გუშინ ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე კიდევ ოთხმა გუნდმა მოაწყო პრეზენტაცია. ამის შემდეგ ტესტების პირველი დღე დაიწყო. რიკარდო ტორმოს ტრასაზე 11 გუნდი გავიდა, აქედან შვიდმა ახალი მანქანა გამოიყენა: "რედ ბულმა", "ფერარიმ", "მერსედესმა", "ზაუბერმა", "ლოტუს რენომ", "უილიამსმა" და "ტორო როსომ", ხოლო "მაკლარენმა", "ფორს ინდიამ", "ვირჯინმა" და HRT-მა ვალენიაში შარშანდელი ბოლიდები ჩაიყვანეს.
პირველი დღის შედეგების მიხედვით საუკეთესო დრო აჩვენა მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა. შუადღის შესვენების შემდეგ მან თავისი უსწრაფესი წრე წუთსა და 13.769 წამში დაფარა. ორ მეათედ წამზე ნაკლები წააგო ფეტელთან მისმა თანამემამულემ,
ლიდერთა სამეულში მოხვდა "მაკლარენის" სარეზერვო პილოტი გარი პაფეტი - ბრიტანელი ფეტელს ნახევარ წამზე მეტით ჩამორჩა.
პოლ დი რესტა, რომელმაც "ფორს ინდიაზე" ჰიულკენბერგი შეცვალა, მეოთხეზე გავიდა. შოტლანდიელმა მეხუთე ადგილამდე ჩამოაქვეითა ფერნანდო ალონსო, არადა, "ფერარის" პილოტი დიდი ხანი სათავეში ედგა სიას. საბოლოოდ, ესპანელი იძულებული გახდა გაჩერებულიყო "ფერარის" ახალი ბოლიდის ტექნიკური პრობლემების გამო. მიუხედავად ამისა, ფერნანდომ პირველ დღეს ყველაზე მეტი - 97 წრე გაიარა.
მეექვსე ადგილზეა კამუი კობაიაში, რომელმაც ამ წლის კიდევ ერთი დებიუტანტი - ჟერომ დ'ამბროზიო ჩამოიტოვა უკან. ამ უკანასკნელმა "ვირჯინის" საშუალედო შასით შთამბეჭდავი მეშვიდე დრო აჩვენა.
რამდენიმე გუნდს ახალ მანქანაზე ტექნიკური პრობლემები შეექმნა. დღის პირველ ნახევარში არ გაუმართლა ნიკო როსბერგს, რომელსაც ჰიდრავლიკური სისტემის გაუმართაობის გამო მეცხრე წრეზე გაუჩერდა თავისი "მერსედესი" - საბოლოოდ, გერმანელმა დღის ყველაზე უარესი დრო აჩვენა. პაუზის შემდეგ ინჟინრებმა ეს ნაკლი გამოასწორეს და როსბერგი შუმახერმა შეცვალა - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მხოლოდ 15 წრის გავლა მოასწრო და მეცხრე დრო აჩვენა.
ასევე შეფერხებებით ჩაატარეს პირველი სატესტო დღე "ლოტუს რენომ", "ტორო როსომ" და "უილიამსმა".
პირველი დღის შედეგები:
1. ფეტელი (რედ ბული) 1:13.769 (93 წრე)
2. ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) +0,169 (71)
3. პაფეტი (მაკლარენი) +0,523 (91)
4. დი რესტა (ფორს ინდია) +0,692 (28)
5. ალონსო (ფერარი) +0,784 (97)
6. კობაიასი (ზაუბერი) +1,852 (68)
7. დ'ამბროზიო (ვირჯინი) +2,234 (71)
8. პეტროვი (ლოტუს რენო) +2,582 (28)
9. შუმახერი (მერსედესი) +2,681 (15)
10. ალგერსუარი (ტორო როსო) +3,445 (19)
11. ბარიკელო (უილიამსი) +3,566 (77)
12. კართიკეიანი (HRT) +4,251 (45)
13. როსბერგი (მერსედესი) +6,161 (9).
.