ამჯერად ლოტუს რენო

AutoSharing Option

ვალენსიაში რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე დასრულდა 2011 წლის სეზონის პირველი სატესტო სერია. პრაქტიკის მესამე დღეს წრეზე უსწრაფესი დრო "ლოტუს რენოს" პოლონელმა პილოტმა რობერტ კუბიცამ აჩვენა. სულ მცირე - ხუთი მეასედი წააგო მასთან "ფორს ინდიას" წევრმა ადრიან სუტილმა. გერმანელმა შარშანდელი მანქანით ყველაზე მეტი - 117 წრე დაარტყა ავტოდრომს. სამეულში მოხვდა ჯენსონ ბატონი, რომელმაც "მაკლარენის" გარდამავალ ბოლიდზე გარი პაფეტი შეცვალა.

სამმა ლიდერმა და მეოთხე ადგილის მფლობელმა, ავსტრალიელმა მარკ უებერმა ("რედ ბული") წრე წუთსა და 14 წამზე ნაკლებ დროში დაფარეს. სხვებმა ვერ შეძლეს

ამის გაკეთება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაღალი შედეგები მათ მოკლე სესიებისას აჩვენებს, ხოლო გრძელ დისტანციებზე მათი დრო წრეზე სამი-ოთხი წამით ნაკლები იყო.

არც ისე წარმატებული დღე ჰქონდა "ფერარის". უკვე 12 წრის შემდეგ ფელიპე მასას (ბრაზილიელმა გუშინ ფერნანდო ალონსო შეცვალა) ბოლიდი ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო აალდა. ფელიპემ მუშაობის გაგრძელება სადილის შემდეგ მოახერხა, რამდენიმე მოკლე სესია გამართა და მეხუთე შედეგი აჩვენა. შემდეგ მოდიან ტიმო გლოკი ("ვირჯინი"), პასტორ მალდონადო ("უილიამსი") და სერხიო პერესი ("ზაუბერი").

"მერსედესის" საჭეს მიუჯდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი. ის დილიდან მოკლე სესიებზე მუშაობდა, დღის მეორე ნახევარში კი უფრო მეტი დრო დაჰყო ტრასაზე და მეორე პოზიციიდან მეცხრემდე ჩამოქვეითდა. საერთო ჯამში, გერმანელმა 110 წრე გაიარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ორ გერმანელს - სუტილსა და გლოკს ჩამორჩა. მოგეხსენებათ, რომ წინა ორ დღეს "მერსედესის" ახალი ბოლიდით ნიკო როსბერგი მუშაობდა და ორივეჯერ მის მანქანას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, ამჯერად კი "მერსედესის" ინჟინრებს ზედმეტი სამუშაო არ ჰქონიათ.

მესამე დღის შედეგები:
1. კუბიცა (ლოტუს რენო) 1:13.144 (95)
2. სუტილი (ფორს ინდია) +0.057 (117)
3. ბატონი (მერსედესი) +0.409 (105)
4. უებერი (რედ ბული) +0.792 (105)
5. მასა (ფერარი) +0.873 (80)
6. გლოკი (ვირჯინი) +1.063 (114)
7. მალდონადო (უილიამსი) +1.155 (101)
8. პერესი (ზაუბერი) +1.325 (104)
9. შუმახერი (მერსედესი) +1.393 (110)
10. ბუემი (ტორო როსო) +1.657 (73)
11. კართიკეიანი (HRT) +3.391 (63)
12. ტრული (ლოტუსი) - (38)

* * *

პირველ ოფიციალურ ტესტებზე დიდი ყურადღება დაეთმო "პირელის" ახალი საბურავების გამოცდას და ერთ-ერთი პირველი, ვინც უკმაყოფილო დარჩა იტალიური კომპანიის "პროდუქტით", მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო გახდა. არადა, ორი დღის წინ ესპანელმა ტესტებზე საუკეთესო დრო აჩვენა.


"საბურავებმა არასასიამოვნოდ გამაკვირვეს. განსაკუთრებით უკანა ნაწილმა. აშკარაა, რომ მათ გამო ტრასის გავლის დრო ძალიან გაიზარდა", - ამბობს ესპანელი.

უფრო ადრე კი "ზაუბერის" პილოტმა კამუი კობაიაშიმ აღნიშნა, რომ "პირელის" ახალი საბურავებით უჭირს რიკარდო ტორმოს ავტოდრომზე კარგი დროის ჩვენება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული