუნდა ფერარი აუცილებლად გამოიყებებს ამ შანსს, თან რა გამწარდნენნ რედბულმა ტვალწინ ააცალა თასი ასე რომ ეს მოტივი ყოფნით სხვა რომ არაფერი ალონსოც საკმაოდ კარგ ფორმაშია
avtuko
20:23 29-01-2011
0

სიახლეები პოპულარული