"მაკლარენმა" ფავორიტთაგან ყველაზე ბოლოს წარადგინა 2011 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდი. ბრიტანულმა საჯინიბომ პრეზენტაციისთვის მეტად ორიგინალური ხერხი აირჩია. ონლაინ პრეზენტაცია ვიდეორგოლით დაიწყო - რამდენიმე "რიგითი ბერლინელი" შოუს ადგილისკენ მეტროთი, საკუთარი ავტომობილებით ან ფეხით მიემართებოდნენ და თან "მაკლარენის" ბოლიდის ესა თუ ის დეტალი მიჰქონდათ: საჭე, სავარძელი, საბურავი ან აეროდინამიკური დეტალი.
შემდეგ კამერამ აჩვენა ბერლინის მოედანი, სადაც ხალხმრავალი პუბლიკა იყო შეკრებილი. ამ დროს მექანიკოსებმა ნახევრად დაშლილი მანქანა გამოაგორეს. ვიდეორგოლის გმირებმა ბოლიდთან მიიტანეს დეტალები და მაყურებლის თვალწინ აიწყო და დასრულებული სახე მიიღო MP4-26-მა. სამუშაო
"მაკლარენის" ახალ მანქანაზე რამდენიმე ტექნიკური სიახლე იპყრობს ყურადღებას: უცნაური ფორმის გვერდითი პონტონები, რთული წინა ფრთა... რაც მთავარია, ბრიტანელები არ აყვნენ მოდას და მათი მანქანის ცხვირი აწეული არ არის, როგორც ეს სხვა გუნდების ახალ ბოლიდებზეა.
საერთო ჯამში, ახალი "მაკლარენი" საკმაოდ საინტერესო მანქანაა, მაგრამ ყველა სიახლე ჯერ არ გვინახავს. უბრალოდ, ბრიტანელებს ჯერ არ სურთ ყველა საიდუმლოს ვადაზე ადრე გამხელა.
"ყველაფერი არ გვიჩვენებია, რაც ახალი სეზონისთვის შევქმენით. დიახ, მიმდინარე ვერსია უკვე შეიცავს რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილებას, მაგრამ რაღაცები დავუმალეთ კონკურენტებს", - აღნიშნა გუნდის შეფმა მარტინ უიტმარშმა.
პრეზენტაციის შემდეგ პილოტებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. რამდენიმე საინტერესო მოსაზრება წარმოადგინა ლუის ჰემილტონმა. ბრიტანელის აზრით, მომავალ სეზონში ეტაპების სანახაობრივი მხარე ამაღლდება.
"იმათ გამოკლებით, ვინც KERS-ის სისტემას ვერ გამოიყენებს, ყველა პილოტი თანაბარ პირობებში იქნება. გუნდები ცდილობენ გაუმარტივონ თავიანთ პილოტებს ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველთვის ასე არ გამოდის. მომავალი სეზონის დადებით მხარედ უნდა მივიჩნიოთ პიტ-სტოპების რაოდენობის გაზრდა, რაც "პირელის" ახალი საბურავების სწრაფ ცვეთასთან არის დაკავშირებული. ახლა რბოლები უფრო საინტერესო გახდება, რადგან გასწერებების რიცხვი გაიზრდება", - ამბობს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.
ბრიტანელმა ისიც განაცხადა, რომ უახლოეს სეზონში არ აპირებს ბოლიდის მართვის სტილის შეცვლას და კვლავაც აგრესიულ მანერას აირჩევს. ლუისს სჯერა, რომ შეუძლია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდეს: "თუ განვლილ წლებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ვერ გავხდებოდი წარმატებული მრბოლელი საკუთარი პრინციპებისთვის რომ მეღალატა. მართვის სტილის შეცვლას არ ვაპირებ. მინდა დავარწმუნო გულშემატკივრები: არ შევიცვლები და ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე ვიბრძოლებ. მიყვარს აგრესიული სტილი იმ შემთხვევაშიც, როცა ტრასა ნელია. ბოლო ვიქნები იმათგან, ვინც მუხრუჭს დააჭერს ფეხს. სწორედ საქმისადმი ამგავარმა მიდგომამ მომცა ჩემპიონის ტიტულის მოპოვების საშუალება. წელს ვაპირებ წარმატების გამეორებას."
ლუის ჰემილტონი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ვერ შეძლებს ძველ დონეზე გასვლას. ბრიტანელის თქმით, ის არ მიიჩნევს გერმანელს თავის კონკურენტად.
"შუმახერი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია და ამ ფაქტს ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ ჩემი აზით, ის, ალბათ, ვერ მოახერხებს ძველი დონის დაბრუნებას. დრო იცვლება და მანქანაც ისეთი არ ჰყავს, როგორც ძველად. შუმახერისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მას არ მივიჩნევ ტიტულის პრეტენდენტად. თუმცა მისი წარმატება ნებისმიერ შემთხვევაში გამეხარდება", - აცხადებს ჰემილტონი.
.